წინასიტყვაობა
ლექსების წიგნი - შენი სურათია, რომელიც სულაც არ ჰგავს პასპორტის ფოტოს, უხასიათო გიჟის ნახატივით რომ ამახვილებს და აძლიერებს ნაოჭს, მეჭეჭს, ცხვირის კეხს და ა.შ. კანის ფერი, თვალის სინათლე, თავის ტკივილი ფოტოზე არ ჩანს, მეტაფორა, რომლითაც შენი ვირტუალური ბიოგრაფია იწყება, მითუმეტეს. უცნაური დასაწყისი მქონდა. ჩემს მოპირდაპირე სახლში ხანძარი გაჩნდა. ყველა გადაარჩინეს, ერთი ქალის გარდა, რომელზეც თქვეს: ცეცხლი ჩაყლაპაო. რამდენიმე დღე და ღამე ვხედავდი უკუღმა ამოტრიალებულ ტანს, რომელშიც ალისფერი ორგანოები ყვაოდნენ. უძნელესი სიკვდილის სილამაზე. პარადოქსი, თუ ბავშვური ალღოთი რელიგიასთან შეხება?
აი, ასეთი რამ, რაც გხიბლავს და რისიც გეშინია (ამბივალენტობა) არის, ალბათ, სათავე ლექსის. ამ ნიადაგზე ყალიბდება მისი ტანი და ხასიათი, ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას - არა, განსაკუთრებით, თუ პროპორციები გაუგიჟდა თუ ალოგიკურობით, ანუ საკუთარი, ერთი შეხედვით, ძნელად მისაგნები ლოგიკით დააბნია ადამიანი, ხოლო ვიღაც, სწორედ ამით მოხიბლა. ისე, შენ თვითონ უნდა იყო მოხიბლულიც, გაგიჟებულიც, კატეგორიულ სილოგიზმზე თავმიდებულიც და მისი ამრევიც, რომ სხვა აიყოლიო.
ამას რამდენად ახერხებ, მკითხველმა უნდა განსაჯოს. მე კი ღმერთს ვთხოვ, ლექსის წერის უნარი დამიტოვოს სიკვდილამდე, რადგან, როგორც ერთგან მიწერია დედაჩემზე:
მან არ იცოდა,
თავიდან რომ ლურსმანს ამოვიღებ,
მაშინვე მოვკვდები...
ლ. სტურუა