სულხან-საბა ორბელიანი სულხან-საბა ორბელიანი ქართული ლიტერატურის და საერთოდაც, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, ღირსეული, საინტერესო და უაღრესად კეთილშობილი ადამიანი.
გამორჩეული ქართველი, ღირსეული პიროვნება, დიპლომატი, მეცნიერი, პოლიტიკური მოღვაწე და, რაც მთავარია, დიდი ქართველი მწერალი, ერისკაცობაში – სულხან ორბელიანი, ბერად აღკვეცის შემდეგ – საბა, 1658 წელს ტანძიაში 24 ოქტომბერს (ახალი სტილით 3 ნოემბერს) დაიბადა და 1725 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით 6 თებერვალს) მოსკოვში გარდაიცვალა.
ვსაუბრობთ ჩვენს ისტორიაში გამორჩეულ ფიგურაზე, რომლის არაერთი წამოწყება სრულიად უნიკალური აღმოჩნდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ კაცმა დატოვა მემკვიდრეობა, რომლის გარეშე საქართველო ვერასდროს ვეღარ იარსებებს, უპირველეს ყოვლისა, ესაა მისი ლექსიკონი და იგავ-არაკების გენიალური კრებული „სიბრძნე სიცრუისა“, რომლის მხოლოდ სათაურის სიდიადე ეყოფოდა მის ავტორს, საუკუნეებისთვის რომ გაეძლო.
როგორც ვთქვით, სულხან ორბელიანი 1658 წელს ტანძიაში დიდგვაროვან ფეოდალურ ოჯახში დაიბადა; მამამისი – ვახტანგ ორბელიანი ქართლის სამეფოს მდივანბეგი იყო, ხოლო დედა, თამარ ზაალ არაგვის ერისთავის ასული, სამეფო კარზე კულტურისა და განათლების ცენტრის, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელი გახლდათ.
სულხან-საბამ საკმაოდ კარგი განათლება მიიღო როგორც სასულიერო კუთხით, ისე საერო დისციპლინებში; შემდგომში მას დაეკისრა ტახტის მემკვიდრის – ვახტანგ ლევანის ძის, ჩვენს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე განათლებული მეფის – ვახტანგ მეექვსის აღზრდა, რომელსაც, როგორც ყველამ ვიცით, საბას სახით არაჩვეულებრივი მასწავლებელი ჰყავდა.
ეს ამბავი საოცრად ჰგავს ძველ ისტორიას ფილოსოფოსის, სწავლულისა და იმპერატორის ურთიერთობისა. თავის დროზე ალექსანდრე მაკედონელს ბრწყინვალე მასწავლებელი ჰყავდა არისტოტელეს სახით. რა თქმა უნდა, ვახტანგ მეექვსე ალექსანდრე მაკედონელი არ იყო, გაცილებით უფრო რთული და ტრაგიკული ბედის მეფე გახლდათ, მაგრამ განათლების თვალსაზრისით, მგონია, რომ ალექსანდრე მაკედონელსაც არ ჩამორჩებოდა და მთელი რიგი მიმართულებებით შეიძლება წინაც უსწრებდა, რაშიც, რა თქმა უნდა, მის მასწავლებელს ედო ლომის წვლილი.
სულხან-საბა ორბელიანს ძალიან ადრე მოუწია პოლიტიკაში ჩაბმა. თქვენ წარმოიდგინეთ, კაცი, რომელიც „სიტყვის კონისა“ და გენიალური „სიბრძნე სიცრუისას“ ავტორია, როგორი უცნაურიც უნდა იყოს, სიცოცხლეში ამ ნაწარმოებების დამსახურებით კი არა, პოლიტიკური საქმიანობით იყო ცნობილი.
მოგეხსენებათ, ეს ის უმძიმესი პერიოდია, როდესაც საქართველო ოსმალეთისა და სპარსეთის აგრესიის მსხვერპლია და ქვეყანა მაქსიმალურად ცდილობს ამ ორ უზარმაზარ და საშინელ გველეშაპს გადაურჩეს.
