წინასიტყვაობა "არქიპელაგი გულაგი" ჩემი ქვეყანაა.
მე იქ ათი წელი ვიცხოვრე" –
ნუცა ღოღობერიძე
ნუცა ღოღობერიძე – ერთ-ერთი მილიონთა შორის, რომელსაც მრისხანე ეპოქის ყველა ქარტეხილი დაატყდა თავს.
6 წლისა იყო, როცა მამამ თავისი მრავალრიცხოვანი შვილები საინგილოდან თბილისში წამოიყვანა სხვადასხვა სასწავლებელში გასამწესებლად. ურმების ქარავნით მოდიოდნენ, გზაზე ბათლომე ქარავანს დაუვლიდა ხოლმე შვილების დასახედად. ერთ-ერთ ჩამოვლაზე, ბოლო ურემი ცარიელი დაუხვდა, სირბილით აუყვა გზას უკან და პატარა ხალიჩით ურმიდან ჩამოცურებული და უკაცრიელ შარაგზაზე, შუაღამისას, მშვიდად მძინარე ნუცა იპოვა. ალბათ, ამგვარი უცნაური შემთხვევით, თუ გადარჩენით დაიწყო ნუცას ცხოვრების მშფოთვარე და ტრაგიკული თავგადასავალი.
პატარა ინგილო გოგომ წარჩინებით დაამთავრა თბილისის გიმნაზია, ისწავლა – როგორღაც, უმთავრესად თვითონ, რუსული, გერმანული და ფრანგული ენები (ისე, რომ შეძლო გერმანიაში სწავლა და ფრანგული ლიტერატურის თარგმნა), შევიდა თბილისის უნივერსიტეტში, ფილოსოფიურ ფაკულტეტზე, მერე იმავე განხრით დაამთავრა უნივერსიტეტი გერმანიაში, იენაში.
25 წლისა გახდა პირველი რეჟისორი ქალი საქართველოში და მხატვრული ფილმის პირველი დამდგმელი ქალი საბჭოთა კავშირში.
გადასახლებიდან დაბრუნების მერე შეძლო განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულის ერთ-ერთი შემდგენელი გამხდარიყო.
იმ, "პირველ" ცხოვრებაში, გადასახლებამდე, ნეფერტიტის ეძახდნენ, დიდი, მოგრძო თვალების, სწორი ცხვირისა და ეგვიპტური პროფილის გამო.
ბევრს უყვარდა, მათ შორის, ერთგულად და თავგანწირვით – გერონტი ქიქოძეს, დოვჟენკოს. მან კი, საბედისწეროდ, რევოლუციური იდეებით შთაგონებული ახალგაზრდა კაცი აირჩია ცხოვრების მეგზურად.
პოეზია მისი უდიდესი გატაცება იყო, პოეტები – პაოლო, ტიციანი – უახლოესი მეგობრები და თითქმის ყოველდღიური სტუმრები. დღემდე შემოგვრჩა ტიციანის ლექსების კრებული ასეთი წარწერით: "ნუცას, ჩემს მუდმივ კრიტიკოსს, ულმობელს". მე კი ახლაც ყურში ჩამესმის დედას ჩუმი, დაბალი ხმით ნათქვამი: "ზღვა იყო მაშინ ისეთი წყნარი, რომ არც კი მახსოვს, იყო თუ არა..."
სიკვდილის სარეცელს მიჯაჭვული, როცა იცოდა, რომ სიცოცხლის რამდენიმე დღე ჰქონდა დარჩენილი, ისეთი სითბოთი ხვდებოდა ყველას, ვინც მოდიოდა, ისე უხაროდა რომელიმე ჩემი მეგობრის ახალი კაბა, ისე ერთვებოდა საუბარში, თითქოს რამდენიმე წუთის წინ აუტანელი ტკივილი ნემსით არ ჰქონდა გაყუჩებული. სიკვდილის დღეს ხელი ხელზე დამადო და ღიმილით, რომლითაც ტკივილს მალავდა, მითხრა: ნუ დარდობ, ჩემო კარგო. ეს ისეთი კანონზომიერია... მთავარია, რომ მე ასეთი მშვენიერი ბოლო წლები გავატარე შენთან ერთად.
