მოსწრების ხელოვნება
არ გყოფნით დრო?...
სულ სადღაც მიგეჩქარებათ?...
მუდმივად რაღაც გრჩებათ გასაკეთებელი?...
...მაშინ, ვფიქრობთ, ეს თემა თქვენთვისაა!
ამბობენ, რომ დროის დეფიციტი არ არსებობს. ჩვენ საკმაოდ ბევრი დრო გვაქვს იმის გასაკეთებლად, რაც მართლა გვინდა. თუ თქვენ, უმრავლესობის მსგავსად, ძალიან დაკავებული ხართ „რაიმეს“ კეთებით, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ არიან თქვენზე გაცილებით მეტად დაკავებულნი, მაგრამ ასწრებენ გაცილებით მეტს. მათ არ აქვთ თქვენზე მეტი დრო, უბრალოდ, უკეთესად იყენებენ მას.
დროის ეფექტურად გამოყენება ისეთივე ტექნიკაა, როგორც ველოსიპედის, ან მანქანის მართვა და მისი ათვისება სავსებით შესაძლებელია. ამისთვის არსებობს უამრავი საშუალება და მეთოდი. ქვემოთ სწორედ იმ საბაზისო პრაქტიკული მეთოდების შესახებ გესაუბრებით, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი დროის უკეთესად გამოყენებაში.
დაიწყეთ დაგეგმვით!
დროის „კონტროლი“ იწყება დაგეგმვიდან. გეგმის საშუალებით ჩვენ მომავალი გადმოგვაქვს აწმყოში და ვანაწილებთ ცალკეულ ღონისძიებებს დროში. გეგმას ადგენს ყველა: საღამოს რა უნდა გააკეთოს, ხვალ რა ფილმს უნდა უყუროს, შაბათ კვირას ვის უნდა ესტუმროს და ა.შ. უბრალოდ განსხვავებულია დამოკიდებულება გეგმის კეთებისადმი. ზოგი გეგმას უდგება ძალიან სერიოზულად, ზოგს კი გეგმების კეთება საერთოდ დროის კარგვად მიაჩნია და არა მისი ეფექტიანად გამოყენების საშუალებად.