ეს უმნიშვნელოვანესი პერიოდია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რადგან ყველაფერთან ერთად, იწყება ახალი პოლიტიკური ორიენტაციის ძიება, გახედვა ევროპისკენ, რუსეთისკენ, ნებისმიერი მიმართულებით, ოღონდ არა აღმოსავლეთით და სამხრეთით, საიდანაც ორი უძლიერესი იმპერია ემუქრებოდა საქართველოს. ემუქრებოდა კიდევ მსუბუქი ნათქვამია, მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ არათუ ქვეყნის გადარჩენაზე, არამედ უკვე მოსახლეობის ყოფნა-არყოფნაზე მიდგა საუბარი.
ამიტომ 1688 წელს, როდესაც სპარსეთის შაჰმა გიორგი XI-ს მეფობა ჩამოართვა, რეპრესიაში მოჰყვა სულხან-საბა ორბელიანიც, რომელიც იძულებული გახდა, ქართლს გასცლოდა და ჯერ იმერეთში, შემდეგ კი სამცხეში გადასულიყო და, პოლიტიკური მიზეზის გამო, დავით გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში ბერად აღკვეცილიყო.
ეს კაცი, რომელსაც საქართველო იცნობს, როგორც დიპლომატს, მწერალს, საზოგადო მოღვაწეს, რა თქმა უნდა, თავიდანვე გამოირჩეოდა განსაკუთრებული სითამამით, ვინაიდან განათლების მაღალი ცენზი ჰქონდა. მეტიც, სულხან-საბა ორბელიანს ჰქონდა კონცეფცია, რომელიც დღეს სრულიად წარმოუდგენელი გახლავთ, რომლის თანახმადაც, თუკი ქვეყანას ეყოლება განათლებული მონარქი, ეს მას გადაარჩენს.
სულხან-საბა ორბელიანმა საწადელს მიაღწია და საქართველოს ჰყავდა მონარქი, რომელმაც უზარმაზარი, ფუნდამენტური მნიშვნელობის კულტურული პოლიტიკა გაატარა, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოს ისტორიას ამან ვერ უშველა, ანუ სულხან-საბა ორბელიანის რეცეპტი არ აღმოჩნდა საკმარისი...
ვახტანგ მეექვსის დავალებით, 1713-1716 წლებში სულხან-საბა ორბელიანს დიპლომატიური მისიით სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთსა და იტალიაში მოუწია მოგზაურობა. მოიარა პარიზი, ჟენევა, სიცილია, რომი (შეხვდა რომის პაპს – კლემენტ XI-ს), კონსტანტინოპოლში კი თავის მთავარ საქმეს, „სიტყვის კონის“ წერას შეუდგა, რომელიც 1716 წელს დაასრულა.
ზოგადად, ძალიან რთული წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ადამიანმა ლექსიკონის წერა დაიწყოს, მაგრამ, როგორც ჩანს, ამას წინ უძღოდა ის სულიერი ძვრა, რომელიც სულხან-საბამ ევროპაში მოგზაურობისას მიიღო.
მოგეხსენებათ, ამ მოგზაურობის შესახებ ბევრი რამ არის ცნობილი, მაგრამ მთავარი გახლავთ ის, რომ ჯერ კიდევ საუკუნეების წინ, ქართველები ევროპაში, საფრანგეთის სამეფო ტახტზე ვეძებდით პარტნიორებს ჩვენი მტრების წინააღმდეგ საბრძოლველად მაშინ, როდესაც მომავალში ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა პირველი ნაბიჯები გადადგეს სპარსეთსა და ოსმალეთს შორის მშვიდობის დამყარებისა და ევროპული ინტერესის გატარებისთვის.
ფაქტია, ისტორიის ამ მონაკვეთში საქართველოს ინტერესები საერთოდ არ დაემთხვა საფრანგეთისას, ასე რომ, საუბარი იმაზე, რამდენად კარგი ან ცუდი დიპლომატი იყო სულხან-საბა ორბელიანი, რეალურ საფუძველსაა მოკლებული; ბუნებრივია, როგორი კარგი დიპლომატიც უნდა ყოფილიყო