შესავალი ყოველთვის მაკვირვებდა ქართული ცნობიერების ერთი თავისებურება, რომლის მიხედვითაც, ჩვენი ხალხის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ისტორია ქრისტიანობასთან ერთად იწყება, ხოლო ის, რაც მანამდე იყო, სულაც არაა მნიშვნელოვანი. ალბათ ამ თავისებურების გამოძახილია ბევრი რამ, მათ შორის ისიც, რომ ჩვენ ძალიან ცუდად ვიცნობთ საკუთარ თავს მსოფლიო ლიტერატურაში. ასეთი უცნაურობა არსად მინახავს. ეს წარმოუდგენელია! მით უმეტეს, ქართველები ამაყი ხალხი ვართ, ტრაბახიც გვიყვარს, მაგრამ სადაც სატრაბახო გვაქვს, იმ სფეროს უბრალოდ არ ვიცნობთ! საქართველოში თითქმის არავის აქვს წარმოდგენა იმაზე, თუ რა კვალი დავტოვეთ მსოფლიო ლიტერატურაში.
მძიმე ამბავია, მით უფრო, რომ დაღარულია ჩვენი ნაკვალევით ანტიკურობა!
ქართველი პერსონაჟი გვხვდება ევროპული ლიტე რატურის ერთ-ერთ პირველ ნაწარმოებში, თანაც კირკე არც უმნიშვნელო და არც მეორეხარისხოვანი პერსონაჟი არ არის! ანტიკურობაში, ლიტერატურაში, წამლებთან, ჯადოსთან, საწამლავთან და მედიცინასთან დაკავშირებული ხალხი ვართ. კირკე, ჩვენი პირველივე წარმომადგენელი, გრძნეული ქალია. მასზე დიდ ჯადოქარს ჰომეროსის ნაწარმოებებში ვერსად შეხვდებით!
კირკე გამორჩეული ქართველი პერსონაჟია, თუმცა მსოფლიო ლიტერატურაში არ არსებობს მედეაზე უფრო მნიშვნელოვანი სახე. და მთელ მსოფლიოში, ყველამ, ვისაც არგონავტების მითი წაუკითხავთ, იცის, რომ მედეა ქართველია.
მსოფლიოსგან განსხვავებით, ქართველებმა ალბათ ისიც ვიცით, რომ კოლხი, ანუ ჩვენიანია − აიეტესი, მედეას მამა, აფსირტოსი − მედეას ძმა და ქალკიოპე, მედეას და. ჩვენი ცოდნა ძირითადად ამით შემოიფარგლება...
არადა, საქართველოში დგამენ "ფედრას" და წარმოდგენა არ გვაქვს, რომ პიესა დედით ქართველი ქალის ტრაგედიაზეა! არც ის ვიცით, რომ ფედრას და − არიადნე, რომელსაც "გორგლით" ვიცნობთ, ასევე დედით ქართველია, ისევე როგორც მისი ნახევარძმა − მინოტავროსი... ანკი როგორ გვეცოდინება, როდესაც მათ დედას, ლეგენდური მეფე მინოსის ცოლს − პასიფაეს არ ვიცნობთ კოლხად, არადა ის ხომ აიეტესისა და კირკეს დაა!
ცალკე ამბავია, რომ ამ ეპოქაში ეთნოსს არა მამის, არამედ დედის წარმომავლობა განსაზღვრავს. ათენის გარდა, სადაც ათენელად არ მიიჩნევი, თუკი დედაც და მამაც ათენელი არ გყავს, მთელ საბერძნეთში მოქალაქეობას დედის წარმომავლობა წყვეტდა.
და მიუხედავად იმისა, რომ მედეა საოცრად ცნობილი და პოპულარული ქართველი პერსონაჟია, უნდა ვიცოდეთ, რომ ანტიკურ სამყაროში ის მარტო არ არის, მის გვერდით დგას კოლხი პერსონაჟების – ბერძნული მითოლოგიის უმნიშვნელოვანესი ფიგურების – მთელი არმია.
თუმცა, ამას არ ვამბობ პატრიოტული აღტყინებით, უბრალოდ, არც ისაა სწორი, ზოგიერთს ჩვენთან მედეას სახელის გაგონებაც რომ არ სურს, აქაოდა საშინელი ქალია, საკუთარი შვილები დახოცაო... საქმე ის კი არაა, ამ ჩვენი წინაპრებით ან მათი გავლენებით ვიამაყოთ, არამედ ვიცოდეთ, თუ საიდან მოვდივართ, იქნებ ამ პერსონაჟთა ხასიათში ჩვენი თავიც ვიცნოთ...