I "When you walk through a storm,
Hold your head up high
And don’t be afraid of the dark"
ოსკარ ჰამერშტეინი II (აქ და შემდგომშიც მოყვანილია ფრაგმენტები სიმღერიდან "შენ არასდროს იქნები მარტო", რომელიც 1960-იან წლებში "ლივერპულის" ჰიმნად იქცა. სიმღერა პირველად გაჟღერდა 1945 წელს ნიუ-იორკში, ბროდვეის სცენაზე, რიჩარდ როჯერსის მიუზიკლში "კარუსელი". ტექსტის ავტორია ოსკარ ჰამერშტეინი II.)
ფრაგმენტი ლექსიდან "You’ll never walk alone"
ორივე ფეხით მოვცილდი მწვანე საფარს, მთელი ტანით წავედი წინ და ჩიტივით დავეკიდე ჰაერში. შევარდნის სისწრაფით გავიჭერი თავით ბურთისკენ, ვიგრძენი ბურთთან შეხება, შემდეგ მარჯვენა ფერდში ძლიერი ტკივილი და მოწყვეტით შევენარცხე მეკარისგან მარჯვენა ძელს. შეხება მიწასთან... საკუთარი სახით ახეხილი ბალახის სურნელი ვიგრძენი, თვალთ დამიბნელდა და გავითიშე. რამდენიმე წამი მხოლოდ სიჩუმე იყო, მერე თითქოს ნაცნობი ხმაური ჩამესმა ყურში, რომელიც არაერთხელ მომისმენია ენფილდზე (ენფილდი – საფეხბურთო სტადიონი ლივერპულში.) გატანილი გოლის შემდეგ; მერე ისევ სრული სიჩუმე, დროდადრო მხოლოდ ნჯღრევას ვგრძნობდი. ორიოდე წამით ისევ გავახილე თვალი, ენფილდის ზედა იარუსების სილუეტებმა ჩრდილებად ჩამიარა. საკვირველად და უცნაურად ხმაურობდა ენფილდი. სიკვდილის შიშით გაჯერებული ტაშის ხმა მესმოდა, ყველაზე საშინელი და, ამავდროულად, ყველაზე სასიამოვნო რამ, რისი გაგონებაც კი ჩემს ცხოვრებაში მოვასწარი.
* * *
ივლისის ცხელ საღამოს უბნის საფეხბურთო მოედნიდან სახლისკენ დაღლილ-დაქანცული, გაოფლიანებული და მოწყურებული ძლივს მივლასლასდი. "ლივერპულის" 8-ნომრიანი მაისური გვერდზე მივაგდე და მაცივრიდან გამოღებული ბოთლი სულმოუთქმელად ჩავცალე. დედაჩემმა მაგიდაზე დადებულ კონვერტზე მიმითითა და თან გამიღიმა (მივხვდი, რომ წაუკითხავს უკვე). გავხსენი, კითხვისას გული ამიჩქარდა და თვალებს არ ვუჯერებდი – გაცვლით პროგრამაში გავიმარჯვე და ოფისში მისვლას მთხოვდნენ, რომ ქალაქი და სკოლა შემერჩია.
მეორე დღესვე მივაშურე სასკოლო გაცვლითი პროგრამის ბრიტანეთის ოფისს და პროგრამის ხელმძღვანელს მივაკითხე. ლონდონის, მანჩესტერისა და ლივერპულის სკოლებიდან შემეძლო ჩემთვის სასურველი შემერჩია და მეც, რა თქმა უნდა, ლივერპულის "სენტ ედუარდის" კოლეჯი შევარჩიე.
ორიოდე დღეში მთელმა სკოლამ და უბანმა იცოდა, რომ მომავალი წელი ლივერპულში უნდა გამეტარებინა. ზაფხული წვრილმანი პრობლემების მოგვარებასა და საბუთების მომზადებაში მალე გავიდა. ლივერპულში სწავლა 7 სექტემბერს იწყებოდა, ხოლო პროგრამის გამარჯვებული მონაწილეები პირველში უნდა ჩავსულიყავით და იქაურ ოჯახებში დავბინავებულიყავით. საქართველოდან სულ ხუთნი წავედით, ლივერპულში – მხოლოდ მე.
