წიგნიერების ევოლუცია ლიტერატურა თავისთავად დიდი და მაღალი ღირებულებაა და დამატებითი ახსნა, თუ რას იძლევა, რას გვჩუქნის ის, თითქოს არ სჭირდება, თუმცა ლიტერატურის ავტორიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ბავშვები და მოზარდები სვამენ, მათი აზრით, სამართლიან შეკითხვებს – რატომ უნდა წავიკითხოთ? რა იქნება, თუ არ წავიკითხავთ? ბავშვები ძალიან უფრთხილდებიან თავიანთ რესურსს, ძვირფას დროს, რომელიც უშურველად შეიძლება დახარჯონ კომპიუტერულ თამაშებზე, სხვა გასართობზე, ოღონდ არა კითხვაზე. მათ გაუჩნდათ შეკითხვა, უფროსები კი მზად არ აღმოჩნდნენ პასუხის გასაცემად.
პასუხი – წაიკითხე წიგნები და წარმატებული იქნები, ფარისევლობის ელემენტებს ატარებს, იმიტომ რომ საქართველოში არაერთმა ადამიანმა მიაღწია წარმატებას (დღევანდელი გაგებით) ისე, რომ არაფერი წაუკითხავს. ზოგიერთი ამით ტრაბახობდა კიდეც. ეს ტრაბახი ჩვენთვის ჯერ კიდევ კლასიკური ქართული ლიტერატურიდანაა ცნობილი. ლუარსაბი ამბობდა: "მე თუ წიგნი არ წამიკითხავს, ფერი მაკლია თუ ხორცი?!", "წიგნი რა კაცის საქმეა" და ა. შ.
მოკლედ, დადგა დრო, როდესაც შეკითხვებს – რაში გვჭირდება ლიტერატურა და რას იძლევა ის – აღმოაჩნდა საფუძველი და მას პასუხი სჭირდება.
ყოველთვის არსებობდა ხალხი, რომელიც კითხულობდა და პირიქით, არსებობდნენ ისეთებიც, რომლებიც არაფერს კითხულობდნენ. ამ უკანასკნელებს, მათ შორის სტუდენტებსა და პროფესორებსაც კი, რომლებმაც ფაქტობრივად არაფერი იციან, დღესაც შეხვდებით.
ნორმალურ ვითარებაში უწიგნური კაცი იოლად ცხოვრობს. უწიგნური კაცის ქვეყანას განვითარებული ქვეყანა ჰქვია. ჩვენ ამის ფუფუნება არა გვაქვს. დიახ, ადამიანი შეიძლება უწიგნური იყოს ამერიკის რომელიმე შტატში, იმიტომ რომ იქ შრომის მაღალი კულტურაა, რითაც ამის კომპენსირებას მოახერხებს. თუმცა გაუნათლებელი ადამიანი ბევრს ვერაფერს მიაღწევს.
მხატვრული ლიტერატურა იძლევა სპეციფიკურ განათლებას, არა მარტო ესთეტიკურს, არამედ შემოქმედებით განათლებასაც, ანუ გვაძლევს წარმოსახვის საშუალებას. წარმოსახვას ვერც ერთი სხვა დარგი ისე მძაფრად ვერ ავითარებს, როგორც ლიტერატურა. მხატვრული, გამოგონილი სამყარო, გაცილებით უფრო ნამდვილია, ვიდრე ცხოვრება. ეს ჯერ კიდევ არისტოტელემ აღმოაჩინა, რომელმაც თქვა, რომ ლიტერატურაში მოვლენები ხდება აუცილებლობით ან მაღალი ალბათობით, ხოლო ცხოვრებაში კი – შემთხვევითობით. თუკი ცხოვრებას აღწერ ისეთს, როგორიც არის, დამაჯერებელი არ იქნება. ცხოვრება არ არის დამაჯერებელი, ცხოვრებით ვერავინ ვერაფერს სწავლობს. ერთ-ერთი უძველესი ერი ვართ, დიდად დაბრძენებულები უნდა ვიყოთ, თუმცა, სამწუხაროდ, ამის ნიშნები მაინცდამაინც არ გვეტყობა.
ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი უწიგნურია, ამ სიტყვის პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით. პირდაპირ მნიშვნელობაში ვგულისხმობ, რომ წიგნი ხელში არ უჭირავს, ირიბ მნიშვნელობაში კი ფაქტს – საკმაოდ ღრმად არიან დარწმუნებული, რომ იციან, ვინ არის მტყუანი, ვინ დამნაშავე... როცა ადამიანი დარწმუნებულია, რომ ეს იცის, ნათელია – იგი გაუნათლებელი, ბნელია. შეუძლებელია განათლებულმა და მხატვრულ ლიტერატურაზე გაზრდილმა ადამიანმა ზუსტად იცოდეს, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. მას უნდა ჰქონდეს მთავარი ინტელექტუალური ღირებულება – ეჭვი, სკეფსისი, კითხვები. ხოლო, როცა კაცმა მყარად იცის, რომ A არის A და B არის B, ჩვენ წინაშეა მასტოდონტი, გარკვეული გაგებით ურჩხული, დრაკონი. მან იცის, რომ ადამიანი უნდა იყოს ქართველი – არ შეიძლება ადამიანი იყოს სომეხი; ქართველი ადამიანი უნდა იყოს მართლმადიდებელი – არ შეიძლება ქართველი ადამიანი იყოს კათოლიკე, კრიშნაიდი ხომ საერთოდ! იმაზე არაფერს ვიტყვით, რომ "სწორი" ორიენტაცია უნდა ჰქონდეს. აუცილებლად უნდა იყოს მეოჯახე, მისთვის დაუოჯახებლობაც კი სერიოზული ცოდვაა, უშვილობაზე დიდი უბედურება კი არ არსებობს. მოკლედ გამოდის, რომ გალაკტიონმა, ილია ჭავჭავაძემ, ნიკოლოზ ბარათაშვილმა და შესაძლოა შოთა რუსთაველმაც ტყუილად გააცდინეს დრო დედამიწაზე.
ისეთი ხალხიც ვიცი, რომელიც კითხულობს, თუმცა აზრი არ ან ვერ გამოაქვს. ეს ადამიანები იბნევიან, როგორც კი ცხოვრებაში პირობითობას წააწყდებიან. თუ გახსოვთ, მარტინ იდენი იმის გამო ღელავდა, რომ ოპერაში ასაკოვან და ჭარბწონიან ადამიანებს შეხვდა, არა ისეთებს, როგორებიც "უნდა" ყოფილიყვნენ.
რა თქმა უნდა, მხატვრული ლიტერატურის გარეშე შეიძლება ცხოვრება, წარმატების მიღწევაც, მაგრამ მხატვრული ლიტერატურის საფუძვლის გარეშე თითოეული წარუმატებლობა ადამიანისთვის კრახის ტოლფასია.
ჩვეულებრივ, ადამიანისთვის წარუმატებლობა დაახლოებით იმას ჰგავს, გამარჯვება და დამარცხება და-ძმანი რომ არიან – ხან გაიმარჯვებ, ხან დამარცხდები. უწიგნური ადამიანისთვის, მხატვრულად უვარჯიშებელი გონებისთვის, პირველივე წაფორხილება უკანასკნელი შეიძლება აღმოჩნდეს, მან შეიძლება წარმოიდგინოს, რომ სამყარო თავზე დაექცა.
საკმაოდ ხშირად ლიტერატურას მომხმარებლის კუთხიდან ვუდგებით, ანუ ვცდილობთ, რომ ის ცოტა, რაც წაგვიკითხავს, რაც შეიძლება ძვირად გავასაღოთ. ასეთ ადამიანებს იოლად იცნობთ, ისინი მუდმივად ციტირებენ. მათ ჰგონიათ, რომ ლიტერატურაში მთავარია "დაასტუკო", ანუ ადგილზე მიხვიდე და თქვა – მე აქ ვიყავიო. ეს ის ხალხია, რომელიც ათენში აკროპოლისზე წარწერის გაკეთებას შეეცდება, რომ პირობითად – "აქ