1. როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,
ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში,
არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი,
ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე...
ლონდონი თითქოს თავადაა ინგლისი და, პირიქით, თავად ინგლისია ლონდონი.
ჩვენთანაც ხომ ეგრეა, პასპორტში გიწერია ქართველი, ისე თბილისელი ხარ, მერე მოდის განშტოებები პლეხანოველად თუ ძირძველ ვერელად. ყველას ერთად კი თბილისი ჰგონია დასაწყისიცა და დასასრულიც, იმის იქით განაპირა სამყაროა. ზაფხულობით თუ სოფელში ჩახვალ მოხუცი ბებია-ბაბუის მოსანახულებლად და მისახმარებლად, უკვე თბილისად ქცეულ ბათუმში დაბრუნებული, საზოგადო შეკრების ადგილას ხმამაღლა იწყებ მოყოლას, როგორ ვერ წამოიღე ერთი პარკი მოსაწევი, რომ გამგზავრების მიზნად ბალახის ძიება აქციო, რომ საშინლად გძულს ცხოვრება კომფორტის გარეშე, მთელი ეს ჩეჩმები, ჭრაჭუნა ლოგინები და სხვა მრავალი, ამის შემდეგ მორჩა, სოფლის "ზაგარი" ახსნილია, უკვე კაი ტიპი ხარ.
თბილისი ერთი უშველებელი მცოცავი ორგანიზმია, პირობითად წარმოვიდგინოთ უზარმაზარი მცოცავი "ხალადეცი", გავლისას კვალს რომ ტოვებს და ამ კვალს თავმომწონედ რომ მიჰყვება რჩეულად ნაღები საზოგადოება, ფერადად გამოწყობილი გოგონები და შავებში გამოწკეპილი ბიჭები. ზაფხულში ზღვისპირა ქალაქებს იპყრობენ, ზამთარში – სამთო-სათხილამუროს, შესაბამისად, შემოდგომაზე აუცილებელია "რაზნიცით" მარიაჟობა, მარტში – გუდაურში გადამწვარი სახით. ხშირად ამ მცოცავ არსებას ქალაქის საზღვრები არ ჰყოფნის, ხშირად კი ზედმეტად გადაჭიმული ეჩვენება და პატარა კოალიციას ქმნის რომელიმე ცამდე პრესტიჟული უბნის უფრო პრესტიჟულ ბარში, შესაძლოა, ერთ საშუალო ზომის მაგიდასთანაც შენიშნოთ სუფრის თავში მჯდომი უზარმაზარი "ხალადეცი", პერომოზომილი საზოგადოებით გარემოცული, ოღონდ თვითონ არ ჩანს. ასეთი უზარმაზარი მცოცავი სხეულები ძირითადად უხილავები არიან, მხოლოდ განავალს ტოვებენ, დროდადრო და აქა-იქ.
თბილისზე გამიგრძელდა, დასაწყისისთვის, თორემ შემდეგ კიდევ ბევრჯერ შევხვდებით.
ლონდონიც ასეა-მეთქი, რომ ვთქვა, მინიმუმ ნახევარ ბომონდს უნდა ვიცნობდე და ზოგიერთის სულშიც უნდა მქონდეს ერთხელ მაინც ჩახედულ-ჩაფურთხებული. ამიტომ დასკვნებისგან თავს შევიკავებ. მოკლედ, რაც საერთო გვაქვს, ესაა, როგორც ჩვენთან, აქაც ლონდონი ინგლისია, ინგლისი კიდევ – ლონდონი, ჩვენთვის, ყოველ შემთხვევაში, საკუთარის გადმოსახედიდან, ვისაც სხვა ქალაქების სახელები მხოლოდ საფეხბურთო კლუბებიდან მოგვეხსენება.
