იტვირთება...

დათო ტურაშვილის ინტერნეტრომანი "სხვა ამსტერდამი"19.11.2014

“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ და ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“ წარმოგიდგენთ დათო ტურაშვილის ახალ ინტერნეტრომანს „სხვა ამსტერდამი“,  რომელიც  წერის პროცესში გამოქვეყნდება მხოლოდ saba.com.ge-ზე ყოველ ხუთშაბათს და მკითხველი შეძლებს ფეხდაფეხ, მწერალთან ერთად  მიჰყვეს ლიტერატურულ სიუჟეტს.

ახალ რომანში მოქმედება ძირითადად თანამედროვე ამსტერდამში მიმდინარეობს, მაგრამ მასში ძველი ამსტერდამის ამბებსაც ამოიკითხავთ, რადგან მისი სიუჟეტი მეჩვიდმეტე საუკუნეშიც ვითარდება და ზოგიერთი პერსონაჟი მეორე მსოფლიო ომის მონაწილეცაა. მათ შორის ავტორის ბაბუაც.

20 ნოემბრიდან ინტერნეტრომანის პირველი თავი შეგიძლიათ წაიკითხოთ უფასოდ!

  

 



იკითხეთ ელექტრონული წიგნები და დასაჩუქრდით!06.11.2014

ელექტრონული წიგნების სახლი "საბა" და სუპერმარკეტების ქსელი "ფრესკო"  გთავაზობთ ერთობლივ აქციას ელ. წიგნების მკითხველებს! 5 მომხმარებელი, ვინც 6 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე ყველაზე მეტ თანხას დახარჯავს saba.com.ge-ზე, დასაჩუქრდება "ფრესკოს" 500, 400, 300, 200 და 100 ლარიანი სასაჩუქრე ბარათებით.

2015 წლის 5 იანვარს გამოვლინდება "საბას" ყველაზე აქტიური მოხმარებლები, რომლებსაც გადაეცემათ საჩუქრები. სასაჩუქრე ბარათების გადაცემა განხორციელდება 2015 წლის 15 იანვრამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 2 27 27 27 (2840).

 

გისურვებთ წარმატებას!

 



ლიტერატურული პრემია "საბას" 2013 წლის ლაურეატები23.09.2014

კიდევ ერთი „საბა“ დამთავრდა და კიდევ ერთხელ გამოვლინდნენ ლაურეატი ავტორები.
წაიკითხეთ 2014 წლის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული წიგნები მხოლოდ ჩვენთან, ელექტრონული სახით.


ვულოცავთ გამარჯვებას ყველა ლაურეატს!

 



12 ბესტსელერი 19.09.2014

უკვე 12 წელია, რაც ლიტერატურული კონკურსი „საბა“ არსებობს. 

ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“ გთავაზობთ კონკურსის ლაურეატ ბესტსელერ 12 ელ. წიგნს, რომელიც ყველაზე ხშირად მოხვდა მკითხველთა ელექტრონულ მოწყობილობებში. 

  1.   ნაირა გელაშვილი "მე ის ვარ" 
  2.   აკა მორჩილაძე, "Obole" 
  3.  დავით წერედიანი, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს "ფაუსტი"
  4.  ლაშა ბუღაძე, "ნავიგატორი" 
  5.  თამთა მელაშვილის "გათვლა" 
  6.  დიანა ამფიმიადი, "შოკოლადი"
  7.  გიორგი მაისურაძე, "ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯები"
  8.  აკა მორჩილაძე, "Maid in Tiflis"
  9.  ალექს ჩიღვინაძე "ქალაქის მერის ცოლის საყვარელი"
  10.  ნაირა გელაშვილი, "პირველი 2 წრე"
  11.  ეკატერინე ტოგონიძე, "ანესთეზია"
  12.  მარინა ელბაქიძე, "გაცვლა"


ლიტერატურული პრემია „საბა“ 201415.09.2014

ლიტერატურული პრემია „საბა“ წელს კიდევ ერთხელ შეაჯამებს უხვ ლიტერატურულ მოსავალს. ვინ გახდება ჟიურის ფავორიტი, გაიყოფა თუ არა რომელიმე ნომინაცია, გამართლდება თუ არა მოლოდინი?


კიდევ ერთხელ გადახედეთ ნომინაციებში წარმოდგენილ წიგნებს, წაიკითხეთ საინტერესო ნაწარმოებები და წელსაც უგულშემატკივრეთ თქვენს რჩეულ ავტორებს "საბას" საზეიმო დაჯილდოებაზე, 22 სექტემბერს 22:00 საათზე, რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში!

