რა ცოდნა არის საჭირო
უხსოვარ დროში ცხოვრობდა ერთი კაცი, სახე-ლად ჩუ პინ-მანი. ერთხელაც, ჩუ პინ-მანმა შეიტყო, რომ მოხუცმა მონადირე მა ტენმა გველეშაპების ხოცვა იცოდა. ჩუ პინ-მანი მონადირეს ტყეში ეახლა და სთხოვა:
- გევედრები, პატივცემულო ბატონო მა ტენ, რომ გველეშაპების ხოცვა მასწავლო.
- ეს ძალიან რთული ხელობაა, - მიუგო მა ტენმა, - მრავალი წელი უნდა ისწავლო რომ გაიგო, როგორ დაამარცხო გველეშაპები. მზად ხარ, რომ ხუთი წელიწადი ამ ტყეში იცხოვრო. რომ ხუთი წლის მანძილზე, ყოველდღე, დილიდან საღამომდე ისწავლო. გაქვს კი ფული, რომ სწავლისთვის ჯამაგირი გადამიხადოო?
ჩუ პინ-მანმა უპასუხა:
- მე მზად ვარ, ვიცხოვრო ამ ტყეში ხუთი წელიწადი, ხუთი წელიწადი ვისწავლო დილიდან საღამომდე, მთელ ფულს მოგცემ რაც გამაჩნია, ოღონდ გველეშაპების ხოცვა მასწავლეო.
- მაშინ, სწავლას შევუდგეთო, - თქვა მონადირემ.
გავიდა ხუთი გრძელი წელიწადი.
ამ ხნის მანძილზე ჩუ პინ-მანი გულმოდგინედ სწავლობდა გველეშაპებზე ნადირობას.
აი, ნანატრი დღეც დადგა და ბებერმა მონადირემ უთხრა: - მე შენ ყველა ჩემი ცოდნა მოგეცი, დღეის ამას იქით, შენ ყველა გველეშაპის დაძლევას შეძლებო.
გახარებული ჩუ პინ-მანი თავის სოფელში ერთიანად გაღლეტილი დაბრუნდა, რადგან, რაც გააჩნდა, მთელი ქონება მონადირეს სწავლის საფასურად. გადაუხადა ეს ჩუ პინ-მანს არ ედარდებოდა, რადგან იცოდა ის, რაც არავინ იცოდა - გველეშაპების ხოცვა.
როცა ეკითხებოდნენ რისი გაკეთება შეგიძლიაო, ჩუ პინ-მანი ამაყად წამოიძახებდა ხოლმე - გველეშაპების ხოცვაო!
- რა გაეწყობა, როცა გველეშაპები გამოჩნდებიან, აუცილებლად შენ დაგიძახებთო, - პასუხობდა ხალხი ჩუ პინ-მანს, - ჯერ-ჯერობით კი შენი ცოდნა არაფერში გვარგიაო.
დიდხანს იცოცხლა ჩუ პინ-მანმა, მაგრამ გველეშაპს ერთხელაც არ შეხვედრია; და რადგან მათი ხოცვის მეტი არაფერი იცოდა, ცხოვრება გაჭირვებასა და სიღარიბეში გაატარა. მხოლოდ სიბერეშიღა მიხვდა ჩუ პინ-მანი უბრალო ჭეშმარიტებას: - რომ მარტო ის ცოდნაა გამოსადეგი, რომელიც ხალხისთვის არის საჭირო და მისთვის სარგებლის მოტანა შეუძლია.