ხოგაის მინდი
ერთ დღეს, როცა ცაზე ორი მზე იდგა, არხოტის ხეობაში, იქ, სადაც მდინარე ჩხეტისწყალი ჯანყდება და აწუნთის მთა იგრიხება, პატარა სოფელ ამღაში ხოგაის მინდი დაიბადა.
ერთხანს ხეობის შორიახლო ქაჯები დათარეშობდნენ. ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო მინდი, როცა ქაჯებმა გაიტაცეს. ყმაწვილს თვალები აუხვიეს, რათა გზა არ დაემახსოვრებინა. ცხრა მთა რომ გადაიარეს, მხოლოდ მაშინღა შეხსნეს სახვევი და დაუბრუნეს მზის სინათლე.
ქაჯებს ხოგაის მინდის გარდა ბევრი ტყვე ჰყავდათ. ტყვეებს ბარაქიანად აჭმევდნენ, რათა გაესუქებინათ და შემდეგ დაეკლათ. ხელებსა და ფეხებზე თოკს ახვევდნენ, რომ გაეგოთ, თუ რამდენს მოიმატებდნენ. მაშინ დაკლავდნენ, როცა ტანზე შემოხვეული თოკი ხორცში ჩაიმალებოდა.
ქაჯები ტყვეებს მთაზე წაასხამდნენ და გველებზე ანადირებდნენ, მათგან კი საიდუმლო წამლებს ამზადებდნენ.
მინდის ტყვეობამ დიდხანს გასტანა, რადგან მალულად ნაცარს ჭამდა, რომ არ გასუქებულიყო და მალე არ დაეკლათ.
ერთ დღეს ქაჯების დედამ გველი გაატყავა და მოსახარშად ცეცხლზე შედგა. ტყვეობით გაწამებულმა მინდიმ გადაწყვიტა, გველის სისხლი აელოკა და ტანჯვა დაესრულებინა, მაგრამ ქაჯის დედა მიუხვდა ჩანაფიქრს და სისხლის წვეთები მიწას მიასრისა. შემთხვევით ერთი წვეთი გადაურჩა, გარეთ რომ გავიდა, მინდიმ მიწას შერჩენილი სისხლი ალოკა და მაშინვე ცხელება დააწყებინა.
მინდიმ გონება დაკარგა, მაგრამ მალევე მოსულიერდა. გამოღვიძებულმა აღმოაჩინა, რომ იღლიის ძირები დასივებოდა და პარკებივით ეკიდა, პარკები გაჭრა და მოულოდნელად იქიდან უამრავი მკბენარი გამოიშალა. თურმე სხეულში ჩაბუდებული მკბენარები სულს უმძიმებდნენ.
მკბენარებისგან გათავისუფლებული მინდი ისე დამსუბუქდა, მიწაზე ფეხის დაუდგმელად დადიოდა, ხიდზე გადასვლისას ჩოხის კალთაში ქვებს იხვევდა, რათა ქარს არ გაეტაცა და წყალში არ მოესროლა.
გადარჩენილ მინდის იმ დღიდან ცხოველთა, ფრინველთა და მცენარეთა ენა ესმოდა. ბუნების მესაიდუმლემ წინასწარმეტყველებისა და სასწაულმოქმედი მკურნალის ძალაც შეიძინა.
ხოგაის მინდიმ გაქცევაც სცადა, მაგრამ ქაჯები დაედევნნენ, შეიპყრეს, ტყავის გაძრობამდე სცემეს და უწინდელივით დაატყვევეს.
თორმეტწლიანი ტყვეობის შემდეგ მინდი კვლავ ეცადა, ქაჯებისგან თავი დაეღწია და ამჯერად, მოხერხებულობითა და ჭკუით აჯობა მათ.
ქაჯებს სოფლის შესასვლელში ნაცარი დაეყარათ, რათა ტყვეთა გაქცევისას კვალი დამჩნეოდა, იოლად დადევნებოდნენ და უმალ შეეპყროთ.
მინდიმ ხიდზე უკუსვლით გაიარა, რათა კვალი აერია. მართლაც, ქაჯებმა ხიდამდე სდიეს, მაგრამ მისმა უკუღმა ნაბიჯებმა კვალი დააკარგვინა და, გაქცეულის ნაცვლად, მოსული ეგონათ. მინდისაც ეს უნდოდა, როგორც იქნა, გამოაღწია ქაჯების ქვეყნიდან.
