შესავალი
ჩემი სახლიდან რუსთაველის პროსპექტამდე მანქანა ერთ წუთს ანდომებს. ყოველ დილას მე სახლიდან გავდივარ, ვცოცხლობ ახალი დღისა და ცხოვრების ამ ერთ წუთს და, როგორც ზღაპარში, რუსთაველზე, წრესა და ზეთისხილის ხესთან აღმოვჩნდები ხოლმე. იქ, გინდა თუ არ გინდა, უნდა შეჩერდე. იქ დღევანდელობა წამიერად ჩერდება ანტიკურობის წინაშე. ეს არის ჩვენი მთავარი ადგილი, ტოპოსი, სადაც საქართველო ხვდება ანტიკურობას და გზას აგრძელებს მარადიულობაში. რა თქმა უნდა, ისტორია არ ხუმრობდა, როდესაც განგებამ ამ ადგილას მოჭრილი ჩვეულებრივი ჭადრის ნაცვლად არაჩვეულებრივი ზეთისხილის ხე გააჩინა. თავის დროზე სწორედ ასეთი განიერი ზეთისხილის ხე გადაჭრა ოდისევსმა, იგი საიდუმლო სარეცლად აქცია და მის ირგვლივ სასახლე, ტოპოსი, საითაც უკვდავებიდან ოცი წელი მიისწრაფოდა, თავისი წარმავალი სიცოცხლე ააშენა.
წამით შევჩერდები რუსთაველის შუაგულში, ზეთისხილის ხესთან და ანგარიშს ჩავაბარებ ჩვენი სულიერების მთავარ მესაიდუმლეს: შენი პირმშო ცოცხალია, შენი საქართველო ცოცხალია, შენი ტკბილი ქართული, „ენა ქართული რუსთაველისა“ ცოცხალია, ნესტანი სახლშია, ცა გადარბაზებულია. მთელი დღის განმავლობაში კიდევ ასიათასობით ქართველს შეუძლია, ჩააბაროს მთავარ წინაპარს ეს ანგარიში.
ვინ ვიქნებოდით ჩვენ, რუსთაველი რომ არ გვყოლოდა? რა მოხდებოდა, „ამირანდარეჯანიანიდან“, „თამარიანიდან“ და „აბდულმესიადან“ რომ მეფე-პოეტებამდე შოთას გარეშე გვევლო? ერთი რამ აუცილებლად მოხდებოდა. უთავმოყვარეო, იოლად გასასტუმრებელი ხალხი ვიქნებოდით. ჩვენი სახელგანთქმული თავმოწონება გაუგებარი იქნებოდა. უსაბუთო გმირები ვიქნებოდით, ევროპის უდიპლომო სასიძოები: ანტინოოსები, ევრიმაქოსები და მისთანანი, პენელოპეს უსახელო სასიძოების მსგავსნი. დასავლეთის ერთ-ერთი მთავარი ქვეყნის მეთაური რომ შემოგვითვლიდა, რა ევროპა, რის ევროპა, რუკას დახედეთო, ჩვენც რუკას დავხედავდით და დანტე ალიგიერივით თავზარი დაგვეცემოდა, უსიერ ტყეში რომ აღმოვაჩენდით თავს. ვერანაირ საყვედურს ვერ ვეტყოდით ვერც ჩვენს ბედუკუღმართობას, ვერც ჩვენს მეფეებს, ვერც საკუთარ თავს, როდესაც ისტორიულად არაქათგამოცლილები მეზობლის კარს მთელი სამეფო გუნდით სამათხოვროდ მივადგებოდით. რა თქმა უნდა, გავამართლებდით „ნაკლებ ბოროტებას“ და ხმასაც ვერ ამოვიღებდით, როდესაც თანამედროვე ხელისუფალი, რომელიც ქვეყნის სტრატეგიას საყოველთაო ლაჩრობაზე აგებს, მოგვიბრუნდებოდა და საკუთარი სულმოკლეობით გახარებული იქედნურად გვკითხავდა: „აბა, ომი გინდათ?!“
რუსთაველი რომ არ გვყოლოდა, ჩვენ ხომ ამ უბადრუკ კითხვაზე პასუხი არ გვეცოდინებოდა. არადა, ჩვენ ვიცით პასუხი:
„ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
მისგან გასწორდეს ყოველი, სუსტი და ძალ-გულოვანი;
ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!“
ბევრი ნაკლი გვაქვს და მაინც... ბევრი შეცდომა დაგვიშვია და მაინც... ბევრი შანსი დაგვიკარგავს და მაინც...
და მაინც: ჩვენ ისტორიაგამოვლილი, განსაცდელს გადარჩენილი, ამაყი ხალხი ვართ. ჩვენ იმ კულტურულ უდაბნოში, ვერგილიუსის „ენეიდისა“ და ოვიდიუსის „მეტამორფოზების“ შემდეგ რომ შეიქმნა, ქრისტიანულ სამყაროში, გენიალური დანტე ალიგიერის „ღვთაებრივ კომედიამდე“ ერთი საუკუნით ადრე პირველი დიადი წიგნი დავწერეთ, რომელსაც „ვეფხისტყაოსანი“ ჰქვია და რომელიც უკვდავი ქართველი ხალხის არსებობის მთავარი საბუთი, მთავარი დიპლომი და ნაციონალური სიმწიფის მთავარი ატესტატია.