შერისხული ვართბურგში გადაწყვეტილება მიიღეს. ვორმსის ძველ ხელისუფლებაში განხეთქილება მოხდა. უკანასკნელი ცდა, ლუთერი აეძულებინათ, დამორჩილებულიყო, მარცხით დასრულდა. განხეთქილების ჟამი დადგა. სახარებას სხვადასხვაგვარად აღიქვამდნენ. ზოგი ძველი რომის ეკლესიასთან ერთად ყოველგვარი სიახლის წინააღმდეგ გამოდიოდა, ზოგი კი მხარს უჭერდა იმ ადამიანს, რომელიც უარყოფდა ამ ეკლესიას, რადგან სურდა, მხოლოდ საღვთო წერილს დამორჩილებოდა.
ვორმსისთვის ეს მნიშვნელოვანი დღეები დასრულდა. ლუთერი აუჩქარებლად ბრუნდებოდა შინ. გადაკვეთა ჰესენი, შევიდა თიურინგიაში, მოინახულა მიორში თავისი ნათესავები, შემდეგ კი გოთის გავლით გზის გაგრძელებას აპირებდა, მაგრამ ტყეში, აიზენახის მახლობლად, თავს დაესხნენ. კვალის არევის მიზნით დიდხანს ატარებდნენ დაბურულ ტყეში და უკვე შებინდებისას მიიყვანეს ვართბურგში, კურფიურსტ ფრიდრიხ ბრძენის ციხესიმაგრეში(1). იქ იგი გულთბილად მიიღო კომენდანტმა, დაუთმო თავისთან ორი ზედა ოთახი. დაიწყო მისი კარჩაკეტილი ცხოვრება, ის მხოლოდ ტყით მოსილ მთებს ხედავდა, ესმოდა ჩიტების ჭიკჭიკი.
ამასობაში, 1521 წლის 8 მაისს, ზუსტად იმ დღეს, როცა იმპერატორმა და პაპმა საფრანგეთის წინააღმდეგ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, ალეანდერმა ვორმსში იმპერატორს ედიქტის პროექტი წარუდგინა, რომლითაც ლუთერი იმპერიაში შერისხულად უნდა გამოეცხადებინათ. გაუბედავი, ინტრიგანი პაპი ლევ ხ დიდხანს ეწინააღმდეგებოდა ამას, მაგრამ ბოლოს და ბოლოს პაპის ტერიტორიაზე საერო მბრძანებლობის შენარჩუნების მიზნით ეს ნაბიჯი გადადგა. 25 მაისს იმპერატორმა ხელი მოაწერა იმ ედიქტს, რომელმაც ლუთერსა და მის მომხრეებს იმპერიაში შერისხვა დაატეხა თავს. ამ ედიქტის თანახმად, ლუთერისათვის, როგორც ეკლესიისაგან შერისხული წევრისათვის, ეკლესიის ერთიანობის დამანგრევლისათვის, აშკარა ერეტიკოსისათვის არავის უნდა მიეცა თავშესაფარი, არც - საჭმელი, არც არანაირი დახმარება არ უნდა გაეწია. ყველა, ვინც დააბეზღებდა ან დააკავებდა მის მომხრეს, მიიღებდა მათ ქონებას. მისი წიგნების დაბეჭდვა და გაყიდვა აკრძალეს. ყოველი წიგნი, რომელიც რწმენის საკითხს ეხებოდა, გაივლიდა ცენზურას, რომელიც უნდა განეხორციელებინა ეპისკოპოსს და უნივერსიტეტებს.
ალეანდერმა ედიქტი დაათარიღა იმ რიცხვით, როცა პროექტი იქნა მომზადებული. ფმაგრამ ფაქტობრივად ედიქტს არ გასცნობია რაიხსტაგის ყველა მონაწილე. ედიქტის ხელმოწერის დროს პფალცისა და საქსონიის კურფიურსტებმა დატოვეს ვორმსი. რაიხსტაგი დახურეს. მაშასადამე, მას არანაირი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, იმპერატორის რეზიდენციაში, ეპისკოპოსის სასახლეში შეკრიბეს ის საიმპერიო მოხელეები, რომელთა მხარდაჭერის იმედიც მათ ჰქონდათ, მაგრამ ედიქტის შინაარსით ისინიც შეცბუნებულები იყვნენ. ბრანდენბურგის კურფიურსტმა მონაწილეთა სახელით მაინც მოიწონა ედიქტი, რომელიც ვითომდა იმპერიის მოხელეების აზრსა და გადაწყვეტილებას გამოხატავდა და აუცილებლად უნდა შესრულებულიყო. ასე მიიღეს ედიქტი და გამოაცხადეს მისი უფლებამოსილება.
