გაცვლა - ამის დედაც... - წიხლიც მიაყოლა, ლოყაზე დაცურებული ოფლის წვეთები ხელის ზურგით აიწმინდა და მანქანის კაპოტი ბრაზით დაახეთქა. მაზუთით გაზინთული ხელისგულები საჯდომზე ჩამოისვა, - დღეს არაფერი აღარ ეშველება, საერთოდ თუ ეშველა.
სერგომ გოგის თვალებს მზერა ააწყვიტა და დანჯღრეულ ვილისს დაადუღა.
- იქნებ... - აზრის გამოთქმა სცადა გოგიმ.
- უკვე ბნელდება, აზრი აღარა აქვს, დღეს მაინც ვერ წავალთ. სიბნელეში ან ისინი გაგვაგორებენ, ან ესენი. - გადაწყვეტილებას იღებს პაატა. გოგის იმედიანი „იქნებ“-ის საპასუხოდ პაატას დასკვნა ერგო: - ხვალ!
სულ ის იღებს გადაწყვეტილებას. სერგო მხოლოდ მძღოლია. თვითონ? მოკლედ, პაატა მთავარია. და რაც მთავარია, რა ედარდება?! მის წვინტლიან, ფაფით გამომძღარ შვილებს ახლა ტკბილად სძინავთ, ქვეშ ჩასველებაც მოასწრებდნენ. გოგის ბიჭი კი... ოღონდ ახლა იპოვოს, ოღნდ ახლა.. და მერე!.. რას იზამს მერე? შვილის სიგრძე სანთელს დაუნთებს ღმერთს თუ დარაჯად ივლის მის ფეხდაფეხ... არ იცის, ჯერ არ იცის, ამაზე არ უფიქრია, მაგრამ ოღონდ ახლა აპოვნინა, ოღონდ ცოცხალი... ამ ფიქრს გაექცა, დაემალა სიტყვა „სიკვდილს“.
ზღვაზე ჩავიდეთ, ვიბანაოთ, მერე ექიმებთან ავიდეთ, რამეს გვაჭმევენ და ცოტა ადამიანურად დავიძინებთო. ისევ ის წყვეტს, ისევ პაატა უგეგმავს ცხოვრებას. მისი შვილის ბედიც ამ ნაბიჭვრის ხელშია. მაგის დედაც! მაინც მიჰყვება სანაპიროზე პაატას და სერგოს, მხარდამხარ არა, რამდენიმე ნაბიჯით უკან. ესმის, წინ მიმავალი პაატა ხვალ ექვს საათზე ადგომას გეგმავს; მანქანას დღესვე იშოვის, უარს არ ეტყვიან. ნამდვილად იშოვის, მაგრამ ამ ღამეს რა გაათენებს. ორი ღამეა, არ უძინია. რა დააძინებს, ცოტას ჩათვლემს და მერე ელოდება განთიადს, ფიქრის ნაკადს დამორჩილებული. მზეს გახედა - ჩადის, ნამდვილად ჩადის, ესეც ნაბიჭვარი!.. ჰორიზონტს შეეხო. და ახლა ზღვა, ჩამავალი წითელი მზით, მაძღარი წითლით და მკვეთრი კონტურებით, იაფფასიან ნახტს ჰგავს.
უკან მიჰყვება, პაატას მხარდამხარ სიარული არ უნდა, მაგრამ სამ ნაბიჯზე მეტად არ შორდება, თითქოს უხილავი მოკლე ჯაჭვით დაბმული ძაღლია. ის და მისი ბიჭი ახლა პაატაზე არიან მიბმული, იმ ადამიანზე, სამი დღის წინ რომ ნახა პირველად და მისი ცხოვრების ნაწილად იქცა, მისი ბედის განმსაზღვრელად. სამი დღეა, არ მოშორებია, სამი უსასრულო დღე და როცა ყველაფერი თითქოს გასრულდა, ახლა ისევ! კიდევ! კიდევ ერთი ღამე! რა გაათენებს...
ქვიშით და ფერადი კენჭებით მოხატული სანაპირო ლამაზ სარეკლამო ფოტოს ჰგავს. ქვიშაში ჩაჯდა, თბილია, ჯერ არ განელებია მზის სითბო. შიშველი ფეხები ქვიშის ქვეშ მოაქცია, ნესტიანი სიგრილე ესიამოვნა. პაატა იხდის, წყალში ჩადიო, მხარზე ხელი დაჰკრა. მისი თანაგრძნობა და მზრუნველობა ფეხებზე ჰკიდია... და მაინც გული უჩუყდება. რა მოუვიდა ამ სამ დღეში, ხან ქვავდება, ხან უბრალო შემოხედვაზე, შეხებაზე შეიძლება ატირდეს. „მაგდანას ლურჯა“ ან „ბემბი“ რომ ნახოს ახლა, ცხარე ცრემლებად დაიღვრება ალბათ, როგორც ბავშვობაში.
- თქვენ იბანავეთ, მე ექიმებთან წავალ. - ამბობს და არ დგება. ექიმებთან წავა, იქ არჩილია მთავარი, მამამისის მეგობარი. არჩილს დაელაპარაკება, მარტო პაატას კი არ შეუძლია მანქანის შოვნა. მაგრამ იქ წასვლაც აღარ უნდა. არჩილი, ვიკინგივით შემართული, წვერებიანი გოლიათი, დღეს ზღარბივით მობუზული იჯდა. მისი ახალგაზრდა ქირურგებიდან ერთს ჭურვის ნატეხი მოხვდა თავში და იქვე გააფრთხობინა სული. დილით საოპერაციოში ესვენათ და რა ვუთხრა ამის მშობლებსო, მობუზული, გოგის ეკითხებოდა. გოგის?! მაშინ პირველად აღიარა თავისი შიში საკუთარ თავთან დაუფარავდ, ღიად - ცოცხალია ჩემი შვილი? პაატამ თქვა, ცოცხალიაო და დაიჯერა. იცის, პაატა არ მოატყუებს, ყალბი გამხნევება არ იცის, სასტიკი და დაუნდობელია.
სასტიკი? ეს მშვიდობის მტრედი? რა უნდა, რას აკეთებს აქ? ფულს არ იღებს, ისე, უანგაროდ შეყო თავი ამ ჯოჯოხეთში. უანგაროდ? ფულს თუ არ იღებს - კარიერას იკეთებს! რა კარიერას, ვინ იცის, რა იქნება ხვალ, ან დღეს, ან როდის მიაფურთხებენ მაგის მშვიდობის თეთრ ჩვარს და პირველ გასროლას საკონტროლოსაც მიაყოლებენ. რა ჯანდაბა უნდა, წავიდეს სახლში, უამბოს სამ წვინტლიან შვილს ზღაპარი, ჩაუგორდეს ცოლს ლოგინში და კიდევ ერთი ბავშვი გააკეთოს, ჯანმრთელი და ჯიშიანი. რას აგდია ამ საგიჟეთში თავისი ნებით? გახედა - საშუალო სიმაღლის, დაკუნთული, ქონი ჯერ არ დასდებია. დაედება, თბილისში რომ დაბრუნდება, ამ კოლექტიურ შიზოფრენიაში არა, სადმე კეთილმოწყობილ კაბინეტში. ესეც მოჯდება კეთილდღეობის თბილისურ საზომში, თბილისურ სტანდარტში - ღიპი, მანქანა, ცოლი და საყვარელი. ეს მერე იქნება, ან არც იქნება, თუ მართლა იდეინი მასტია.
პაატაზე ათიოდე წლით უფროსია და ლამის ბავშვივით