აეროპორტში გასაცილებლად მთელი სკოლა და სანათესაო გამყვა. სიამაყით მემშვიდობებოდა კლასის ხელმძღვანელი, სკოლის დირექტორი და უამრავი ის ადამიანი, რომელიც იმ დღემდე საერთოდ არ მყავდა ნანახი. დავემშვიდობე ოჯახის წევრებს, ჩემს კლასელებს და უახლოეს მეგობარს, ძმობაშეფიცულ დავით გამრეკელს (საძმაკაცოში "ბომბორას" სახელით ცნობილს). პირველში, დილით ლონდონის ჰითროუს აეროპორტში ვიყავი. ლონდონიდან, პროგრამის ერთ-ერთ ხელმძღვანელთან ერთად, ლივერპულში გავემგზავრე. გეგმის მიხედვით, იმ დღესვე უნდა მივსულიყავით მასპინძელ ოჯახთან და გაცნობითი ვახშამი გვქონოდა, შემდეგ კი თანმხლები პირი დამტოვებდა.
ჩემი მასპინძლები ლივერპულის რკინიგზის სადურზე დამხვდნენ. ოჯახის უფროსი – ენდი მაკგრეგორი, 42 წლის, შოტლანდიიდან გადმოსული შემდუღებელი, ლივერპულის საგზაო სამსახურის თანამშრომელი; მისი მეუღლე – 39 წლის ჰელენ მაკგრეგორი, ბავშვთა ფსიქოლოგი; ვაჟი – ჯონ მაკგრეგორი 16 წლის (ჩემი ტოლი), ჩემი მომავალი კლასელი; უმცროსი ვაჟი – გრეგორ მაკგრეგორი, 12 წლის. ოჯახის ერთი წევრი აკლდათ – უფროსი ქალიშვილი ჯენი დაქორწინებული ყოფილა ჩრდილო-ირლანდიელ ფერმერზე და ჩამოსვლა ვერ მოუხერხებიათ.
სახლი ჩელტენემ ავენიუზე მდებარეობს, წმინდა ინგლისურ დასახლებაში, ვიწრო ქუჩებითა და წითელი აგურის სახლებით, წინ მწვანედ მოხასხასე გაზონითა და ყვავილების ბაღით. სკოლა საკმაოდ მოშორებით იყო, დაახლოებით შვიდ კილომეტრში, თუმცა, როგორც ჯონიმ მითხრა, ავტობუსი მოგვემსახურებოდა. ახალ სახლში თავიდან მორიდებით ვიქცეოდი. მისვლისთანავე ჰელენმა სუფრა გაშალა და ვივახშმეთ. ენდის საქართველოდან წაღებული ღვინო ვაჩუქე და ვახშამზე ჩემი მისვლა თითო სადღეგრძელოთი აღვნიშნეთ. ღვინოც მოეწონათ, საუბრებიც უფრო გულახდილი გახდა და მეც ცოტა გავთამამდი. ჯონი კარგი, მეგობრული ბიჭი ჩანდა. ვგრძნობდი, რომ ერთმანეთს კარგად გავუგებდით. ვახშმის შემდეგ უბნის დათვალიერება შემომთავაზა და მეც დაუყოვნებლივ დავთანხმდი. ენდისგან ნებართვა ავიღეთ იმ პირობით, რომ სახლში ათ საათამდე უნდა დავბრუნებულიყავით.
ჯონიმ ჯერ ჩვენი ქუჩა ამატარა თავიდან ბოლომდე, შემდეგ გვერდით უახლოესი ქუჩებიც მოვიარეთ და როდესაც საუბარში ცოტა მოვუშინაურდი, ენფილდის დათვალიერებაც ვთხოვე.
– მოდი, ენფილდზე წავიდეთ, მისი ნახვა ჩემი ოცნებაა.
– ჯორჯ (ასე გადათარგმნეს ჩემი სახელი და ვერაფრით ვათქმევინე გიორგი), ენფილდი აქედან დაახლოებით 5 მილის იქითაა, ფეხით ვერ წავალთ, ავტობუსს გავყვეთ.
– სიამოვნებით! – ვუთხარი და ენფილდისკენ გავეშურეთ.
როგორც კი ენფილდ როუდი გადავკვეთეთ, ავტობუსი გავაჩერებინეთ და ჩამოვედით. მარცხნივ