მინდიმ თავი ტყეს შეაფარა და ხის ძირში დაიმალა, გამთენიას კი გზა მშვიდად განაგრძო.
ბევრი იარა თუ ცოტა იარა, მინდი ცეროდენების სოფელს მიადგა. თითისტოლა ადამიანები ჯერ შეშინდნენ და შეიმალნენ, მაგრამ მალევე მიხვდნენ, რომ სტუმარი სამტროდ არ იყო მისული და ირგვლივ შემოეკრიბნენ მინდის. დაღლილ-დაქანცული დააპურეს და მოასვენეს.
ხოგაიმ დაინახა, რომ თითისტოლები ნაფოტებსა და წიწვებს აგროვებდნენ და რაღაცას აშენებდნენ. ჰკითხა − რას აკეთებთო, თითისტოლებმა მიუგეს, საღამოს სვავების, კაჭკაჭების, წეროებისა და სხვათა თავდასხმას ველით და თავშესაფარს ვაშენებთო. მაშინ მინდიმ უთხრა: ნუ გეშინიათ, მე დაგიცავთო − და მშვილდისარმომარჯვებული ჩაუსაფრდა მომხდურთ.
მართლაც, შეღამებისას ფრინველთა ლაშქარი თავს დაესხა ცეროდენების სოფელს, მაგრამ ხოგაის მინდიმ უკუაქცია ისინი. ისე მოიგერია, ერთიც არ მოუკლავს. გახარებულმა ცეროდენებმა ჟივილ-ხივილი ატეხეს, შემოეხვივნენ მინდის, კოცნიდნენ და − ჩვენი ღმერთი ხარო, გაიძახოდნენ.
მადლობის ნიშნად, ცეროდენები მინდის ერთი სურვილის შესრულებას დაჰპირდნენ − რასაც გვთხოვ, შეგისრულებთო.
− მე მხოლოდ ჩემს სოფელში, ჩემიანებთან დაბრუნება მინდა, − მიუგო დაღონებულმა მინდიმ.
მადლობის ნიშნად, ცეროდენები მინდის ერთი სურვილის შესრულებას დაჰპირდნენ − რასაც გვთხოვ, შეგისრულებთო.
− მე მხოლოდ ჩემს სოფელში, ჩემიანებთან დაბრუნება მინდა, − მიუგო დაღონებულმა მინდიმ.
− მთელი სოფელი გადაგვარჩინე და ამ ერთ სურვილს როგორ ვერ შეგისრულებთ. აქ, ჩვენს ქვეყანაში თითისტოლა კაცუნები ვართ, მაგრამ როგორც კი აქაურობას გავცდებით, გუგულებად გადავიქცევით. აი, იმ მთას ხომ ხედავ? მაგას რომ გადავივლით ჩიტად ვიქცევით, გავფრინდებით და მოგვყევი, მაგრამ ფრთხილად, ეს მთა ნაცრისაა და შიგ არ ჩაეფლო, − უთხრეს მადლიერმა თითისტოლებმა.
მართლაც, მთა გადაიარეს თუ არა, ცეროდენები გუგულებად გადაიქცნენ და მინდი თავის სოფლამდე მიაცილეს.
სამშობლოში დაბრუნებულმა ხოგაის მინდიმ წინასწარმეტყველის, სნეულთა მკურნალისა და ლაშქართა მამაცი წინამძღოლის სახელი გაითქვა. მისი მეთაურობით ხევსურნი მუდამ იმარჯვებდნენ ბრძოლაში. ხოგაის მინდის სახელის გაგონებაც კი შიშის ზარს სცემდა მტერს.
უძლეველი ხოგაის მინდი ღვთაებათა ნებას ასრულებდა — ადამიანებს კურნავდა, მაგრამ მხოლოდ აქიმობით ოჯახს ვერ არჩენდა.
მინდი იძულებული გახდა, თანამოძმეთა დარად ეცხოვრა და ხელი მიჰყო სარჩოს მოპოვებას, ჩეხავდა ტყეს, თიბავდა ბალახს, მკიდა სამკალს და ხოცავდა ნადირს. ყურში კი