იტვირთება...

ფალავანი

ნინო ხარებაშვილი

131 ნახვა
3.8
(0 რეცენზია /6 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
10
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
წიგნი მოგვითხრობს ახალგაზრდა ბიჭის ალექსანდრეს ისტორიას, რომელის მებრძოლი ხასიათი მაგალითი იქნება ადამიანებისთვის, მიუხედვად ბულინგისა,გაჭირვებისა და სახლშიც მძიმე ეკონომიური და სტრესული მდგომარეობისა იბრძვის ოცნებების ასასრულებლად ისე რომ არ უშინდება წინაღობებს.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ერთ მშვენიერ საღამოს ბაბუამ მთხოვა, მეზობელ სოფელში გადამეყვანა მანქანით, ერთ-ერთ ოჯახში წისქვილი აქვთ და სიმინდს დავაფქვევინებო, თან მონატრებულ მეგობარსაც მოინახულებდა. რა თქმა უნდა, უარი არ მითქვამს და ვერც ვეტყოდი, მაშინვე წავედით. მთელი გზა მიყვებოდა ამ ოჯახზე, როგორი კარგები იყვნენ, როგორ წარმატებული ბიჭი ჰყავთ, რამდენი იწვალა ამ წარმატებისთვის, საიდან დაიწყო და დღეს სადაა. ძალიან დამაინტერესა, ერთი სული მქონდა, მივსულიყავი და საკუთარი თვალით მენახა, სად გაიზარდა და ვინ გაზარდა. როგორც იქნა, დამთავრდა ეს უსაშველო გზა და გამოჩნდა სისადავით და სიკოხტავით გამორჩეული პატარა სახლი, რომელიც პატარა სოკოსავით გამოიყურებოდა. საბავშვო წიგნებში რომ ხატია წითელთავიანი სოკო. იმდენად ლამაზად მომეჩვენა, რომ ვერც კი შევამჩნიე გარშემო ჯარისკაცებად მდგარი უზარმაზარი სასახლეები, რომლებიც მეზობლებს ერთმანეთის შურით და ვალით აეშენებინათ. ყველგან ხომ ასეა, ორსართულიან სახლს თუ ააშენებ, მაგარი ხარ და თუ მის მოწყობას შეძლებ, ხომ საერთოდ... ხოდა აქაც, რომ გადავხედე უბანს, მართლა ერთმანეთის ჯიბრზე იყო ამხელა ბუმბერაზივით სახლები წამოჭიმული, ზოგს გამართვაც ვერ მოეხერხებინა და მხოლოდ ფარღალალა კედლები დარჩენოდა, რაც მთავარია, მეორე სართული ხომ იყო მიდგმული. აი, ეს კოხტა და ლამაზი სახლი კი თავისი უბრალოებით ყველაზე თვალის მომჭრელი იყო, სამკაულებად ქოთნის ყვავილები დაეკიდათ აივნის კუთხეებში და თითქოს სახლიც თავს იწონებდა თავისი სილამაზით. ეზოც გამორჩეული მეჩვენა, უამრავი ფერით მოკაზმული, სადაც სიმწვანე ჭარბობდა. სიმწვანის სიღრმეში კი ჰამაკი მოჩანდა, რომელშიც თეთრწვეროსანი კაცი ჩაწოლილიყო და სიგარეტს ეწეოდა, თან ზემოთ იყურებოდა თითქოს იქ რაღაც წერია და გულდასმით კითხულობსო. ბაბუამ შორიდანვე დაუძახა : - ვასიკო ! გამომხედე თუ ღმერთი გწამს, შენმა ძაღლმა ბავშვი არ შემიშინოს! მოხუცი წამოდგა, მაგრამ წელში კარგა ხანს ვერ გაიშალა, ასე მოხრილი მოგვიახლოვდა და ბაბუას გადაეხვია, -აბა რამ შეგაწუხა, ჩემო ვალოდია? რატომ გამახარე ასე უცაბედად? - თან ბედნიერებისგან სევდანარევი