ელინური მითები პრომეთე
იყო დრო, როცა ქვეყნად ადამიანი არ მოიპოვებოდა. მთელ დედამიწას მხოლოდ ცხოველები დაუფლებოდნენ.
ზღვა თევზებით იყო სავსე. განთიადის მოახლოვებისას ფრთოსანთა ჭიკჭიკი მთელ არემარეს აყრუებდა. უღრან ტყეებში ცხოველების ხმაური და ჟრიამული მხოლოდ საღამოხანს მიწყდებოდა.
ქვეყნად ყველაფერი თითქოს რიგზე იყო მოგვარებული, მაგრამ დედამიწის ზურგზე არ გაისმოდა ადამიანის ხმა, დედამიწას აკლდა მხოლოდ ადამიანი.
სწორედ ამ ხანებში ოლიმპოს მთის მწვერვალიდან განდევნილი ღმერთების შთამომავალი ტიტანი პრომეთე ჩამოეშვა საუცხოვო მცენარეებით უხვად მოფენილ დედამიწაზე, რომელზედაც ადამიანს ჯერ კიდევ ფეხი არ დაედგა.
ტიტანს კარგად ჰქონდა შეგნებული, რომ დედამიწის გულში ჩამარხულია ღვთაებრივი თესლი, რომლის სულის ჩადგმა, გაცოცხლება შესაძლებელია.
პრომეთემ აიღო ნედლი თიხა და მისგან გამოძერწა ისეთი გამოხატულება, რომელიც მთლიანად მარად მშვენიერ ღმერთებს წააგავდა.
ტიტანმა თიხისგან ამგვარად გამოძერწილ ჯერ კიდევ უსიცოცხლო გამოხატულებას ჩაუნერგა ცხოველების ბოროტი და კეთილი გრძნობები. სიბრძნის ქალღმერთმა ათენა პალასმა ნახევრად ცოცხალ გამოხატულებას ღვთაებრივი სული შთაბერა.
ამრიგად გაჩდნენ დედამიწის ზურგზე პირველყოფილი ადამიანები, რომლებიც პირველ ხანებში ბავშვებივით სუსტნი და უძლურნი იყვნენ.
ადამიანებს ჯერ კიდევ ვერ მოეხერხებინათ სხეულების ნაწილების სასურველად ამოძრავება.
ღვთაებრივი ნაპერწკალი, რომელიც ადამიანების გულში ღვიოდა, თანდათან ქრებოდა და ირგვლივ შემორტყმულ წყვდიადს ვერ ფანტავდა, დედამიწას სინათლის შუქს ვერ ჰფენდა.
მართალია, ადამიანები თვალებს ახელდნენ, მაგრამ ხედვით კი ვერაფერს ხედავდნენ, ერთ საგანს მეორე საგნიდან ვერ არჩევდნენ.
ადამიანის ყურებს თუმც ხმა სწვდებოდა, მაგრამ გონებას კი ვერ სწვდებოდა, ეს ხმა მას არაფერს ეუბნებოდა.
ადამიანის ცხოვრება პირველ ხანებში ასე უმწეოდ და უნუგეშოდ მიმდინარეობდა. საბრალონი უაზროდ და უმიზნოდ დაძრწოდნენ დედამიწის ზურგზე, თითქო საღათას ძილში იმყოფებიანო.
ამ უხსოვარი დროის ადამიანმა არ იცოდა რა არის ხელოსნობა. უბრალო ხისა და ქვის გათლასაც კი ვერ ახერხებდა, უბრალო ქოხის აშენება უძნელდებოდა, ქურაში აგურის გამოწვაზე წარმოდგენაც კი არა ჰქონდა.
ადამიანი ამ პირველყოფილ ხანაში გაზაფხულს ზამთრისაგან ვერ არჩევდა, ყველგან და ყველაფერს უწესრიგოდ აკეთებდა. საბრალონი დედამიწის ზურგზე ჭიანჭველებივით დაბობღავდნენ და ერთი ადგილიდან მეორე ადგილს უმწეოდ აწყდებოდნენ.
მაგრამ ადამიანთა უსაზღვროდ მოსიყვარულე პრომეთე არ ივიწყებდა მის მიერ შექმნილ ჯერ კიდევ სუსტსა და უმწეო არსებებს.
ძლევამოსილი ტიტანი მუდამ ადამიანის მომავალ ბედზე, მის კეთილდღეობაზე ფიქრობდა და ერთ წუთსაც არ ივიწყებდა ადამიანთა გვარეულობის უნუგეშო მდგომარეობას.
