წინასიტყვაობა
ადამიანური ურთიერთობების მთელი სირთულე, მრავალწახნაგოვნება განსაკუთრებით იჩენს თავს, როდესაც ერთმანეთს მგრძნობიარე და ჯიუტ ადამიანებს ახვედრებს ბედი. როდის არის გრძნობა ნამდვილი? როდის არის უკან დახევა კომპრომისი, საყვარელი ადამიანის გამო გაღებული, და როდის - საკუთარი პრინციპების ღალატი? ან როდის ვხვდებით, სწორად ავირჩიეთ თუ არა ცხოვრების თანამგზავრი?
აი, ასეთ მარადიულ პრობლემებს, ზნეობისა და გრძნობების გამოცდის საკითხებს შეეჭიდა ახალგაზრდა ავტორი წინამდებარე ნაწარმოებში. როგორ გაართვა მან თავი ამოცანას და რას გვეტყვის ახალს ყველასათვის საინტერესო თემებზე, მკითხველი მისი რომანიდან შეიტყობს.
ლია თოფურია
წიგნის რედაქტორი
ნათია ჯაგოდნიშვილის რომანი „ცდუნება“ ყველასთვის ნაცნობ და საინტერესო თემებს ეხება. ეს არის წიგნი სიყვარულზე, ღალატზე, ურთიერთობებზე, ვნებასა და საკუთარი თავის ძიებაზე... მთავარი გმირი - აივი - ახალგაზრდა, თავისუფლებისმოყვარე, ხელოვანი გოგონაა, რომელიც მდიდარ ბიზნესმენს ხვდება. მათ ძლიერი ვნება აკავშირებთ, მაგრამ როგორც კი ახალ ეტაპზე გადასვლის დრო დგება, მამაკაცი უკან იხევს... აივი განშორებას ძალიან მძიმედ გადაიტანს, მაგრამ... ცხოვრება მუდამ სავსეა სიურპრიზებით. ახალგაზრდა მხატვარი ცხოვრებას ახალი ფურცლიდან იწყებს და ადაპტაციას ცდილობს.
წიგნში წამოჭრილია სადავო და რთული საკითხები - როგორ უნდა მოიქცე, როცა საყვარელ ადამიანთან ბედნიერად ცხოვრობ, მაგრამ მოულოდნელად ძველ სიყვარულს შეხვდები? შეძლებ, გაუძლო ცდუნებას? რა უფრო ძლიერია, ვნება თუ სიყვარული?
მთავარი გმირის მიმართ უცნაურად გაორებული დამოკიდებულება გიჩნდება. თან არ მოგწონს მისი არჩევანი, თან ძალიან გულშემატკივრობ. რომანი საკმაოდ დრამატული, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან მსუბუქი საკითხავია.
განსხვავებული სოციალური დონეები, ჰობი, მისწრაფებები, მიზანი, ცხოვრების აზრი, ფსიქოლოგიური ტრავმა და, რა თქმა უნდა, ძლიერი სიყვარულის ამბავი - ეს ყველაფერი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. წიგნის გმირივით ჩვენც ხშირად ვდგებით რთული არჩევანის წინაშე, ამიტომ გვაინტერესებს, მსგავს სიტუაციაში სხვა როგორ მოიქცეოდა. აივის ძალიან რთული გზის გავლა და სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს, მაგრამ რა არის ცხოვრება, თუ არა გზა საკუთარი თავის შეცნობისა?!
თეა ინასარიძე
მწერალი, ნათია ჯაგოდნიშვილის მენტორი
„ტანჯვა გვასწავლის სიყვარულს. გული კი არ გვემსხვრევა, იმიტომ გვტკივა, რომ იზრდება და იზრდება. რაც უფრო დიდი ხდება გული, მით მეტი სიყვარულის დატევა შეუძლია.“
რიტა მეი ბრაუნი (ინგლისურიდან თარგმნა ქეთევან მათითაიშვილმა)