მეფე დიმიტრი თავდადებული
(ვუძღვნი თ. პეტრე ნაკაშიძეს)
უქმე დღე იყო, ტვირთმძიმეი და დამაშვრალი,
საყდრის წინ ჯგუფად ხალხი იდგა და ჰყაყანებდა;
იქავე ახლოს, ცაცხვის ხის ქვეშ ერთი საწყალი
ბრმა მეფანტურე იჯდა ცალკედ და მდუმარებდა.
“ეჰ, რას ჰყაყანებთ, — დაიძახა ყმაწვილმა ბიჭმა, —
შინაც ძლივს ვუძლებთ დღე-მუდამის ჭირს, ვაგლახობას!
აქ მაინც ცოტად ფრთა გაშალოს გულის წადილმა...
ბრმა მეფანტურევ, გვითხარ რამე, მამა-შვილობას!
გვითხარი რამე, ბერო-კაცო, ნასმენ-ნახული,
ეგებ გულს ჟანგი მოაშორო კარგის ამბითა...
კარგს მთქმელს ტყვედ რჩების ნატკივარი გული ჩაგრული,
გული გაზრდილი ვაებითა, წვით და დაგვითა”.
ბრმა მეფანტურე გაიმართა მაშინვე წელში,
სახე ღრუბლვილი გაუნათლდა რაღაც მადლითა;
მისწვდა, აიღო თვის უბრალო ფანტური ხელში,
დაჰკრა ფანტურსა და დამღერა ნელისა ხმითა:
I
”მოდით, შვილნო, აქ მოგროვდით,
გეტყვით გულის გასათბობსა, —
ვინ ვიყავით, რა ვიყავით
ჩვენ ქართველნი წინა დროსა.
იმ დროს, როცა ქართვლის ბედი
ჩვენ ქართველთვე გვეპყრა ხელში,
როცა მამულისშვილობა
სასახელოდ იყო ჩვენში,
შვილნო, თქვენნი წინაპარნი
ეგრე გულქვად როდი იყვნენ...
ძმა ძმასა და მამა შვილსა
მამულს ხოლმე შესწირვიდნენ.
შვილის ყოლა გლეხს თუ თავადს
მარტო მისთვის გვიხაროდა,
რომ მამულსა მეომარი
მით ერთი ემატებოდა.
ტკბილსა ძუძუს დედა შვილსა
იმ იმედით აწოვებდა,
რომ სიცოცხლით ან სიკვდილით
ის მამულს ასახელებდა.
უწინ ქართველს უხაროდა
მამულისთვის მტერთან ომი,
ან მოჰკლავდა, ან თავის-თავს
შეაკლავდა როგორც ლომი.
მამულსთვის ვის ახსოვდა
განსაცდელი განსაცდელში!
ტრფობა გვქონდა გულში აბჯრად
და სატევრად — ხმალი ხელში.
ეგრეთ, შვილნო, აქ სცხოვრებდა
უწინდელი ქართვლის შვილი,
მის მუდამი ნატვრა იყო
ან სახელი, ან სიკვდილი.
მათს მომდევარს ყოველს თქვენგანს
ჰყვანდა დიდი წინაპარი...
რჯულის დაცვა, მიწა-წყლისა
მის მოწამედ თქვენ წინ არი...
II
”ეხლა რა ვართ? საწველ ფურად
თავი ჩვენი გადვიქციეთ.
ის სახელი, ის დიდება,
ის ოჯახი დავაქციეთ...
რაც ვყოფილვართ, ის აღარ ვართ,
რაც ვართ, ის ნუღარ ვიქნებით...
ღმერთი გვიხსნის, თუ შვილთ მაინც
გზად და ხიდად გავედებით.
წინა კაცი უკანასი
ხიდიაო, ნათქომია,
დღეის ვაგლახს ამით დასძლევს,
ვინცა ხვალისა მდომია.
ტყუილია სულთქმა, უში,
კაცი უნდა კაცად იყვეს,
სანთელსავით თვით დაიწვას
და სხვას კი გზას უნათვიდეს.
