გილგამეშის ეპოსი გილგამეშის ეპოსი მსოფლიო ლიტერატურის პირველი ძეგლია, უცნაური ბედის უზარმაზარი მნიშვნელობის ტექსტი. ეპოსი გვიამბობს მეფე გილგამეშის ამბავს, რომელსაც ოდესღაც ერქვა ბილგამესი და როგორც ახლა თანხმდებიან მეცნიერები, ძველი წელთაღრიცხვის 2800-2500 წლებს შორის უნდა ეცხოვრა. მისი ეპოსი შეიქმნა შუმერში, ქვეყანაში, რომელსაც ბილგამესი განაგებდა და შედგებოდა თხუთმეტი ქალაქ-სახელმწიფოსგან, მესოპოტამიაში, ტიგროსსა და ევფრატს შორის და ჯამში მილიონზე მეტ მოსახლეს აერთიანებდა. ესაა იმდროინდელი სამყაროს მთავარი კულტურული სივრცე, რომელიც ცნობილია არა მხოლოდ არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი არქიტექტურის საოცარი ძეგლებით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, არამატერიალური კულტურული ძეგლით, რომელსაც ჰქვია გილგამეშის ეპოსი.
შუმერში დაწყებული ამბავი ბაბილონში გაგრძელდა, საბოლოოდ კი, ჩვენ შემოგვრჩა ასირიელების დროინდელი, აქადური ვერსია, რომელიც ძვ. წ. მეშვიდე საუკუნით თარიღდება, თუმცა კი ასახავს ძვ. წ. მეთორმეტე-მეთერთმეტე და ოცდამერვე-ოცდამეშვიდე საუკუნის ამბებს. ასე რომ, გილგამეშის ეპოსის სახით ჩვენ წინაშეა მსოფლიოს უძველესი ლიტერატურული ძეგლი.
ამ ძეგლს განსაკუთრებული ისტორია აქვს და განსაკუთრებული იყო მისი აღმოჩენაც, რომელიც სრულიად შემთხვევით მოხდა. ამ აღმოჩენამდე ჩვენ არაფერი ვიცოდით გილგამეშის დავიწყებული ეპოსის შესახებ და ბუნებრივია, ვერც ის გვეცოდინებოდა, მოახდინა თუ არა ამ ნაწარმოებმა რაიმე გავლენა მსოფლიო ლიტერატურაზე. თუმცა, მას შემდეგ, რაც მეცხრამეტე საუკუნეში ამ ტექსტის წაკითხვა შევძელით, სრულიად ნათელი გახდა, რომ მის გავლენა აშკარაა პირველივე ევროპულ პოემებში „ილიადასა“ და „ოდისეაში“.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ დიდმა ინგლისელმა არქეოლოგმა ოსტინ ჰენრი ლეიარდმა და შემდეგ სხვებმაც, ნინევიაში გათხარეს ყველაზე ძველი, აშურბანიპალის ბიბლიოთეკა, სადაც სოლისებრი დამწერლობით შესრულებული თიხის ფირფიტები აღმოაჩინეს.
ამ ფირფიტებიდან ერთ-ერთი გაშიფრა ჯორჯ სმიტმა, British Museum-ის თანამშრომელმა, ყველა დროის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა დილეტანტმა, რომელსაც მხოლოდ სკოლა ჰქონდა დამთავრებული, თუმცა კი საკუთარ თავში იპოვა ძალა და მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერი გახდა. ჯორჯ სმიტმა გამოავლინა ინტერესი ამ ფირფიტებისადმი, რომელთაგან ერთის ამოკითხვის შემდეგ ღრმა შოკი განიცადა, რადგან ეცნო ტექსტი, რომელსაც კითხულობდა, ეს იყო ამბავი წარღვნაზე, ოღონდ არა ბიბლიური მოთხრობა, არამედ სულ სხვა ეპოქისა და კულტურის ჩანაწერი მოვლენაზე, რომელსაც ბიბლიიდან ვიცნობთ.
