შ ე ს ა ვ ა ლ ი განსახილველი თემაა სისხლის სამართლის პროცესის მთავარი ფიგურის, პროკურორის, ისეთი დისკრეციული უფლებამოსილება, როგორიც არის სახელმწიფო ბრალდებაზე უარის თქმა, და მისი სამართლებრივი შედეგები. ეს საკითხი ქართული სამეცნიერო წრეების მიერ ჯეროვნად შესწავლილი არ არის და პრობლემურია, რაც იმას გულისხმობს, რომ საკვლევი თემის მიმართ ერთიანი მიდგომა ჩამოყალიბებული არ არის. წარმოდგენილ ნაშრომში ამ საკითხის სიღრმისეულად წარმოჩენა თავისთავად განაპირობებს აღნიშნულ თემაზე დისკუსიის დაწყებას და მოცემული საკითხით თეორეტიკოსების, აგრეთვე პრაქტიკულად მომუშავეთა დაინტერესებას.
სამეცნიერო ნაშრომის აქტუალურობას განსაზღვრავს არა მარტო სამეცნიერო წრეებისა და პრაქტიკულად მომუშავე იურისტების, არამედ საზოგადოების ფართო მასების მზარდი ინტერესი მიმდინარე ან უკვე დასრულებული სისხლის სამართლის საქმეების მიმართ. ფაქტია, რომ კონკრეტულ გახმაურებულ (მათ შორის, მიმდინარე) სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით კითხვების გაჩენა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მათზე დისკუსიების თუ დებატების მოწყობა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ამ პროცესში ცენტრალური ადგილი უკავია დაწყებული ან შეწყვეტილი სისხლისსამართლებრივი დევნის, პროკურორის მიერ მიღებული ან/და მიუღებელი გადაწყვეტილებების, სახელმწიფო ბრალდების განხორციელებისა და მასზე უარის თქმის საკითხებს.
აღნიშნული საკითხების შესწავლა მნიშვნელოვანია, რათა პასუხი გაეცეს სამართლის სფეროსა და საზოგადოებაში ხშირად დასმულ კითხვებს: მიუკერძოებელია თუ არა პროკურორი სახელმწიფო ბრალდების განხორციელების პროცესში? მართებულია თუ არა უფლებამოსილება, რომელიც პროკურორს აძლევს ექსკლუზიურ უფლებას, შინაგანი რწმენის საფუძველზე მიიღოს სახელმწიფო ბრალდებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება იმ პირობებში, როდესაც დასრულებულია გამოძიება, შეკრებილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, ბრალდებულის მიმართ გამოყენებულია იძულებითი ხასიათის ღონისძიებები და საქმეს სასამართლო განიხილავს? იჭრება თუ არა პროკურორი მოსამართლის უფლებამოსილებაში და ნიშნავს თუ არა სახელმწიფო ბრალდებაზე უარის თქმა მართლმსაჯულების განხორციელებას? პროკურორის მიერ სახელმწიფო ბრალდებაზე უარის თქმა გამოძიების შეცდომით, მიკერძოებული, ცალმხრივი და არაობიექტური გამოძიებით არის გამოწვეული თუ სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს ემყარება? სახელმწიფო ბრალდების განხორციელებაზე პროკურორის უარი ბრალდების მხარის მარცხს გულისხმობს თუ მას ისე უნდა შევხედოთ, როგორც მართლმსაჯულების განუყოფელ და აუცილებელ ნაწილს და ადამიანის უფლებების გარანტს? რა სამართლებრივი შედეგები დადგება იმ შემთხვევაში, როდესაც პროკურორი უარს აცხადებს სახელმწიფო ბრალდებაზე? როგორია ბრალდებულის უფლებები, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებაა გამოყენებული? სარგებლობს თუ არა იგი გამართლებულის საპროცესო სტატუსითა და გარანტიებით? შესაბამისად, ილახება თუ არა პირის, როგორც ბრალდებულის, უფლება, სარგებლობდეს სამართლიანი სასამართლოს უფლებით? ილახება თუ არა დაზარალებულის უფლებები? უნდა დადგეს თუ არა კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი ბრალდებულის მიმართ იძულებითი ხასიათის ღონისძიებების, პატიმრობის თუ სხვა სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, მის ქონებაზე ყადაღის დადებისა და მისთვის მორალური ზიანის მიყენების, დაზარალებულის კანონიერი ინტერესების საკითხის ღიად დატოვებისა და თუნდაც სახელმწიფოს მიერ ადამიანური და ფინანსური რესურსების გაღების ნაწილში? და ბოლოს, რა ბედი ეწევა თავად დანაშაულებრივი ქმედების ფაქტს იმ პირობებში, როდესაც პრაქტიკულად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების ფორმალურ საფუძველს არ იძლევა? აუცილებელია, დასმულ კითხვებს მეცნიერულად დასაბუთებული და ამომწურავი პასუხი გაეცეს, რაც სამეცნიერო ნაშრომის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული საკითხის სიღრმისეული შესწავლით შევეცდებით სისხლის სამართლის პროცესის განსახილველი დებულებებისა და საკვლევ თემასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის კონკრეტული ნორმების მიმართ ერთგვაროვანი მიდგომა ჩამოვაყალიბოთ, რათა აღმოიფხვრას ის აზრთა სხვადასხვაობა, რომელიც ხშირად იჩენს თავს.
კვლევისას გამოყენებულია ისტორიული, ფორმალურ-ლოგიკური, აღწერითი (სინქრონული), დოგმატური, შედარებით-სამართლებრივი, სოციოლოგიური და სხვა მეთოდები.