ამით იყო საქართველო
უძლეველი და ძლიერი,
ამით ედგა მტერს გულდაგულ
ეს პატარა ქართვლის ერი.
III
”ყური მიგდეთ, გეტყვით ამბავს
უტყუარსა და მართალსა:
ერთი მეფე თურმე ჰყვანდათ
უწინ ჩვენ მამა-პაპასა.
დიმიტრი ერქვა სახელად,
მხარ-ბეჭ-პრტყელი, ტანმაღალი,
ჯირითში თუ შვილდ-ისარში
არავინ ჰყვანდა ბადალი.
კაცი იყო, მეფე-კაცი,
თვალად, ტანად მშვენიერი,
გარეთ რისხვით მტრისა მსრველი,
შინ მოწყალე, ღვთისნიერი.
ღამით თურმე ჩაიცვამდა
უბრალო კაბა-ჯუბასა,
წავა და ინახულებდა
საწყალის ხალხის უბანსა.
მოივლიდა ქვრივს და ოხერს,
დავრდომილსა და ობოლსა,
თავის ხელით ურიგებდა
მოწყალებას და საზრდოსა.
ვის რაც გულში დარდი ჰქონდა —
წავა — იმას შესჩივლებდა,
გლახის, ობლის, ჩაგრულისას
სარჩლსა არ ითაკილებდა.
ყველგან იმის სამეფოში
თხა და მგელი ერთად სძოვდა,
ერი, ბერი, ობოლ-ქვრივი
სულ იმის დღეს ჰლოცულობდა.
IV
”მის დროს იყო ყეინობა,
მეფე ყეინს ჰმორჩილებდა,
მაგრამ თავის ქვეყნის საქმეს
თვის ნებაზედ განაგებდა.
ერთხელ ყეინს აეშალა
თათარივე კაცი ერთი,
იმძლავრა და გადიყენა
ნახევარი სათათრეთი.
მეფე ჩვენი ყეინს თურმე
არ გადუდგა სხვასავითა...
ვაჟი-კაცის წესი არის —
კაცს შეჰრჩება ძმასავითა.
შეიბნენ და შეიჭიდნენ
ყეინი და გადგომილი;
ძმას ძმის ძვალი ატეხინეს,
მამის სისხლსა ღვრიდა შვილი.
დამარცხდა ბოლოს ყეინი,
გამდგარმა აკი აჯობა,
ის მოკლა და თვით დაიპყრო
სათათრეთის ბატონობა.
ის ხომ მოკლა, მის ცოლ-შვილიც
ცხენსა კუდით ათრევინა,
საცა კი მის მომხრე იყო,
თავები დააყრევინა.
V
”ჯერი მიდგა ჩვენს მეფეზეც...
— ”რატომ მე არ მომიდგაო,
იმას ცოცხალს არ გავუშვებ,
თუ პირში სული მიდგაო”.
გაუგზავნა მოციქული:
— ”გამოცხადდი ჩემ-წინ შენო,
თუ არ მოხვალ, შენს ქვეყანას
ნაცარ-ტუტას ავადენო”.
დაგვიღონდა მეფე ქველი,
იმ ურჯულოს მიხვდა წადილს,
ისიც იცის, — იმ ღვთის-რისხვას
ჯართ სიმრავლე შესწევს ქადილს.
რა ჰქმნას? თითონც მამაცია,
მამაციც ჰყავს ჯარი, ერი,
მაგრამ ერთს რომ ასი გცემდეს,
კლდეც რომ იყო, გაგტეხს მტერი.
დიდს ჩავარდა საგონებელს,
შეუდგა ბჭობას, რჩევასა...
— ”წავალ — მომკლავს, — და არ წავალ —
ამიოხრებს ქვეყანასა”.
ბოლოს ბრძანა: — ”თავს მოვუყრი
მღვდელმთავართ და დიდებულთა,
ოცჯერ ზომვა, ერთხელ ჭრაო —
წესია მეფეთ ქებულთა.
ვნახოთ ერთი, რას მეტყვიან, —
წასვლას, თუ წაუსვლელობას?
ორში ერთს რას აირჩევენ, —
მეფის, თუ ქვეყნის დამხობას?”
VI
”ბრძანა და