წინასიტყვაობა
რა არის საჭირო სადებიუტო წიგნისთვის? ნიჭი, გულწრფელობა, ღიაობა, გაბედულება და წარმოსახვა. ჟანრი, რომელსაც გვანცა შეეჭიდა, ძალიან რთულია, რომანის სტრუქტურა და კომპოზიცია ბევრი დეტალის გათვალისწინებას მოითხოვს - სიზუსტეს, ოსტატობას, ძლიერ სუნთქვას. ავტორი ცდილობს, ორი სხვადასხვა სამყარო კომპოზიციურად დააკავშიროს ერთმანეთთან, ისტორიის წიაღში საკუთარი ალტერეგო მოძებნოს, ორი სხვადასხვა ამბავი ერთ ამბად აქციოს. სწორედ ამ ეტაპზე კარგად ჩანს ავტორის გემოვნება და განათლება.
ქართულ ლიტერატურას ძალიან აკლია ქალის მოყოლილი ამბავი, ქალის გულწრფელობა და ქალის სითამამე. ამიტომაც, ახალი ქალი ავტორი უკვე შესანიშნავი სიახლეა, მით უმეტეს, თუ ის ბესტსელერის ავტორობას აპირებს.
დიანა ანფიმიადი
მწერალი, კონკურსის ჟიურის წევრი
გვანცა გუბელაძის რომანი „შულამელი გოგონები“ აგებულია პრინციპზე „ამბავი ამბავში“. მეტიც, დროის დიდი მონაკვეთით დაცილებულ ორ ამბავში გადამწყვეტ საფინალო აკორდად შემოდის მესამე ეპოქის ამბავი, კიდევ უფრო დიდი დროით დაცილებული წინა ორს.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს სამწერლო ტრიუკი - ამბავი ამბავში - საკმაოდ რთული განსახორციელებელია და დიდ მწერლურ გემოვნებასა და ხელოვნებას მოითხოვს.
„შულამელი გოგონების“ ახალგაზრდა ავტორი კარგად ართმევს თავს ამ ამოცანას და სამი ქალის - 21-ე საუკუნეში მცხოვრები ლილეს, მე-16 საუკუნეში მცხოვრები თინათინისა და მეფე სოლომონის ხანაში მცხოვრები სულამითის - სამ საინტერესო თავგადასავალს ძალდაუტანებლად, სრულიად ბუნებრივად აწნავს ერთმანეთში.
რომანის სიუჟეტი საინტერესოდ იტოტება, დინამიკურ ეპიზოდებს ცვლის დამაჯერებელი ფსიქოლოგიური წიაღსვლები, ერთი ეპოქის ამბიდან მეორე თუ მესამე ეპოქის ამბავზე გადასვლა ხდება არა ხისტად, არამედ ბუნებრივად, რბილად, რაც განაპირობებს იმას, რომ ნაწარმოებიც იკითხება რბილად, ძალდაუტანებლად, კომფორტულად, ე.წ. თხრობით „მეჩეჩებზე“ წამოდების გარეშე.
ვულოცავ გვანცა გუბელაძეს კონკურსში გამარჯვებას და ამ საინტერესო წიგნის გამოცემას, ვუსურვებ წარმატებებს სამწერლო ასპარეზზე.
ვულოცავ სალიტერატურო კონკურსს „გახდი ბესტსელერის ავტორი“ კიდევ ერთი საინტერესო ავტორის და ნაწარმოების გამოვლენას.
თამრი ფხაკაძე
მწერალი, გვანცა გუბელაძის მენტორი
„კარგი, რა, ხომ დაგვპირდი, დავწერო?!“
„მერამდენე დღეა, აქ ვსხედვართ გამოკეტილნი, სრულ სიბნელეში. შენ დაგვპირდი!“
და ვხვდები, ახლა რომ არ დავწერო, პერსონაჟების ღალატი იქნება.
„გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, ველის ნიამორებს და ირმებს გაფიცებთ, არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული, ვიდრემდის თავად არ ინებოს.“
„ქებათა-ქება სოლომონისა“ 2:7
„რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება. არაფერია მზის ქვეშ ახალი.“
„ეკლესიასტე“ 1:9