სმიტმა მოამზადა და წაიკითხა მოხსენება, რამაც ინგლისელ პუბლიკაში დიდი ინტერესი გამოიწვია. აშკარად გამოჩნდა, რომ ჯორჯის მიერ გაშიფრული ფირფიტა ნაწილი იყო მთლიანი ტექსტისა, რომელიც არ იყო ხელმისაწვდომი, ამიტომაც, ინგლისის საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, გაზეთმა Daily Telegraph-მა ათასი ფუნტი სტერლინგი აღუთქვა ადამიანს, ვინც ამ ნაწარმოების დანარჩენ ფირფიტებს იპოვიდა.
ათასი ფუნტი-სტერლინგი „პატარა ფული“ არც დღესაა, მაგრამ მაშინ ეს იყო უზარმაზარი თანხა, რომელიც ზემოხსენებულ ჯორჯ სმიტს ხვდა წილად, რადგან სწორედ ის ჩავიდა მესოპოტამიაში, სხვადასხვა ვითარებასა და მდგომარეობაში აღმოაჩინა და შეიძინა თორმეტი ფირფიტა, რომელზეც გილგამეშის ეპოსი აღმოჩნდა ჩაწერილი.
როგორც აღვნიშნეთ, გილგამეში ისტორიული მეფეა, რომელიც სიკვდილის შემდეგ დეიფიცირდა, ანუ ღმერთად გამოცხადდა და მისი ავანტიურული ბუნებით, ვაჟკაცობითა და ბედისწერით მრავალი სიმღერის და თქმულების მთავარი გმირი გახდა. გილგამეშთან დაკავშირებით შეიქმნა სიმღერები, თუ როგორ დაამარცხა ვინმე აგა, მეგობარ ენქიდუსთან ერთად როგორ ჩავიდა მიწისქვეშეთში და ა. შ. მაგრამ, ეს ყველაფერი ცალ-ცალკე სიმღერებად იყო გავრცელებული. შემდგომში, სავარაუდოდ, აქადურ ეპოქაში, ასირიელების დროს გადაუწყვეტიათ, რომ ეს ისტორიები ერთ სიუჟეტურ ხაზად უნდა გაერთიანებული და ასე ჩამოყალიბდა გილგამეშის ეპოსი, როგორც პოემა.
პოემა იწყება იმით, რომ გილგამეშმა, რომელიც დაუოკებელი, მზვაობარი ახალგაზრდა კაცია, თავისი ქალაქი – ურუქი შეაწუხა. ამ ეპოქაში ქალაქი არის ცივილიზაცია, რომელიც არაცივილური გარემოსგან გალავნით არის შემოფარგლული. მის გულში, არა აუცილებლად გეოგრაფიულ ცენტრში, დგას ღმერთის ან ქალღმერთის ტაძარი, რომელიც ქალაქის მამა ან დედაა. შემდგომში, ამ ტაძრის გვერდით ჩნდება ახალი ტაძარი, მეფის სასახლე, შესაბამისად, რელიგიური და პოლიტიკური ცენტრი გვერდიგვერდ აღმოჩნდება. ასე მოხდა ურუქშიც, ქალაქში, რომელსაც ჰყავს დედა და ამ დედის შვილები არიან მოქალაქეები.
გილგამეში უბრალო კაცი არ არის, მისი დედა ქალღმერთი ნინსუნაა, როგორც ნათქვამია, ფური ნინსუნა. ამ შემთხვევაში ძროხის სახეა გამოყენებული, ისე როგორც ანტიკურობაში მოიხსენიებენ ჰერას, როგორც ხარისთვალება ქალღმერთს. ნინსუნა ურუქის მფარველი ქალღმერთია, ხოლო ურუქის მოქალაქეები კი მის შვილებად მიიჩნევიან. გილგამეშის მამაც შეიძლება ღმერთი ყოფილიყო, მაგრამ რადგან ნათქვამია, რომ გილგამეში 2/3-ით ღმერთი იყო, 1/3-ით კი ადამიანი, უნდა ვივარაუდოთ, რომ მამამისი ღმერთი ლუგალბანდა კი არა, ადამიანი ლუგალბანდა უნდა იყოს.
ამას გარდა, ურუქში არის მთავარი ქალღმერთის, შუმერულად ინანას, აქადურ ენაზე – იშთარის ტაძარი.
ერთი სიტყვით, როდესაც ჯორჯ სმიტმა შეძლო და გაშიფრა გილგამეშის ეპოსის თორმეტი დაფა, აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს პირველივე ლიტერატურულ