კონკურსი "გახდი ბესტსელერის ავტორი" - ჟიურის რჩეული ელის დოჯსონის „რაფლეზიამ“ თავიდანვე მიიპყრო ჩემი, როგორც ჟიურის წევრის, ყურადღება. ქვეცნობიერად, ამის მიზეზი, ალბათ, ფრანსუაზ საგანის რომანთან – „ცოტაოდენი მზე ცივ წყალში“ – შორეული ფაბულური მსგავსება გახლდათ... და, მიუხედავად იმისა, რომ მხატვრული ტექსტების „ქალურად“ და „მამაკაცურად“ დაყოფის წინააღმდეგი ვარ, აქაც ერთგვარი სიმბოლური დამთხვევაა. ამბავი ე.წ. „შუახნის ასაკის კრიზისს“ ეხება. ავტორი ახერხებს, ისე აღწეროს მოვლენები, რომ არ გაანელოს მკითხველისეული ინტერესი და აიძულოს ის, ბოლომდე მიჰყვეს ამბავთმდინარებას. წიგნის ღირსებად მიმაჩნია ისიც, რომ ნათხრობი აცდენილია ვიწროეროვნულ ჩარჩოს, იგი თანაბრად მახლობელი შეიძლება აღმოჩნდეს სხვადასხვაენოვანი მკითხველისთვის.
დაბოლოს, მსოფლიოში ყველაზე დიდი და ლამაზი ყვავილის - რაფლეზიას მხოლოდ ვიზუალური მახასიათებელი გამხდარიყოს წინამდებარე წიგნის ამოსაცნობი ნიშანი.
რამაზ ჭილაია
ლიტერატორი, კონკურსის ჟიურის წევრი
წიგნი ძალიან საინტერესოა. ეხება აქტუალურ და გლობალურ თემებს. სწორედ ამიტომ, ეს რომანი არა მარტო ქართველი მკითხველისთვის იქნება ახლობელი და გასაგები, მას თავისუფლად გაიგებს და მიიღებს უცხოელ მკითხველთა აუდიტორიაც.
რაც შეეხება ავტორს, ის ნამდვილი ელისია საოცრებათა ქვეყნიდან. დარწმუნებული ვარ, მას ხალხის აღიარება და დიდი სიყვარული ელის, რადგან ძალიან ნიჭიერია. მიხარია, რომ ჩემი წვლილიც შემაქვს მისი პირველი წიგნის გამოცემაში.
რუსუდან ფეტვიაშვილი
მხატვარი, ყდის ილუსტრატორი
როცა ამ წიგნის კითხვა დავიწყე, მხოლოდ ის ვიცოდი ავტორის შესახებ, რომ მდედრობითი სქესის გახლდათ და ფსევდონიმით წერდა. უფრო სწორად კი, წიგნის ავტორი რომ ქალი იყო, ამას სწორედ კითხვის დროს მივხვდი და ამიტომაც კიდევ უფრო დავინტერესდი.
თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ისედაც კარგა ხანია, რაც მაინტერესებს ქალი მწერლები – მაინტერესებს, როგორ აღწერენ ისინი იმავე სამყაროს, რომელშიც ჩვენც ვცხოვრობთ, და როგორ ხედავენ იმავე პრობლემებს, რომლებსაც ჩვენ გავურბივართ და ზოგჯერ, უბრალოდ, ვემალებით. ამ წიგნში კი, უცებ, ისეთი გულწრფელობაც აღმოვაჩინე, როგორიც ძალიან მიყვარს ლიტერატურაში. აღმოვაჩინე ზღაპრის ელემენტებიც, რაც ბავშვობაში მაბრუნებს ხოლმე და ყოველთვის ბავშვივით მიხარია ასეთი წიგნის კითხვა.
რამდენ ახალ და უცნობ წიგნს მთავაზობენ ხოლმე წასაკითხად და თანაც – რა ხშირად... და რამდენადაც ძალიან მიხარია ხოლმე ახალი და კარგი სახელების აღმოჩენა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში, იმდენად მეშინია, რომ უცებ, შეიძლება, ძალიან მოვიწყინო. არადა, მართლა მოვიწყენ ხოლმე, თუ წიგნი საინტერესოდ არ იკითხება. ამას კი, უბრალოდ, ვერ მოვწყდი და, სანამ ბოლოში არ გავედი, არც გავჩერებულვარ.
წიგნი რომ დავამთავრე, კარგა ხანს ვდუმდი ძალიან მოწყენილი სახით (მკითხეს კიდეც სახლში, ხომ მშვიდობააო) და მერე გამეღიმა, რადგან მივხვდი, რომ „პალიტრა L“-ის თხოვნას ელისის მენტორობასთან დაკავშირებით ვერ შევასრულებდი – ალბათ, მართლა არ არსებობს მწერალი, რომელიც მეორე მწერალს რამეს ურჩევს და, მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ იმ მეორეს უკვე ასეთი საოცარი წიგნი აქვს დაწერილი.
მერე, როცა პირადად გავიცანი ავტორი, საბოლოოდ იმაშიც დავრწმუნდი, რასაც მანამდე მხოლოდ ინტუიციით მივხვდი – ასეთი წიგნის ავტორი თვითონაც კეთილი ზღაპრის პერსონაჟია...
დათო ტურაშვილი
მწერალი, ელის დოჯსონის მენტორი