მაგრამ ალეანდერის სიხარული ედიქტის შესრულებასთან დაკავშირებით ამაო გამოდგა. ნიდერლანდებში, ქალაქების ბაზრის მოედნებზე აბრიალდა ლუთერის წიგნთა კოცონები. მათ დანახვაზე იმპერატორი, რომელიც ვორმსიდან თავის სამემკვიდრო მამულში ბრუნდებოდა, კმაყოფილებით გესლიანად იცინოდა. მაგრამ გერმანიაში ბევრ დიდებულს ან არ შეეძლო, ან არ უნდოდა ცხოვრებაში ედიქტის გატარება.
შემდგომ 1521 წლის ზაფხულში იმპერიის ომი საფრანგეთთან განახლდა. ამ სიტუაციაში იმპერატორს ლუთერისათვის არ ეცალა. იმპერატორის გერმანიაში ხანგრძლივი არყოფნის გამო ქვეყანაში მისი გავლენა შესუსტდა, რადგან თავადები იძულებული იყვნენ ანგარიში გაეწიათ იმისათვის, რომ მათი ქვეშევრდომები ლუთერის სახით ხედავდნენ ადამიანს, რომელიც გერმანიაში გაბატონებულ განწყობილებას გამოხატავდა. იმ დროს, როცა შერისხულ ლუთერს განმარტოებულ ადგილას მალავდნენ, სასწაული მოხდა: მისი მოძღვრება სწრაფად დაინერგა ხალხის შეგნებაში. ღვთის სიტყვა რეფორმატორის არაუშუალო მონაწილეობით ვრცელდებოდა. ჩნდებოდა სულ ახალ-ახალი ფურცლები, საბეჭდი მანქანები ძლივს ართმევდა თავს წიგნების ნაკადს. ეკლესიის კათედრიდან სულ უფრო და უფრო ხშირად ქადაგებდნენ ახალ შეხედულებებს სახარებაზე, რატუშებსა და სახელოსნოებში, მოქალაქეებისა თუ გლეხების სახლებში იხილავდნენ ახალ მოძღვრებას. ამ ნაწარმოებების ბეჭდვას ახორციელებდა არცთუ ისე დიდი ხნის წარმოშობილი გრავიურული ხელოვნება. ალბათ გერმანია არასოდეს ყოფილა ასე ერთიანი თავის დიდი საქმისადმი მსახურებაში, როგორც რეფორმაციის გაზაფხულზე.
ამ დროს ლუთერი ვართბურგში მარტოობისაგან იტანჯებოდა. მისი იქ ყოფნა ხომ დროებითი გარიდება არ იყო იმ საქმეთაგან, რომლებიც აშკარად სიხარულს ანიჭებდა. ის სულიერადაც იტანჯებოდა და ფიზიკურადაც ვერ გრძნობდა თავს კარგად. ბბუასილი დაყყაბზობა აწუხებდა. მოსვენებას არ აძლევდა იმაზე ფიქრი, რაც იმჟამად გერმანიაში ხდებოდა. ერთხელ ლუთერი, რომელსაც ციხესიმაგრის ბინადარნი აზნაურ იორგად იცნობდნენ, ციხესიმაგრის რაინდებთან ერთად სანადიროდ წავიდა. კურდღელი, რომელიც ძაღლებისაგან გამოიქცა, უცბად მას ტანსაცმლის ქვეშ შეუძვრა, მაგრამ ავმა ძაღლებმა მაინც დაიჭირეს და დაგლიჯეს. გააფთრებული ძაღლები ლუთერს სატანისა და პაპის აჩრდილებად მოეჩვენა, რომლებიც ასევე ღუპავენ ქრისტიანთა უკვე გადარჩენილ სულებს. ის თავს საყვედურობდა თავისი უნიათობისა და ლოცვების არასაკმარისი გულითადობის გამო. აინტერესებდა, როგორ იკითხებოდა ვიტენბერგში, მის დაობლებულ მრევლში, ქადაგებები. რცხვენოდა თავისი ხასიათის სიმტკიცის, რაც საშუალებას არ აძლევდა, ხშირად ეტირა თავისი