სილუეტი გალაკტიონის ბიოგრაფიის მოყოლას, რა თქმა უნდა, აქ არ დავიწყებთ... ზოგადი ბიოგრაფია და ფორმალობები სხვებს დავუტოვოთ, თუმცა ამ თემაზე ერთ-ორ სიტყვას მაინც ვიტყვით.
გალაკტიონი, კაცი, რომელმაც ისურვა, რომ ამ სახელით დაემახსოვრებინა ჩვენთვის თავი, ბოლო დიდი გენიოსი იყო ქართული პოეზიისა.
მოგეხსენებათ, გალაკტიონი უბრალო ოჯახში, სოფელ ჭყვიშში დაიბადა. დედა ადეიშვილის ქალი ჰყავდა, მამამისი ჯერ მღვდელი, შემდეგ კი სოფლის მასწავლებელი იყო, რომელიც იქამდე გარდაიცვალა, სანამ ბავშვი დაიბადებოდა. ასე რომ, ბიჭი ობოლი დაიბადა.
დედა გალაკტიონის დიდ პოეტობას ვერ ხედავდა, ხშირად სწერდა – ჩამოდი, გატუნია, ქალაქიდან, მიხედე სოფელს... ვაჟა-ფშაველამ ხომ მიხედა სოფელს და ახლა წარმოიდგინეთ, თხემით ტერფამდე ქალაქელი გალაკტიონი როგორ მიხედავდა...
სხვათა შორის, როგორც ცნობილია, ერთხელ პატარა გალაკტიონი დედამ გამოიჭირა, რომ მზის სხივს კოცნიდა... დიახ, რა თქმა უნდა, გალაკტიონი ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო, მაგრამ რომელი გენიოსი იყო ჩვეულებრივი?!
გალაკტიონში, ამ უნიჭიერეს ახალგაზრდა კაცში, ტალანტები საოცრად საინტერესოდ იყო განაწილებული. მათემატიკა მაინცდამაინც არ ეხერხებოდა, ამიტომაც ერთხელ საშემოდგომო გამოჰყვა, რომელიც ვერ ჩააბარა. ამგვარად გალაკტიონი, თავისივე ბიძაშვილის, ერთი წლით უმცროსი ტიციან ტაბიძის თანაკლასელი გახდა.
მათემატიკაში წარუმატებლობის მიუხედავად, გალაკტიონმა, სწავლა ასე ძალიან რომ უყვარდა, ჯერ ქუთაისის, შემდეგ კი თბილისის სემინარიაში ისწავლა, მაგრამ განათლების გაგრძელების ფინანსური საშუალება არ ჰქონდა, ამიტომ ერთადერთი, რასაც გასწვდა, ორკვირიანი სარეჟისორო კურსები იყო მოსკოვში.
ეს იყო და ეს, თუმცა, მიუხედავად ამისა, გალაკტიონი უგანათლებულესი კაცი იყო, რასაც თვითგანათლებით მიაღწია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გალაკტიონზე განათლებული პოეტი ჩვენ თითქმის არ ან ერთი-ორი თუ გვყოლია, ეს კარგად ჩანს მის შედევრებში, რომლებსაც, ძირითადად, სამწუხაროდ, მხოლოდ ქართველები ვიცნობთ, რადგან გენიალურმა ბორის პასტერნაკმა თარგმნა პრაქტიკულად ყველა ქართველი ავტორი XIX და XX საუკუნისა, გალაკტიონის გარდა!
რა თქმა უნდა, ამას თავისი მიზეზები აქვს. საქმე ის გახლავთ, რომ ბორის პასტერნაკთან ღრმა და საფუძვლიანი კავშირი ჰქონდათ „ცისფერყანწელებს“, ქართველ სიმბოლისტებს, რომელთაც, რბილად რომ ვთქვათ, გალაკტიონი არ უყვარდათ... აქ არსიყვარულზე მეტის თქმაც შეიძლება, რადგან ძნელია, გიყვარდეს ადამიანი, რომელიც შენზე მაგარია, მით უფრო, თუკი ფიქრობ, რომ დიდი პოეტი ხარ, რომელსაც მოგეწყინა ყვითელი დანტე, ბეთჰოვენი კი შენთვის მხოლოდ ყრუ არის... აი, ამ ხალხის მიერ გალაკტიონი პროვინციალად, დიასახლისების, „კუხარკების“ ავტორად იქნა მიჩნეული, შესაბამისად, ამ ყველაფერმა, პასტერნაკის მიერ მისი პოეზიის თარგმნის შესაძლებლობის თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია.