თვალები უციმციმებდა. -სიმინდს თუ დამიფქვავ, მადლობელი დაგრჩები, თან შენი ნახვა მინდოდა. შენი ამბავი არ გამიგია მთელი გაზაფხული. - ამ სიტყვებზე კიდევ ერთხელ გადაეხვივნენ და ნელი ნაბიჯით, ხელიხელგადახვეულები, სახლისკენ წავიდნენ. მეც ეს მინდოდა, მაინტერესებდა, რამე თუ იყო ამ ბიჭისგან დარჩენილი ამ სახლში - მედლები, დიპლომები, თასები, რასაც შეეძლო, წარმოდგენა მოეხდინა ჩემზე. ერთია, რაც გარედან ჩანდა, მაგრამ სახლი უფრო მეტად მყუდრო და სასიამოვნო შიგნით იყო. არაფერი ძვირადღირებული, მაგრამ რაც იყო, სასიამოვნო აურას ქმნიდა. მორიდებით დავიწყე სახლის თვალიერება. ეს, რა თქმა უნდა, მასპინძელს არ გამოჰპარვია, მომიახლოვდა და გამიღიმა: -აქ რასაც ხედავ, თითქმის ჩემი ხელითაა ყველაფერი გაკეთებული, მეხერხება და მიყვარს ხელსაქმე. აი, ეს თარო განსაკუთრებით მიყვარს, ამაში ჩემი ბიჭი მომეხმარა და თითქოს მის სუნს ატარებს, - ამ სიტყვებით შემიყვანა პატარა ოთახში, ზუსტად იქ, სადაც მინდოდა. კარის მოპირდაპირედ ორი ფანჯარა იყო, საიდანაც ულამაზესი მწვანე ბაღი იშლებოდა. საწოლის მარჯვენა და მარცხენა კუთხეში ტუმბოებზე განთავსებული სურათებიდან მედლით გულდამშვენებული საკმაოდ ლამაზი ყმაწვილი გვიმზერდა, საწოლის მოპირდაპირედ კი ზუსტად ის თარო იყო, რომლითაც მოხუცი თავს იწონებდა, მართლაც ხელოვნების ნიმუშს ჰგავდა. ლამაზად მოჩუქურთმებული თარო მთლიან კედელს ფარავდა, რომელიც აუარებელი თასებით მედლებით და დიპლომებით იყო სავსე, შიგადაშიგ კი გამარჯვების აღმნიშვნელი ფოტოებიც ერია. მართლა ლამაზად გამოიყურებოდა ეს ბიჭი, მაღალი, თეთრი, შავი თვალ-წარბით, მოჭიდავისთვის დამახასიათებელი მხარბეჭით. ეტყობოდა, სილამაზე გენშიც ჰქონდა, ჩვენს მასპინძელს ახლაც ეტყობოდა, როგორი ლამაზი იქნებოდა 30 წლის წინ. ახლა კი მისი სახე დიდ წვერსა და ნაოჭს დაეფარა, რომელიც პატარა ბარტყის ნაფეხურს მოგაგონებდა, თითქოს თვალის გარშემო იარა და ნაკვალევი დაუტოვაო, თუმცა ხიბლი მაინც შემორჩენოდა და ეს მის მუდმივად ამღვრეულ თვალებშიც იგრძნობოდა. ოდესღაც მისი მოხრილი ბეჭებიც არწივივით ფრთაგაშლილი იქნებოდა, მისი თეთრი თმა კუპრივით შავი იქნებოდა და დათოვლილი წარბები მერცხლის ფრთასავით გადაკალმული, მაგრამ ახლა? - ახლა უკვე დარდს და ჯავრს უფრო შთაენთქა მისი სილამაზე, ვიდრე ასაკის მატებას. ჩუმ-ჩუმად ხან სურათისკენ გავაპარებდი თვალს და ხან მოხუცს ვუმზერდი, საოცარ მსგავსებას ვამჩნევდი, მოხუცის თვალებში კი სიყვარულს, სიამაყეს მონატრებასა და დარდს ვხედავდი. მტვრის ნასახს ვერ ნახავდი ოთახში, ისეთი მოვლილი ჰქონდათ, მაგრამ ცერა თითს ისე უსვამდა სურათებს, თითქოს მტვერი შენიშნა და წმენდსო. ყველა ნივთს ისე