ელინური მითები თებეს ციკლის თქმულებანი
ზეთოსი და ამფიონი
თებეს სამეფო ტახტის მემკვიდრის ლაბდაკეს მცირეწლოვანების დროს სახელმწიფო საქმეებს პოსეიდონ ღმერთის შვილიშვილი ნიქტევსი განაგებდა.
ტახტის დროებით გამგებელს ჰყავდა შესანიშნავად ლამაზი ასული, რომელსაც სახელად ანტიოპე ერქვა.
ანტიოპეს სილამაზეს და სიმშვენიერეს მთელ სახელმწიფოში, კიდით კიდემდე, ყველა შესტრფოდა.
დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ყველანი მეფის ასულის კალმით აუწერელ სილამაზეს შესტრფოდნენ და შეჰხაროდნენ, ყველანი ქალღმერთების მსგავსად დიდის პატივისცემით და სიყვარულით იხსენიებდნენ მის შარავანდმოსილ სახელს.
ოლიმპოს მბრძანებელმა, ყოვლისშემძლე დიდმა ზევსმა, როგორც კი ერთხელ თვალი მოჰკრა სილამაზით სახელგანთქმულ მეფის ასულს, იგი თავისი ღვთაებრივი სიყვარულით დაასაჩუქრა.
ანტიოპე დიდხანს უმალავდა მშობლებს ღმერთების მამამთავართან ასე დაახლოებას.
მაგრამ ამგვარი მდგომარეობის გაგრძელება მშობლიურ ოჯახში უკვე შეუძლებელი გახდა.
მშობლების რისხვის თავიდან ასაცილებლად ანტიოპე მამის ნებადაურთველად სიკიონში გაიქცა და ამ ქვეყნის მეფე ეპოპევსს ცოლად მისთხოვდა.
ნიქტევსმა დიდ შეურაცხყოფად ჩასთვალა თავისი საყვარელი ასულის ასეთი თვითნებობა და დაჟინებით მოსთხოვა სიკიონის მეფეს განქორწინებოდა ანტიოპეს და სამშობლოში დაებრუნებია.
ეპოპევსმა გადაჭრით უარი შეუთვალა ნიქტევსს მისი მოთხოვნის შესრულებაზე.
განრისხებულმა თებეს დროებითმა გამგებელმა შეკრიბა მთელ სახელმწიფოში უამრავი მხედრობა და მეფე ეპოპევსს ომი გამოუცხადა.
ორი მოწინააღმდეგე ლაშქარი ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ ეკვეთა. ატყდა ამ ორ სახელმწიფოთა შორის სისხლისმღვრელი ბრძოლა.
თავგანწირული ბრძოლა მთელი დღის განმავლობაში არ შეწყვეტილა. ძნელი გამოსაცნობი იყო, ვინ ვის სძლევდა ამ საშინელი ბრძოლის დროს.
ბრძოლის ველი ის იყო ღამის წყვდიადს უნდა მოეცვა, რომ მეფე ეპოპევსის ძლევამოსილმა მხედრობამ უკანასკნელი სამკვდრო-სასიცოცხლო იერიში მიიტანა მტერზე და იგი კიდევაც საბოლოოდ უკუაქცია.
დასრულდა ეს მძვინვარე ბრძოლა თებელი მხედრობის სრული დამარცხებით.
ამ საშინელი ბრძოლის დროს მძიმედ დაჭრეს მხედრობის მთავარსარდალი, თებეს სახელმწიფოს დროებითი გამგებელი ნიქტევსი, რომელიც დიდის გაჭირვებით საკაცეთი თებეში გადაიყვანეს.
სიკვდილის წინ ნიქტევსმა მოიწვია თავისი ღვიძლი ძმა ლიკოსი და სახელმწიფოს დროებითი მართვა-გამგებლობა ჩააბარა, სანამ ლაბდაკე სრულწლოვანი გახდებოდა.
სულთმობრძავმა ნიქტევსმა სთხოვა თავის ერთგულსა და საყვარელ ძმას, მეფე ეპოპევსი და მისი უღირსი მეუღლე ანტიოპე სასტიკად დაესაჯა და ამრიგად სამაგიერო გადაეხადა.
ლიკოსმა პირნათლად შეასრულა ძმის ანდერძი.
სახელმწიფოს სათავეში მოქცეულმა ლიკოსმა შეკრიბა უამრავი ჯარი და სიკიონის სახელმწიფოს წინააღმდეგ გაილაშქრა.