იხილეთ ფინალისტების სია.

 

 



5 ელ.წიგნი სიყვარულზე26.08.2014

 

ანტიკური ხანიდან მოყოლებული დღემდე სასიყვარულო ისტორიები მხატვრული ლიტერატურის ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი თემაა, ადამიანები საკუთარ განცდებს წიგნებში პოულობენ, ან პირიქით, ადამიანთა განცდები იქცევიან დიდ წიგნებად.  წაიკითხეთ ხუთი რომანი სიყვარულზე და კიდევ ერთხელ ისიამოვნეთ ლიტერატურისა და სიყვარულის განუზომელი შესაძლებლობებით:

 

1.ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი “დიდი გეტსბი“ 
2. მიხეილ ბულგაკოვი “ოსტატი და მარგარიტა“
3. ერნესტ ჰემინგუეი “მშვიდობით, იარაღო!“
4. ერიხ მარია რემარკი “ტრიუმფალური თაღი“
5. ორჰან ფამუქი “უმანკოების მუზეუმი“

 



მთაში წასაკითხი 5 წიგნი ელ.წიგნი19.08.2014

 

მაშ ასე,  მთა, ღრუბლების ხელით შეხება, ფეხქვეშ გაფენილი ნისლი, ალპური ყვავილების ფერები, ჟანგბადით გატენილი ფილტვები, სივრცე და თავისუფლება მოგენატრათ?

ჩაალაგეთ თქვენი ზურგჩანთა,  ხომ იცით, არაფერი ზედმეტი! რაც უფრო მაღლა ადიხართ, ჩანთა უფრო დაგიმძიმდებათ. ელექტრონული წიგნი აქაც საუკეთესო საშუალებაა, მძიმე წიგნების თრევა არ მოგიწევთ, არც იმაზე ფიქრი, არიქა,  წყალში არ დამისველდეს, არიქა, არ გამიფუჭდეს.  პატარა და მჩატე წამკითხველში ჩაწერილი ბიბლიოთეკა, კარავში ანთებული ფარანი, გარეთ ციცინათელები, კარავში კი – თქვენი საყვარელი წიგნები.

აბა, შეიკარით მთის ფეხსაცმელებზე თასმები და წავედით!

 

  1. გაბრიელ ჯაბუშანური „მზექალ“
    პოეზიით დაიწყეთ, მთას პოეზია ძალიან უხდება, მთაში ყველაფერი პოეზიაა.  გაბრიელ ჯაბუშანურის, ამ შესანიშნავი პოეტის ლექსები თქვენში იმ გამძლეობას და ვაჟკაცობას გააღვიძებს, რომლის საშუალებითაც ჯიხვებს მისდევდნენ მთის მონადირეები დიდი ხნის წინათ.
     
  2. იოჰან ვოლფგანგ გოეთე „ფაუსტი“
    როდესაც რომელიმე მთის წვერზე აღმოჩნდებით, დაღლილი ზურგჩანთას მოიხსნით და გამჭვირვალე ნისლს შეისუნთქავთ,  მათარიდან წყალს მოსვამთ და ამოისუნთქებთ, აუცილებლად გაიხსენეთ გოეთეს გენიალური „ფაუსტი“, საკუთარ თავთან ბრძოლა, გზა ამპარტავნებიდან სიკეთემდე, ადამიანური სიძლიერის დაუმარცხებლობა....
     
  3. ერნესტ ჰემინგუეი „მშვიდობით, იარაღო!“
    აბა, ჰემინგუეიზე რა გელაპარაკოთ, ან ის როგორ აგიხსნათ, მთას როგორ უხდება მისი რომანები, თუნდაც სულ განსხვავებული თემატიკა იყოს. დატკბით იმ მშვიდობით, რასაც მთა გჩუქნით და წაიკითხეთ ერნესტ ჰემინგუეის რომანი „მშვიდობით იარაღო!“.
     
  4. გურამ რჩეულიშვილი „ჩანაწერები“
    „კაცმა უნდა მთელი სულით იცოცხლო - ან რა არის მუდმივობა, - სისულელე. ყველა ადამიანი მუდმივად ცხოვრობს: ყოველ შემთხვევაში, მისი მარადიულობა ის წლებია, რომელსაც გაატარებს ამ ქვეყანაზე. კაცმა რომ თქვას, არცა კვდება კაცი, იბადება სხვა, რომელიც ოდნავ განსხვავდება გარდაცვლილისაგან“.
    რჩეულიშვილის „ჩანაწერები“, ის რაც აუცილებლად უნდა წაიღოთ მთაში!
     