უფრთხილდებოდა, თითქოს სულიერი არსებები იყვნენ და შიშობდა, რამე არ დამართნოდათ. -ეს თქვენი შვილიშვილია, ხომ?.. - შეპარვით ვკითხე, თან მერიდებოდა. -კი შვილო, ეს ჩემი ალექსანდრეა, ძალიან კარგი ბიჭია, სიამაყეა ჩემი, - სიყვარულით შეხედა მის სურათს და ჯერ თითი გადაუსვა ოდნავ დადებულ მტვერს, მერე კი სურათი ახლოს მომიტანა. - ნახე, აქ სულ ბავშვია, პირველი გამარჯვება აქ ვიზეიმეთ, როცა თავისზე დიდს შეახვედრეს. ისე, გულის გასახარად გაიყვანეს ტურნირზე, ეგონათ, ვერაფერს გახდება, ასაკით და წონით დიდი მეტოქეაო, მაგრამ ჩემმა ფალავანმა იპონით მოუგო და გუნდს და თავის თავს გამარჯვება მოუტანა. -მართლაც კარგი ბიჭი ჩანს, გამეღიმა მეც. -არა, შვილო, ასე ვერ გაიგებ ადამიანის ავკარგიანობას, ეს სურათში არ ჩანს. - მითხრა და სახე მოეღუშა, გაჩუმდა, რაღაცაზე დაფიქრდა.,არ მინდოდა, საუბარი შეეწყვიტა, უფრო მეტის გაგება მინდოდა, ვიდრე ეს მცირე ინფორმაცია იყო, თუნდაც საუბარი იქით წამეყვანა, საიდანაც ამ ბიჭის დიდების გზა იწყებოდა. -ბევრი იწვალა, ალბათ, აქამდე რომ მიეღწია, ამხელა წარმატება ხომ ადვილად არ მოდის, - ვთქვი და მის სახე დავაკვირდი. მინდოდა, გაეგრძელებინა საუბარი, მე ჩემსას ვცდილობდი, მაინც ... -გაინტერესებს ხომ მის შესახებ, - გაეღიმა მოხუცს და ხელით მანიშნა, გავიდეთ ოთახიდანო. -კი, მე მწერალი ვარ და საინტერესო ამბები ყოველთვის მიზიდავს. თუ ამხელა ისტორიის მატარებელია ეს ბიჭი, როგორც ჩემმა ბაბუამ თქვა, მაშინ ის ჩემი ინსპირაციის წყარო იქნება. -წამოდი, სანამ ბაბუა სიმინდს დაფქვავს, ჩვენ ვისაუბროთ,- ესე იგი, მწერალი ხარ, ეს კარგია... თუ საინტერესოდ ჩათვლი, დაე, დაიწეროს წიგნი დიდი ფალავნის ცხოვრებაზე. - ნელი ნაბიჯით წავედით ჰამაკისკენ, იქვე მდგომ ტახტზე ჩამოვსხედით და გულდასმით დაიწყო თხრობა... მე და ჩემს შვილიშვილს ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება გვქონდა ერთმანეთის მიმართ, ის მე არასდროს არაფერს მიმალავდა, მამაზე განაწყენებული ჩემთან გამორბოდა, დედა თუ მოენატრებოდა, მაშინაც... ჩემმა რძალმა ძალიან ადრე დაგვწყვიტა გული, სიმსივნით გარდაიცვალა. ჩემს შვილს ცოლის მოყვანის სურვილი აღარ გასჩენია, მთელი დარჩენილი ცხოვრება შვილთან ერთად გაატარა, ცოტა სმასაც მიჰყო ხელი. ხშირად ნასვამი მიდიოდა სახლში, მერე კი ძალიან ნანობდა, მაგრამ, როგორც თვითონ ამბობდა, დარდს ვერ უმკლავდებოდა სხვანაირად. იცოდა, ეს მის სისუსტეზე მიუთითებდა და ალექსანდრესაც ძალიან აწუხებდა, მაგრამ სხვანაირად არ შეეძლო და მორჩა. დარდი რომ შემოაწვებოდა, შეეძლო, მარტოც დაელია. როგორც იტყვიან, ჭიქის მიმჭახუნებელიც არ ჰყავდა... მოკლედ, ალექსანდრეს მივუბრუნდეთ, - დაუბრუნდა ისევ ძველ თემას