ღვინის ქართულად დაყენება I
ჩვენს ეკონომიურს ყოფა-ცხოვრებას რომ კაცი რიგიანად და გონიერად დააკვირდეს, ბევრს საგულისხმოს იპოვის. ერთი უდიდესი და უპირველესი სახსარი ჩვენის ეკონომიურის ცხოვრებისა მიწათ-მოქმედობაა და სხვაგვარი სახსარი ჯერ ჩვენში თითქმის არც კი დაძრულა, ხელნახლებიც არ არის, მერმისს ელის. მიწათმოქმედებას ორი საგანი მოაქვს ჩვენის ქვეყნის გასაძღოლად, ღვინო და ყოველგვარი ეგრედწოდებული საპურე მარცვალი. ამ ორგვარს წარმოებას დიდი ხანია ვადგივართ და დიდი ხანია მის გზაზედ ვშრომობთ და თავს ავად თუ კარგად ვიკვებავთ. ჩვენ ამას არაფრად ვაგდებთ, თითქო ამ ხანგრძლივს წარმოებას ჩვენთვის არა უსწავლებია რა, არავითარი გამოცდილება არ მოუცია, თითქოს ყოველს მას, რასაც დღეს წარმოებაში ვხედავთ, არავითარი საბუთი და მიზეზი არა ჰქონია, თითქო ყოველივე ალალბედობით, უცაბედობით მოგვსვლია. აი ეს, ჩვენის ფიქრით, რით აიხსნება:
ჩვენმა ძველმა ისტორიამ არ მოგვაცალა, რომ ცოდნა-სწავლის გზა გვეკაფნა და ჩვენის სულისა და გულის ძალით მეცნიერების ახო გამოგვეღო უმეცრების ბარდებით და ჯაგით მოცულს არემარეზედ. ამ მხრით, ძალიან ჩამოვრჩით დანარჩენს კაცობრიობას, რომელიც დღეყოველ ცოდნისა და სწავლის წარმატებასა და წინსვლაში იყო. სახელოვანმა და საოცარმა ნამოქმედარმა კაცობრიობის ცოდნისამ და სწავლისამ ისე მოგვასწრო ჩვენ, როგორც საბნელეთიდამ უეცრად მზეზე გამოსულსა! მეტის სინათლისა და შუქისაგან თვალთ დაგვიბნელდა. ძალოვანმა მეცნიერებამ, რომლის ნაღვაწი ჩვენს უვიცობას ხშირად სასწაულად მიაჩნდა და მიაჩნია, ისე დაიბრიყვა ჩვენი ჭკუა და გონება, ისე თავბრუ დაასხა, რომ ერთიც და მეორეც ყურმოჭრილ ყმად გაიხადა და როგორც ტყვე, გაჰბაწრა. აბა, საცა უცხენოდ და უკამბეჩოდ უზარმაზარის სახლების ტარება მოიგონეს, საცა ტელეგრაფმა და ტელეფონმა სივრცე გააბათილა და ელექტრონმა ლამის ძველებურს თილისმობას გადააჭარბოს, იქ ჩვენი ბეჩავი უმეცრება და უვიცობა ხმას როგორღა ამოიღებდა. როგორ არ უნდა გვეგრძნო ჩვენი არარაობა? როგორ არ უნდა გვეთქვა: ჩვენ რანი ვართ? რაც ყოფილან, ისინი ყოფილანო! რაკი კაცობრიობის ცოდნა-სწავლის საოცარმა ძლევამოსილებამ ასე აშკარად დაგვანახვა სხვა ქვეყნების უპირატესობა და წარჩინებულობა, ჩვენ ერთიც და მეორეც კისრად უნდა გვედო და დავდუმებულიყავით, როგორც ძლიერის წინაშე უძლური, მეცნიერების წინაშე უმეცარი. სწორედ ეგრეც დაგვემართა: ჩვენც დავდუმდით და იმოდენად დავდუმდით, რომ რაკი კაცი უცხო ქვეყნიდამ მოვიდოდა ჩვენში, სწავლული თუ უსწავლელი, ჭკვიანი