  5. არჩილ ქიქოძე „ესეები“
    არჩილ ქიქოძე ნაცნობი სახელია ქართული თანამედროვე პროზის მოყვარულთათვის. გზა, მთები, ადამიანები, საფრთხეები, ჩვენი ქვეყანა – თან ატარეთ ამ მოგზაურობაში, ამისთვის სულ ერთი წიგნი დაგჭირდებათ, არჩილ ქიქოძის „ესეები“.
    „წერის პროცესს შეიძლება ბედნიერებაც კი დაარქვა”– მერწმუნეთ, კითხვა არანაკლები ბედნიერებაა.


ბებოსთან სოფელში წასაკითხი 5 ელ.წიგნი08.08.2014


მეგობრები მიიფანტნენ ქალაქგარეთ, ზოგი ზღვისკენ გაეშურა, ზოგი - მთაში, შენ ყველაზე მეტად ბებოსთან სოფელში ჩასვლა გიყვარს. ალაგებ ზურგჩანთას: ყველაზე მოსახერხებელი ჯინსები, ბურთი, გასაბერი რგოლი - ძალიან სწრაფია შენი სოფლის მდინარე. ხვალ დილით, ადრიანად, სისხამზე მიდიხარ. 

ბებოს მზრუნველი ხელები, გემრიელი საუზმე, ბავშვებთან ერთად სირბილი, შემწვარი სიმინდი და ათასგვარი თამაში, როგორ უჩუმრად მოიპარება საღამო - აწკარუნდებიან ეზოს ჭიშკართან ძროხების კისერზე ჩამოკიდებული ზანზალაკები - სოფელში, საღამოობით ყველა სულიერი პოულობს გზას სახლისაკენ... 

ჰამაკი, საქანელა, ხის სუნიანი სახლის დიდი აივანი... მოკლედ, ეს ყველაფერი აუცილებლად მოხდება ამ ზაფხულში.

მაშ ასე, ბებოსთან სოფელში წასაკითხი ელ. წიგნები:

  1. ნოდარ დუმბაძე „იუმორისტული ნოველები“
  2. გურამ დოჩანაშვილი „სამოსელი პირველი“
  3. მარკ ტვენი „ტომ სოიერის თავგადასავალი“
  4. თომას ვულფი „დაკარგული ბიჭი და სხვა მოთხრობები”
  5. ჰენრი რაიდერ ჰეგარდი „სოლომონ მეფის საგანძური“


თვითმფრინავში წასაკითხი 5 ელ.წიგნი04.08.2014

 

ყველას განგიცდიათ ის მსუბუქი შფოთი, რომელიც აეროპორტის სასაზღვრო ტერმინალთან მისვლისას გვემართება.
ხომ არაფერი დამრჩა, როგორი ამინდია, ნეტავ როგორი აფრენა იქნება, იმედია, მშვიდობიანად დავფრინდებით.

შემდეგ ბარგს ვაბარებთ, საპასპორტო კონტროლს გავდივართ. პულსი მატულობს, თვითმფრინავის ტრაპზე ავდივართ და.... დიდი რკინის ფრინველის წიაღში ვინთქმებით. 

მთავარია ტურბულენტურმა ზონამ არ შეგვაშინოს, ამისთვის კი წიგნი ყველაზე კარგი საშუალებაა. 


P.S. თუკი თქვენი ფრენა ტრანზიტულია, ეს ცუდი სულაც არაა, კითხვისთვის მეტი დრო გექნებათ. 
მაშ ასე, თვითმფრინავში წასაკითხი წიგნები: 

  1. მიშელ უელბეკი "რუკა და ტერიტორიები"
  2. ბობ დილანი "ქრონიკები"
  3. ბექა ქურხული "ქალაქი თოვლში"
  4. არჩილ ქიქოძე "ჩიტის და კაცის ამბავი"
  5. დათო ტურაშვილი "ჯინსების თაობა"

 



ზღვაზე დასვენებისას წასაკითხი 5 ელ.წიგნი22.07.2014

  1. ჯემალ ქარჩხაძე „უფლისწული და გველეშაპი“
    იყავი და რა ნახეო? – ჰკითხა უფროსმა ძმამ უმცროსს.

