სხვა წიგნებივით ამ წიგნსაც თავისი ბედი აქვს – იგი შეცდომით დაიბადა. ძველი ბერძენი რეფორმატორისა და პოეტის, სოლონის ერთი ელეგიის მიხედვით, ადამიანის ცხოვრება შვიდწლიანი პერიოდებისგან შედგება (პირველ შვიდ წელიწადში ბავშვი კბილებს მოიცვლის, მეორეში სიმწიფეს აღწევს, მესამეში წვერი ამოუვა, მეოთხეში აყვავდება, მეხუთეში ოჯახს ქმნის, მეექვსეში საქმეს სერიოზულად ეკიდება, მეშვიდესა და მერვეში სრულყოფილია, მეცხრეში დასუსტება იწყება, მეათეში კი უდროო აღარ იქნება მისი სიკვდილი). საკმაოდ ბევრი რამ გადამხდენია, მაგრამ საკუთარ თავზე დაკვირვებამ დამარწმუნა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე მეხუთე შვიდწლეულს – დაპატიმრების ოთხწლიან მოლოდინსა და თავისუფლების სამწლიან აღკვეთას მოუხდენია. ეს გავლენა იმდენად დიდია, რომ საკმარისია, ვინმე ახალი ადამიანი გავიცნო, ქართველი იქნება ეს თუ უცხოელი, რამდენიმე სიტყვის შემდეგ აუცილებლად ავუხსნი, რომ ოდესღაც პოლიტიკური პატიმარი ვიყავი. ახალგაცნობილ კაცთან ჩემი ნებისმიერი საუბარი გარდაუვალი აუცილებლობით შეუხვევს ამ თემისკენ. შინაგანად ვეწინააღმდეგები საკუთარ თავს. არ მომწონს ეს ამბავი: რაღაც ძალიან მარტივი კაცი გამოვდივარ. ჩემი მოქმედების პროგნოზირება და გამოცნობა უიოლესი საქმე ხდება. ვეუბნები საკუთარ თავს, არ არის საჭირო ამდენი ლაპარაკი კაგებეზე, გულაგზე, ციხესა და უბედურებაზე, ილაპარაკე ძველ საბერძნეთზე, ჰომეროსზე, არისტოფანეზე, რუსთაველზე, ბარათაშვილზე, გალაკტიონზე, ფეხბურთზე, პელეზე, გარინჩაზე, რონალდოზე, კომპიუტერზე, ვინდოუსზე, მაკინტოშზე, აიფონზე, დიეტაზე, ცილებზე, ატკინსზე, ნახშირწყლებზე, არასამთავრობო სექტორზე, ფონდებზე, განათლებაზე, ისტორიაზე, პოლიტიკაზე, ილიას მკვლელობაზე, ქართველობაზე, მოგზაურობაზე, ბრაზილიაზე, რაზეც გინდა ილაპარაკე, ლაპარაკი კი იცი, რას გადაეკიდე ამ ციხეს, ამ ბარაშევოს, ამ დუბრავლაგს, ოცდაათი წლის წინანდელ პატიმრობას?!