კაცობრიობისათვის თავდადებულმა პრომეთემ პირველყოფილ ადამიანს შეასწავლა საცხოვრებელი ბინის აშენება, საქონლის უღელში შებმა, ზღვასა და მდინარეებში ნავებით მოგზაურობა და ცის მნათობთა მოძრაობის აღნუსხვა და აღრიცხვა.
პრომეთემ ადამიანებს შეასწავლა, რომელი ფრინველი, რომელი ცხოველი სასარგებლოა და რომელი მავნებელი, ზედმიწევნით შეასწავლა სამკურნალო ბალახებიდან წამლების მომზადება.
ადამიანებს წარმოდგენა არ ჰქონდათ ლითონების დამუშავებაზე, - კაცთა მოსიყვარულე პრომეთემ დაწვრილებით აუხსნა ხალხს ოქროს, რკინის და ვერცხლის ნიშნობლივი თვისებები და შეასწავლა, როგორ უნდა ამოეღოთ ეს ლითონები მიწიდან და როგორ დაემუშავებინათ.
ერთი სიტყვით, პრომეთე, როგორც პატარა ბავშვებს, თავს დასტრიალებდა ახლადგაჩენილ ადამიანთა მოდგმას და ასწავლიდა ყველაფერს, რაც კი სარგებლობას მოუტანდა და საუკეთესო ცხოვრების პირობებს შეუქმნიდა ჯერ კიდევ სუსტსა და უმწეო ადამიანს.
სწორედ ამ დროს ოლომპოს მწვერვალზე მბრძანებლობდა ღმერთების მამამთავარი, ყოვლად შემძლებელი ზევსი, რომელმაც სამეფო ტახტიდან ჩამოაგდო თავისი მამა კრონიონი და ძველი ღმერთების მთელი გვარეულობა, რომლის შთამომავლობასაც პრომეთე ეკუთვნოდა.
ოლიმპოზე იმჟამად მცხოვრები ახალგაზრდა ღმერთები დიდის ცნობისმოყვარეობით შეჰყურებდნენ დედამიწაზე ახლადმოვლენილ მცხოვრებლებს და ყოველგვარ ზომებს იღებდნენ, რომ ადამიანებს თავისი ცხოვრების პირობები გაეუმჯობესებინათ, მაგრამ სამაგიეროდ მოითხოვდნენ პატივისცემას და ოლიმპოს მბრძანებლებისათვის თავთავის დროზე მსხვერპლის შეწირვას.
ადამიანების უფლება-მოვალეობანი რომ ზუსტად განესაზღვრათ, ღმერთებმა მოიწვიეს კრება, რომელზედაც მოკვდავთა წარმომადგენლებიც მიიპატიჟეს.
ღმერთების მიერ გამართულ ამ კრებაზე პრომეთეც გამოცხადდა. ტიტანი შიშობდა, რომ ღმერთებს ზედმეტი სამუშაო არ დაეკისრებინათ ადამიანების ჯერ კიდევ სუსტი გვარეულობისათვის.
პრომეთემ მთელი თავის ჭკუა-გონება, ცოდნა და გამოცდილება სავსებით აამოძრავა იმისთვის, რომ ღმერთებს გადაჭარბებული მოთხოვნები არ წაეყენებინათ ჯერ კიდევ ფეხმოუმაგრებელი ადამიანებისათვის და ამრიგად ეს სუსტი არსებანი კიდევ უფრო ცუდ პირობებში არ ჩაეყენებინათ.
ადამიანთა გვარეულობის წარმომადგენლებმა კრებაზე მოიყვანეს საუცხოვო დეკეული, რომელიც ღმერთებისათვის მსხვერპლად უნდა შეეწირათ.
პრომეთემ დაკლა მსხვერპლად შესაწირავი დეკეული და ხორცი ორ უთანაბრო გროვად გაანაწილა. ტიტანმა მოაგროვა ხორცის რჩეული ნაჭრები, შიგნეულის საუკეთესო ნაწილები, ხარის ტყავი გადააფარა და ზედ ხორცის გამოუსადეგარი ნაჭრები ჩამოაწყო.
მეორე გროვაში პრომეთემ დააწყო ხორცის ძვლიანი, მეორეხარისხოვანი ნაჭრები და შიგნეულის გამოუსადეგარი ნაწილები, რომელზედაც შემოაწყო ხორცის საუკეთესო, ქონიანი ნაჭრები.
ყოვლისმცოდნემა და ყოვლისმხედველმა ღმერთების მამამთავარმა, როგორც კი თვალი მოჰკრა სამსხვერპლოდ დაკლული