ბატონი ვასიკო, - ჩემი ალექსანდრე ყოველთ ვის ძლიერი აღნაგობის იყო, ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა თანატოლებში, შეხედულებაც ხელს უწყობდა, მაგრამ ამ ვერაგ გაჭირვებას ვერაფერს ვაკლებდით. ჩემი შვილი მუშაობაზე მეტ დროს სმას უთმობდა, დარდს ვიკლავო, მეგობრებიც ჰყავდა სკოლაში, მაგრამ ხშირად ხდებოდა მისი დახეული ფეხსაცმელი ყურადღების ცენტრში. თავდაუზოგავად ვშრომობდით მე და ჩემი მეუღლე, რომ არაფერი მოჰკლებოდა, მაგრამ ხარჯი ყოველთვის დიდი იყო, შემოსავალი - ცოტა. ალექსანდრეც არასდროს ყოფილა მომთხოვნი. მისგან ვერ გაიგებდი, თუ რამე უნდოდა, არც ჩასაცმელს გვთხოვდა, არც - საჭმელს. ზბორებზე რომ მიდიოდა, ჩვენს უჩუმრად უარი უთქვამს ტრენერისთვის, ბებიას ვერ ვეტყვი, რომ თანხა დამიდოს, თქვენც არ უთხრათ, ვიცი, არა აქვს და მისი ჯანმრთელობის პატრონმა არ მინდა, კიდევ ინერვიულოსო. ისევ მასწავლებლისგან გავიგეთ ეს ამბავი, მთელი ზამთრის სარჩო სიმინდი ერთიანად გავყიდეთ, რომ ეს თანხა დაგვეფარა, მაგრამ ერთ სიცოცხლედ გვიღირდა ის სიხარული და გაოცება, რაც ალექსანდრეს თვალებში დავინახეთ... შენ თუ მისი ამბავი გაინტერესებს, აი, ეს რვეული აიღე და წაიღე, ბევრი რამის მთქმელია ეს ფურცლები. - მითხრა მოგონებით გულაჩუყებულმა და მეც მორიდებით და გულში დიდი სიხარულით ავიღე რვეული, რომელსაც აღარც ფერი და აღარც ფორმა შერჩენოდა. ბატონ ვასიკოს თეთრ წვერში ჩაეღიმა: - ეს რვეული სასიმინდეში ვიპოვე, იქ უყვარდა ბავშვობაში ყოფნა ალექსანდრეს. გული რომ მოუვიდოდა, ყველამ ვიცოდით, რომ იქ იჯდა გაბრაზებული. ეს ჩვევა დიდხანს შემორჩა, თუმცა არავინ ვიცოდით, იქ თუ დღიურს წერდა. შარშან გაზაფხულს ვიპოვე, საფრანგეთში რომ გავაცილეთ ალექსანდრე, ფიცრებს შორის გაჭედილი იყო. წაიღე, წაიკითხე და დამიბრუნე... ეს ყველაზე ძვირფასი ნივთია ჩემს დაწყევლილ ცხოვრებაში და, როგორც თვალის ჩინს, ისე ვუფრთხილდები. ძალიან ბედნიერი ვიყავი, ვიცოდი, რაღაც ძალიან საინტერესოს შევეჭიდე. ყოველი წამი საუკუნედ მეჩვენებოდა, დრო ძალიან იწელებოდა, ერთი სული მქონდა, სახლში მივსულიყავით, რომ ჩემი საქმე დამეწყო და როგორც იქნა, ეს დროც დადგა. საკმაოდ გვიან მივედით სახლში, მაგრამ გათენებას ვერ დაველოდებოდი, მაშინვე კითხვას შევუდექი.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-506-91-8
სათაური:
ფალავანი
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2024
გვერდები:
144
კატეგორია:
პროზა
ნახვები:
131
რეიტინგი:
3,8
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(6) რეცენზია
3.8
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [3]
  • 4
    [1]
  • 3
    [0]
  • 2
    [2]
  • 1
    [0]