*** მითოსი ბერძნული სიტყვაა და ამბავს, თქმულებას ნიშნავს. მითოლოგია კი ამბების წარმოშობას, მის შინაარსსა და გავრცელების გზებს შეისწავლის.
მითი იგივე თქმულებაა ღმერთებზე, გმირებზე, დემონებზე, სულებზე, სამყაროს შექმნასა და სიცოცხლის წარმოშობაზე და ასახავს ადამიანთა წარმოდგენებს უძველეს საზოგადოებაში.
ათასობით წლის წინ ადამიანები მეცნიერებას ახლანდელივით კარგად არ იცნობდნენ. არ იცოდნენ, რატომ ამოდის მზე ყოველ დილით, რა იწვევს სტიქიურ უბედურებებსა თუ დაავადებებს. ამიტომ მათ გარშემო არსებულ მოვლენათა ასახსნელად თავად თხზავდნენ ამბებს. ამბები თაობიდან თაობას ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა. საუკუნეების განმავლობაში მითი თანდათან იცვლებოდა, თუმცა მუდამ საზოგადოების თანადროულ რწმენა-წარმოდგენებს ასახავდა.
მითები ხშირად იქცევა მწერლების, პოეტების, მხატვართა და მუსიკოსთა შთაგონებად. დღეს მითს დაუჯერებელ, გამოგონილ ამბავს ვუწოდებთ, თუმცა ძველად ადამიანებს მითები, ზღაპრებისგან განსხვავებით, უტყუარად და სარწმუნოდ მიაჩნდათ.
ქართული მითოლოგია უნიკალურ და შთამბეჭდავ ამბებს აერთიანებს. ამიტომ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ოც მითიურ გმირს გაგაცნობთ და მათ თავგადასავალს გიამბობთ.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქართული მითების სამყაროში.