    – ძლევის ქვეყანა გავიარე და ძალა დავტოვე, ნატვრის ქვეყანა გავიარე და ნატვრა დავტოვე, სიბრძნის ქვეყანა გავიარე და სიბრძნე დავტოვეო, – მიუგო უმცროსმა.

    – ბედნიერება თუ იპოვეო?

    – ძლევის ქვეყანაში რომ ძალა დავტოვე, ძალად ვიქეც, ნატვრის ქვეყანაში რომ ნატვრა დავტოვე, ნატვრად ვიქეც, სიბრძნის ქვეყანაში რომ სიბრძნე დავტოვე, სიბრძნედ ვიქეც. ბოლოს ბედნიერების კარსაც მივადექი. რომ შევსულიყავი, ბედნიერებად ვიქცეოდი, ­მაგრამ შენთან ვეღარ დავბრუნდებოდი და ამბავს ვეღარ მოგიტანდი. ამიტომ წამოსვლა ვამჯობინე.

    ქართველი მწერლის, ჯემალ ქარჩხაძის ლიტერატურული ზღაპრები - ბევრი კითხვა და ბევრი პასუხი, ზღვასავით უსასრულო და შეუქცევადი.
     
  2. გურამ დოჩანაშვილი „თავფარავნელი ჭაბუკი“ ამ მითოლოგიურ მოტივზე ბევრი ნაწარმოებია დაწერილი, ქართული ხალხური ბალადა ბერძნულ, ჰეროსა და ლეანდრეს ამბავს ენათესავება და სიყვარულის ტრაგიკულ ისტორიას გვიყვება. გურამ დოჩანაშვილის „თავფარავნელი ჭაბუკი“ ამ ფაბულის ცოტა სხვაგვარი ვერსიაა, აქ კონკრეტული მზეთუნახავი - შემოქმედებითი მუზით არის შეცვლილი, რომელთან მიღწევაც ნებისმიერი შემოქმედისთვის საოცნებოა.. წიგნში შესულია ცოცხალი კლასიკოსის, გურამ დოჩანაშვილის შესანიშნავი მოთხრობები.
     
  3. რეზო ჭეიშვილი  „ცისფერი მთები“ ჭეიშვილის ლეგენდარული წიგნი, რომელიც  ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქართულ ფილმს დაედო საფუძვლად. დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი შორს მოვიტოვეთ და ქვეყანა ახლებურად ცხოვრებას ეჩვევა, ისევ აქტუალურია შაბიამნის დიდი პარტია, წაუკითხავი და აღუქმელი მეცნიერება,  არაფრისმაქნისი  დაწესებულებები,  რომელთა დანგრევის გარეშე მომავლის აშენება რთული და მეტიც, შეუძლებელი იქნება.
     
  4. აკა მორჩილაძე „გადაფრენა მადათოვზე და უკან“ მორჩილაძე თანამედროვეობის საუკეთესო მთხრობელია, რაც თავისთავად განაპირობებს იმას, რომ მისი პროზა მკითხველთა დიდი სიყვარულით სარგებლობს.  ძველი თბილისის კოლორიტული სურათები, გამოგონილი და რეალური პერსონაჟები, იუმორი, დეტექტიური სიუჟეტი, ჩამთრევი ამბები... ფრთხილად იყავით, ამ წიგნის კითხვით გართულებს არ დაგავიწყდეთ, რომ შუადღის მზეზე გარუჯვა ჯანმრთელობისთვის საშიშია!
     
  5. ნატო დავითაშვილი „ლურჯი სუფრის მოცეკვავე“ დავითაშვილი ერთადერთი ქართველი მწერალია, რომელიც ფენტეზის ჟანრში წერს, „ლურჯი სუფრის მოცეკვავე“ მისი ბოლო წიგნია, სრულიად ფანტასტიკური ლიტერატურული მოზაიკა - ზღვის მცხოვრებლები, ლტოლვილი დედოფალი, ლურჯი სუფრის მოცეკვავეები, დრაკონები და საოცარი ფენტეზის სამყარო, „“სამყარო ხომ მთებში გამომწყვდეული ტბა არ იყო, სულ ერთ ღრმულში რომ დატეულიყო, მას უფრო ფერად მინებს ამსგავსებდა, მუდმივი გადანაწილებით სულ ახლებურ მოზაიკას რომ ქმნიდა.”