ამას გარდა, ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, ბევრ რამეს ამბობს იმ ეპოქაზე, რომელშიც ვიცხოვრეთ.
გალაკტიონი მიესალმა რევოლუციას; აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ თებერვლის რევოლუციას გულწრფელად მიესალმა, რასაც ოქტომბრის რევოლუციაზე ვერ ვიტყოდი, რადგან გალაკტიონი გულწრფელად გულშემატკივრობდა საქართველოს 1924 წლის აჯანყებას, რომელსაც ბრწყინვალე ლექსიც მიუძღვნა.
ავადსახსენებელ წლებში საბჭოთა რეპრესიები გალაკტიონის ოჯახსაც შეეხო. პოეტის მეუღლე ოლია ოკუჯავა ორჯერ გადაასახლეს; პირველი დაპატიმრების შემდეგ ის შინ დაბრუნდა, 3 წლის შემდეგ კი მეორედ გადაასახლეს, 1941 წელს კი გადასახლებაში დახვრიტეს.
ოლია 1888 წელს ქუთაისში დაიბადა. მას სამი ძმა ჰყავდა, სამივე ბოლშევიკი და კომუნისტი, როგორც თავად ოლია, რომელიც კომუნისტურ პარტიაში მოსკოვსა და პეტერბურგში გალაკტიონთან ერთად მოგზაურობისას შევიდა. წყვილმა ერთმანეთი 1912 წელს გაიცნო, 1916 წელს კი დაქორწინდნენ.
ოლოლი, როგორც გალაკტიონი ეძახდა, პირველად 1929 წელს დააპატიმრეს და ტროცკიზმის ბრალდებით სამი წლის ვადით უზბეკეთში გადასახლება მიუსაჯეს. საქართველოში დაბრუნებიდან დიდი დრო არ იყო გასული, როდესაც 1936 წლის 11 ნოემბერს ხელახლა დააპატიმრეს და ორიოლის ოლქში გადაასახლეს (სწორედ ამ მოვლენას მიუძღვნა გალაკტიონმა თავისი ბრწყინვალე შედევრი „უკანასკნელი მატარებელი“, რაზეც ვრცლად აუცილებლად ვისაუბრებთ).
1941 წელს, როდესაც ფაშისტური გერმანია საბჭოთა კავშირს უტევდა, არსებობდა საფრთხე, რომ ის მხარე, სადაც ოლია ოკუჯავა და პარტიული ნომენკლატურის მაღალი რანგის წარმომადგენლები იხდიდნენ სასჯელს, ფაშისტების ხელში აღმოჩენილიყო, ამიტომაც საბჭოთა კავშირის უზენაესმა სასამართლომ, ნაცვლად იმისა, რომ პატიმრები პოტენციური ოკუპაციის ზონიდან გაეყვანა, საკითხი უფრო „მარტივად“, დახვრეტით გადაწყვიტა...
1956 წელს, ნიკიტა ხრუშჩოვის მთავრობამ რეპრესირებულთა რეაბილიტაციის პროცესი რომ წამოიწყო, გალაკტიონი დაიბარეს და უთხრეს, რომ ოლია ოკუჯავა რეაბილიტირებულია, მაგრამ დახვრეტის ამბავი კი დაუმალეს, ამიტომაც ჩვენს გენიოსს დიდხანს ჰქონდა მცირე იმედი ოლიას დაბრუნებისა.
ყველაზე უცნაური და საოცარი ამბავი კი გახლავთ ის, რომ ოლია ოკუჯავა, როგორც პირველი, ისე მეორე პატიმრობის დროს აგზავნიდა და აგზავნიდა წერილებს გალაკტიონთან, გალაკტიონი კი ამ წერილებს არ ან ვერ უპასუხებდა!
ჩვენ ვიცით მხოლოდ ორი წერილი, რომელიც გალაკტიონს ოლიასთვის გაუგზავნია; ორივე რუსულადაა დაწერილი, იმიტომ, რომ