ძლევამოსილმა თებეს მხედრობამ სძლია სიკიონის შეიარაღებული მხედრობა და სიცოცხლეს სამუდამოდ გამოასალმა მხედრობის მთავარსარდალი მეფე ეპოპევსი. ბრძოლის ველზე სახელოვნად გამარჯვებულმა ლიკოსმა თავისი ძმისწული ანტიოპე თებეში წამოიყვანა და ხელ-ფეხ შებორკილი სატუსაღოში დაამწყვდია. ანტიოპეს მწუხარებას საზღვარი არა ჰქონდა. საბრალო მეფის ასულს როგორც მკვიდრი ბიძა, ისე მისი მეუღლე, უსულგულო დირკე უდიერად ექცეოდნენ და დღითი დღე აუტანლად ხდიდნენ თავისი ასე ახლონათესავის ყოფა-ცხოვრებას.
თებეში ანტიოპეს ყოვლისშემძლე ზევსისაგან ორი ტყუპი ვაჟიშვილი შეეძინა - ზეთოსი და ამფიონი.
ლიკოსისა და დირკეს რისხვა რომ თავიდან აეცილებინა, ანტიოპემ ორივე ახალშეძენილი შვილი მახლობელ მთაზე აიყვანა და იქ დატოვა იმ სრულის იმედით, რომ ყოვლადმოწყალე ზევსი თავის ღვიძლ შვილებს უპატრონოდ არ დატოვებდა.
მთებში მიტოვებული ბავშვები ადგილობრივმა მწყემსმა ნახა, შეებრალა ისინი და აღსაზრდელად სახლში წაიყვანა.
მწყემსი და მისი მეუღლე დიდის მზრუნველობით უვლიდნენ ბავშვებს და შეძლებისდაგვარად პატრონობდნენ.
ზეთოსი და ამფიონი ისე შეეჩვივნენ თავის აღმზრდელებს, რომ მწყემსსა და მის მეუღლეს თავის ღვიძლ მშობლებად თვლიდნენ.
ბავშვები, როცა წამოიზარდნენ, თავისი ხასიათითა და მიდრეკილებით ერთმანეთისაგან დიდად განირჩეოდნენ.
ზეთოსი ღონიერი ახალგაზრდა დადგა, იგი მწყემსობასა და ნადირობას უფრო ეტანებოდა, ვიდრე სხვა საქმიანობას. ყმაწვილს თავდავიწყებით უყვარდა საომარი იარაღის ტარება და ნადირობაში მონაწილეობის მიღება.
სულ სხვა ხასიათის ყმაწვილი დადგა ამფიონი. ყველგან და მარადის მშვიდი და წყნარი ამფიონი მთელი დღეები სიმღერისა და ჩანგზე საუცხოო სიმთა ჟღერით ერთობოდა.
ამფიონი აპოლონ ღმერთისაგან ნაჩუქარ ჩანგზე ისე დახელოვნებულად, ისე ნაზად და საამურად აჟღერებდა სიმებს, რომ უზარმაზარი ხეები და პიტალო კლდეები ერთიანად მოძრაობდნენ, სიმთა საუცხოო ჟღერით დამტკბარი ნადირთა სამეფო ისე იხიბლებოდა, რომ ადგილიდან დაძვრას ვერ ახერხებდა.
ფრინველები, როგორც კი ამფიონის ჩანგის სიმთა ჟღერას ყურს მოჰკრავდნენ, ჰაერში ფრენას შეწყვეტდნენ და საუცხოო ჰანგებით მოხიბლულნი ნეტარების ფიალას ეწაფებოდნენ.
ზეთოსი და ამფიონი უკვე დავაჟკაცდნენ. ყმაწვილებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ, ვინ იყო მათი ნამდვილი მშობლები. ახალგაზრდა ყრმები ღრმად იყვნენ დარწმუნებული, რომ მწყემსი და მისი მეუღლე ნამდვილი მათი ღვიძლი მშობლებია. ყმაწვილების საბრალო ნამდვილი დედა კი, რომელიც შეუბრალებელ ბიძას და მის მეუღლეს ფეხებზე ხუნდებდადებული საპყრობილეში ჰყავდათ დამწყვდეული, უსაზღვროდ იტანჯებოდა.
ერთხელ, როცა ანტიოპე საპყრობილეში მეტის ტანჯვისაგან