თუ სულელი, ამას აღარ დავდევდით და პირღია შევყურებდით, ჭკუის მასწავლებელი აბა ეს არისო. გარდა ამისა, საკმაო იყო კაცს ეთქვა, სამზღვარგარედ ესე არისო, რომ ჩვენც მიგვეღო განუსჯელად, აუწონლად, დაუფიქრებლად. იქაურმა ხალხმა ეს ჩვენი პირღიაობის ამბავი კარგად იცოდა და ამიტომაც ყველა ისინი, ვისაც თავის ქვეყანაში ვერა გაეკეთებინა რა, ჩვენკენ გამორბოდა, თან ორიოდე მზად გაკეთებული და მოგონებული რეცეპტიც მოჰქონდა და მტვერს აგვიყენებდა ხოლმე თვალწინ ჩვენ უმეცრებს და უცოდინარებს ცოდნისა და მეცნიერების სახელითა. სამზღვარგარედ ესეაო, თქვენც ესე უნდა მოიქცეთო და ჩვენც სხვა გზა არა გვქონდა, უნდა დაგვეჯერებინა და ვიჯერებდით კიდეც. ამას კიდევ არ გვაკმარებდნენ ხოლმე: რაც კი რამ ჩვენს სამშობლოში იყო, ყველას გვიქოლავდნენ, თქვენ რა იცით, ბრიყვები ხართო, აბა კარგი რა გექნებათო. ჩვენც ვიძახოდით: მართალი ბრძანებააო.
რაკი სხვაგან ჩვენზედ გაცილებით დიდი ოსტატობა გამოიჩინა ბევრმა ბევრში, ჩვენც დავიჯერეთ, რომ, ბევრი ბევრში კი არა, ყველანი ყველაფერში ჩვენზედ უკეთესნი ოსტატები არიან. დავიჯერეთ და მერე როგორ? ჩვენი აღარაფერი ვიწამეთ, აღარაფერი ვიგულვეთ. ის კი გონებიდამ გამოგვეპარა, რომ ჩვენც გვიცხოვრია, გვიმოქმედნია თავის საკვებად, ჩვენშიაც ყოფილა ხელობა და ოსტატობა მიწათმოქმედებობისა, და თუ ჩვენი ნაცხოვარი, ნაკეთარი და ნამოქმედარი მეცნიერებამდე არ აგვიყვანია, ანგარიშში ჩასაგდები გამოსაძიებელი და გამოსაკვლევი ხომ არის, როგორც ნაცადი დიდი ხნისა, როგორც მრავალის წლის მოღვაწეობით შემოწმებული საქმე და საქმიანობა. ეს ჩვენი ნაცადი, ეს ჩვენი გამოცდილობა გაგვიბათილა, გაგვიქარწყლა სახელმა და აბრუმ უცხო ქვეყნისამ, რომელმაც ყველაფერში ბრმად ჩაგვითრია, რადგანაც ბევრში სამართალი და საბუთი მიუძღვოდათ, როგორც გაცილებით ჩვენზედ წინ მავალთა და წარმატებულთა. ამ გარემოებას ერთი არავინ ჩაუფიქრდა და არა სთქვა: კაცო, იქნება ჩვენშიაც იყოს ერთი რამ კარგი, სხვისის სიტყვით ყველაფერს რატომ ესე ხელაღებით ვიწუნებთ!..
ეგ ჩვენის უმეცრების, უცოდინარობის ბრალია. თვით მსჯელობა შეგვიშინა უცხო ქვეყნების აბრუმა, გამბედაობა გამოაცალა. ამის გამო ჩვენი ვეღარა ვიკვლიეთ რა, ვეღარა გამოვიძიეთ რა. ან რაღას ვიკვლევდით, რომ ჩვენი აღარა გვჯეროდა რა. ყოველს მხარეს ჩვენის ცხოვრებისას ამ გაუბედაობამ გონებისამ თავისი დამღა დაასვა და დღეს ჩვენში უცხო ქვეყნელი სულელიც ჭკვიან კაცად გადის და იქაური ტყუილი მართლადა, მერე როგორი ტყუილი? იქავ ტყუილად ცნობილი და აღიარებული.