შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა იქნებ შეცდომის დაშვება წრეზე სიარულს ჰგავს? რამდენიც უნდა იარო, ბოლოს ისევ იმ ადგილს უბრუნდები, საიდანაც დაიწყე. ნუთუ შესაძლებელია, იმ ადამიანმა გასწავლოს სიყვარული და თავისუფლება, რომელსაც თავად არასოდეს განუცდია ის?!
ადამიანის სული ვარსკვლავებით მოჭედილი ცაა, რომელსაც სათითაოდ სწყდება იმედები და ნდობის პატარა ნაგლეჯები, მაგრამ ამ "ვარსკვლავებს" ვერასოდეს ჩაუთქვამ სურვილს, ისინი სწყდებიან და ყოველთვის თან მიაქვთ სურვილები, ოცნებები... ამბობენ, იმედი ბოლოს კვდებაო, დიდი შანსია, ეს იმედი გაცრუებული იყოს, მაშინ რაღა აზრი აქვს, თავში მოკვდება ის თუ ბოლოში?
ამბავი იან კლაინზეა, მხატვარზე, რომლისთვისაც ყოველი დღე ერთნაირია, უიმედო; რაც უნდა მრავალფეროვანი იყოს ის, მაინც რუტინულია, რადგან არ გააჩნია ბედნიერებისკენ სწრაფვის დაუღალავი სურვილი, მას ცხოვრების თავისებური ფილოსოფია აქვს – ფერების ფილოსოფია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მეგობარი ჰყავს, ის მაინც მარტოსულია და სწორედ ესაა მისი განსაკუთრებულობის მიზეზი. მართალია, იანმა საკუთარი თავისა და შემოქმედების სიყვარული ისწავლა, მაგრამ მაინც ვერ შეძლო ის, რომ თვითონ და თავისი ნახატებიც მიუწვდომელი დარჩენილიყო ადამიანებისთვის. ის გახდება პოლიციის განყოფილების მხატვარი და დახატავს ფოტორობოტებს დეტექტივებისთვის – მორგანისა და ფორდისთვის, რომლებიც ქალაქში სერიულ მკვლელობებს იძიებენ. თუმცა დამნაშავის კვალი ყოველთვის იან კლაინთან მიდის, მაგრამ საინტერესოა, ვინ არის რეალური დამნაშავე: თავად იანი, სანისადმი მისი სიყვარული თუ შვიდი მომაკვდინებელი გრძნობიდან ერთ-ერთი?