წინასიტყვაობა რორი საზერლენდი - Ogilvy & Mather-ის გლობალური ქსელის ვიცე-თავმჯდომარე, ლექტორი, მწერალი და გამორჩეული სპიკერი - თანამედროვე სარეკლამო ინდუსტრიის ვარსკვლავი და ერთ-ერთი ყველაზე ნათელი გონების პატრონია მათ შორის, ვისაც შევხვედრივარ.
ის 1980-იანი წლების ბოლოს შეუერთდა Ogilvy-ს და, როგორც კოპირაიტერსა და კრეატიულ დირექტორს, ძალზე წარმატებული შემოქმედებითი კარიერა ჰქონდა. თუმცა განსაკუთრებული კვალი ინდუსტრიას მას შემდეგ დაატყო, რაც 2012 წელს, Ogilvy-ს ქოლგის ქვეშ დააფუძნა ქცევითი მეცნიერებების განყოფილება, რომელიც მომხმარებლების ქცევასა და მოტივაციას ფსიქოლოგიური და ეკონომიკური მოდელების კონტექსტში იკვლევს.
წიგნი, რომელიც ამწუთას ხელში გიჭირავთ, სწორედ ამგვარ მოგზაურობას გთავაზობთ - ჩვენი სამომხმარებლო გადაწყვეტილებების ირაციონალურ და ქვეცნობიერ საწყისებში, რომლებსაც თითქოს სრულიად სტანდარტიზებულ, წესებით და გამოთვლებით გაჯერებულ სამყაროში ვიღებთ.
აქ შევხვდებით ძალიან ბევრ საინტერესო კითხვას თუ პერსპექტივას, ზოგჯერ პასუხგაუცემელსა და ამოუხსნელს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანს - იმისთვის, რომ აღვიქვათ, თუ რამხელა გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებასა და ყოველდღიურ გადაწყვეტილებებზე ლოგიკისა და რაციონალური ჩარჩოების მიღმა მიმდინარე, დიდწილად სრულიად გამოუკვლევი პროცესები.
ჩვენს ქვეყანაში ასეთ თემებზე ძალიან ცოტაა ნაფიქრიც და ნამუშევარიც, ამიტომ ძალიან სასიხარულოა, რომ საშუალება მოგვეცა ეს სრულიად უნიკალური წიგნი ქართულად გამოგვეცა.
ვფიქრობ, მისგან მიღებული ინსპირაცია საინტერესოდ და, რაც მთავარია, ეფექტურად აისახება იმ მკითხველების ყოველდღიურ საქმიანობაზე, რომლებიც თავს სხვადასხვა სახის შემოქმედებითი თუ მარკეტინგული პრობლემების გადაჭრას უძღვნიან.
ვატო ქავთარაძე
საკომუნიკაციო კომპანია Windfor's-ის დამფუძნებელი