მოტივირების სტიმულები
სულ ახლახანს ერთი ორგანიზაცია გავიცანით. იგი ერთ–ერთი წარმატებული სახელმწიფო ორგანიზაციის წარმატებული ქვესტრუქტურაა. განსაკუთრებით მოტივაციის სისტემა აქვთ გამორჩეული. მათი სისტემის განსაკუთრებულობა, უბრალოდ, თანამშრომლების აციმციმებულ თვალებშიც კი შეგიძლიათ შეამჩნიოთ. თუ გავესაუბრებით, უფრო მეტ საინტერესოს გავიგებთ:
თითქმის ყველა თანამშრომელს თანაბრად ძალიან მოსწონს და ეამაყება, რომ აქ მუშაობს. მათთვის გუნდი ერთი დიდი ოჯახია და საქმე განსაკუთრებულად მოსაფრთხილებელი და საზრუნავი რამ არის. დილა სხვებთან შედარებით უფრო ადრე იწყება და დღე გვიან მთავრდება. ხელმძღვანელი თანამშრომლების ინიციატივების და იდეების შემგროვებელი და დამფასებელია, თუმცა, ამავე დროს, ინიციატორობის მაგალითი სწორედ ისაა თანამშრომლებისთვის. აქ წარმატებებს, ორგანიზაციისთვის და თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვან დღეებს ძალიან ორიგინალურად და შინაარსიანად აღნიშნავენ. უყვართ ერთად ფიქრი, ერთმანეთის გახარებაზე, მოტივირებაზე, განვითარებაზე. პარალელური ან ზემდგომი სტრუქტურები ხშირად სთხოვენ დახმარებას, არა იმიტომ, რომ ბევრი თავისუფალი დრო რჩებათ, არამედ იმიტომ, რომ იციან გულს ჩადებენ დავალების შესრულებაში. საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეების კეთებაც უყვართ, რა მიზეზითაც შეიძლება ბარათაშვილის ხიდზე ფუნჯებით ხელში, ან შარდენზე ბავშვებთან ერთად აუცქიონზე ფერად-ფერადი აქსესუარებით დაინახოთ. იდეალურები არ არიან, მაგრამ არ ვიცი შემთხვევით ან გამიზნულად, აქ მოტივირების კარგი სტიმულები არსებობს, თან უწყვეტად, იმისთვის, რომ თანამშრომლებმა ამით იკვებონ და ტემპი არ დააგდონ.
მოტივირების სტიმულები ბევრია, როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი. პირდაპირი მოტივაცია თანამშრომლის შრომის, მონდომების, უნარების შეფასებითა და დაფასებით გამოიხატება და უფრო ერთჯერადია, არაპირდაპირი მოტივაცია კი ისეთი გარემოს შექმნას გულისხმობს, რომელიც მოტივაციის სიჯანსაღეს გრძელვადიანად განაპირობებს.