როგორც კვალი ამ ერთი სიცოცხლისა, დარჩა რამდენიმე ფოტო, იმ სილამაზის ამსახველი, სამი ფილმი და რამდენიმე მოთხრობა, შუაგულ რუსეთსა და იმიერპოლარეთში გადასროლილი "ჩესეირის" კაცთმოყვარე სულის ამოძახილი.
* * *
ნუცა ხუციშვილი-ღოღობერიძე საინგილოს სოფელ კახში დაიბადა, 1903 წელს. მისი მამა იყო ბათლომე ხუციშვილი, "ცნობილი მთელს მაზრაში როგორც მეგვარტომეთა ჭირისუფალი, მოენე და დამცველი. იგი განთქმულია საპედაგოგიო მწერლობაშიაც" (1911 წელს ექვთიმე თაყაიშვილის რედაქტორობით გამოცემული "ძველი საქართველო").
ბათლომეს ჯერ ზაქათალას სამოქალაქო სასწავლებელი დაუმთავრებია პირველი მოსწავლის სახელით, შემდეგ გორის სამასწავლებო სემინარია, სადაც იმავე წლებში ვაჟა-ფშაველა სწავლობდა (ოჯახური გადმოცემით, ვაჟა და ბათლომე ერთ ოთახში ცხოვრობდნენ და უახლოესი მეგობრები იყვნენ).
"სახალხო განათლების" ქართველ მოღვაწეებში ვკითხულობთ: "საუცხოო დარწმუნების ნიჭი ჰქონია ბათლომეს, გასაოცარი მჭერმეტყველი იყოო, ამბობენ მისი თანამედროვე ინგილოები. ნამდვილი მამა იყო ბათლომე სოფლისთვის. არზუმ ბიზასთან (ასე ეძახდნენ მას ლეკები და მუღალები) მთელი სოფლის მოსახლეობა მოდიოდა რჩევა დარიგებისთვის, რაიმე დავის გამოსარკვევად, საჩივრის არზის დასაწერად. მოდიოდნენ ახლომახლო სოფლებიდანაც, არა მარტო ინგილოები, არამედ ლეკებიც და მუღალებიც. ბევრი დავა და უთანხმოება ჩაუქვრია მას, ბევრჯერ აუცილებია სოფლისათვის აწიოკება გამძვინვარებული ლეკებისაგან". ერთხელ თავით ფეხებამდე შეიარაღებული ორმოციოდე ინგილო მოადგა ბათლომეს და სთხოვეს ლეკებთან გაჰყოლოდა საქმის გასარჩევად. ბათლომემ ინგილოები შინ შეიპატიჟა, დარწმუნების გზით შერიგებაზე დაითანხმა და იარაღიც დაატოვებინა. მერე ლეკების დაშოშმინებაც მოახერხა და ასე, მოლაპარაკებით, ანუ დღევანდელი ენით რომ ვთქვათ, პოლიტიკური მეთოდებით შეძლო საშიში შუღლის ჩაქრობა.
ბათლომე მათემატიკის საუკეთესო მასწავლებლად ითვლებოდა, მისი შედგენილი სახელმძღვანელოები წლების განმავლობაში მთელი ამიერკავკასიის სკოლებში იხმარებოდა. ის რუსულის შესანიშნავი მცოდნეც იყო.
იმავე წიგნში აღმოვაჩინე უაღრესად საინტერესო ფაქტი: ბათლომემ კახში დრამატული წრე ჩამოაყალიბა, რომელიც სულ მოკლე დროში დიდად პოპულარული გამხდარა და მაშინ ბათლომემ ასეთი წესი დაადგინა: წარმოდგენებზე შემოსულ ფულს ღარიბ ინგილო სტუდენტებს უგზავნიდა, რომლებიც საქართველოსა და რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში სწავლობდნენ.
კიდევ ერთი საინტერესო შტრიხი: იმდროინდელი არქაული ადათების მიმდევარ საინგილოში ბათლომე – დღევანდელი გადასახედიდან – ნამდვილი ფემინისტი ყოფილა, ანუ მთელი სიცოცხლე იბრძოდა იმისათვის, რომ გოგო ოჯახში ისეთივე შვილად ჩაეთვალათ, როგორც ბიჭი – მიეცათ ქალისთვის სუფრასთან ჯდომის, აზრის გამოთქმის და, რაც მთავარია, განათლების