ჩემთვისაც ნიშნავს ლონდონი რაღაც-რაღაცებს, მაგრამ ეს ქალაქი, ამდენი საუბრისდა მიუხედავად, ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია. მანამდე კი, სანამ უშუალოდ ამბის მოყოლაზე გადავიდოდე, მოგახსენებთ, რას ნიშნავს მთლიანად ინგლისი ჩემთვის – უამრავ თავისუფალ და უპასუხისმგებლოდ გატარებულ დროს. ხედავ, როგორ მიიჩქარის ერთი ადგილიდან მეორისკენ ნებისმიერი სულიერი და ირონიულ აღტაცებას ცამდე აჰყავხარ, დგახარ მოღიმარე, ირგვლივ კი ყველა სადღაც გარბის: ბავშვები სკოლაში, უფროსები უნივერსიტეტში, კიდევ უფრო მოზრდილები სამსახურში, ტურისტები ენაგადმოგდებული დარბიან, ყოველ ღირსშესანიშნაობასთან რომ მოასწრონ ყოვლად უღირსი ფოტოების გადაღება. აი, ჩემთვის კი ცნება "დრო", თითქოს კარგავს თავის პირვანდელ დანიშნულებასა და მნიშვნელობას და გარდაიქმნება ყოვლად უსარგებლო, გაუთვალისწინებელ არსებად მთელი თავისი მაღვიძარებიან-გონგებიანად. თითქოს ფარულ ძალაუფლებასაც გრძნობ, მხოლოდ შენ შეძელი, დაგენახა უხილავი ბარიერი და შემდეგ დაუფიქრებლად გადააბიჯე ასეთ ხელუხლებელ ფენომენს.
შევეშვათ მახვილგონიერებას, თუ გნებავთ, ამ მახვილგონიერებას ფსევდოც დაუმატეთ და ისე შეეშვით, მე პირადად, არ მაინტერესებს. უფრო ყოფითად გადმოვხედოთ ყველაფერს, ვაღიაროთ დრო, რადგან უარყოფას მაინც ვერ შევძლებთ, თუმცა ვახსენოთ იშვიათად. ამის გათვალისწინებით, ინგლისი მისი მრავალეთნიკური მოსახლეობითა და მუდმივი ტურისტული მიმოსვლით ყრუ-მუნჯების ქვეყნად მესახება, სადაც ყოველ ქალაქში, ყოველი ქუჩის ყოველ კუთხეში შეხვდებით უზარმაზარ რუკას მიშტერებული რამდენიმე ადამიანის პანტომიმურ დადგმას მთავარი ამოცანით – მივაგნოთ დანიშნულების წერტილს. ასეა ყველგან და ყოველთვის, არავინ გეტყვის სიტყვებს: "სანთებელა ხომ არ გექნებათ" ან "ჯიგარო, ერთი ღერი მომაწევინე, თუ კაცი ხარ". აქ მოჩვენებითად დამორცხვებული სახითა და ხელის მარტივი მოძრაობით გკითხავს, შენც მარტივად უპასუხებ, ან თავს გააქნევ და ჩაივლი, ან გულისხმიერებას გამოიჩენ.
ჩასვლისთანავე მარტივად დავივიწყე გულისხმიერება და მივხვდი, ბარბაცა ინგლისურით ადვილად გავიდოდი ფონს, მოქურდულო უბანში გაზრდილს არ გამიჭირდებოდა ხელების ქნევა.
ვცხოვრობდი ლონდონთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ ბრაიტონში. იშვიათად მოიძებნება ტურისტებით გადაჭედილი, მაგრამ მაინც ასეთი მყუდრო ქალაქი. კარგად დაპროექტებული ერთოთახიანის პონტია, ოთახნახევრიანსაც რომ დაარქმევ – ისეთის. მთელ ქალაქს მიჰყვება სანაპირო. თავიდან მეგონა ხალხით გადაჭედილი ქვიშები დამხვდებოდა. მართალია, ჩასვლამდე მეტ-ნაკლებად გავერკვიე კლიმატის თავისებურებაში, მაგრამ ჩასვლისას რადიკალურად შემეცვალა აზრი, ასეთი უხალხო სანაპირო არასდროს მენახა, თითო-ოროლა თბილად ჩაცმული ტურისტით მომხიბლა კიდეც გარემომ. დილაობით შორიდან რომ გავხედავდი, ჩვენებური შავი ზღვა, ბათუმი და სომხებ-თურქებ-აზერბაიჯანელების დაპყრობილი ქობულეთი მახსენდებოდა, თითქოს ყურში მკაფიოდ ჩამესმოდა შეძახილები: "ცხელი სიმინდი", "ცივი სასმელები", "სურათი გაუბედურებულ დათვის ბელთან" და ასე შემდეგ. სხვა სანაპიროზე არც არასდროს ვყოფილვარ.
დარწმუნებული ვარ, ყველას გვინახავს ბავშვობის