წინასიტყვაობა
აკაკი იოანეს ძე ჭანტურია დაიბადა 1881 წლის 12 თებერვალს წალენჯიხის რაიონის სოფ. ჯვარში. სენაკის სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ბათუმში, როტშილდის ქარხანაში საკანცელარიო სამუშაოზე. 1904 წელს გაემგზავრა ინგლისში, სადაც დაამთავრა საშუალო სკოლა და უმაღლესი განათლება მიიღო გეოლოგიის დარგში. საკვალიფიკაციო ნაშრომი საქართველოს გეოლოგიაში გამოაქვეყნა ინგლისურად 1919 წელს. 1920 წლის აგვისტოში დაბრუნდა სამშობლოში. იმავე წლის ოქტომბერში საქართველოს დემოკრატიულმა მთავრობამ მას მისცა მანდატი სამეგრელოსა და სვანეთში გეოლოგიური კვლევების ჩასატარებლად. 1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ აკაკი ჭანტურიას შესთავაზეს ზუგდიდში „სამეგრელოს მუზეუმის“ ორგანიზება. ცენტრიდან დანიშვნის შემდეგ, იგი იყო სიძველეთა დაცვის რწმუნებული სამეგრელოში, სწავლობდა მხარის არქეოლოგიას, სიძველეებს და ა. შ.
წინამდებარე მეგრული სახელებისა და გვარების სია მან შეადგინა მეორე მსოფლიო ომამდე, ენისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის (ენიმკის) დავალებით. მკითხველისათვის ინტერესს მოკლებული არ იქნება ხელშეკრულების გაცნობა, რომელიც დაიდო აკაკი ჭანტურიას და ენიმკის ინსტიტუტს შორის 1940 წლის 20 მაისს.
ხელშეკრულება
20 მაისი 1940 წ.
ჩვენ ქვემორე ამის ხელის მომწერნი, ერთის მხრივ აკად. ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ვლადიმერ გიორგის ძე მაჭავარიანი, ქვემოთ შემოკლებით ხსენებული დირექცია და მეორე მხრით აკაკი იოანეს ძე ჭანტურია, ქვემოთ შემოკლებულად ხსენებული ჭანტურია ვდებთ პირობას შემდეგზე:
1. დირექცია უკვეთავს ჭანტურიას, ხოლო ჭანტურია ივალდებულებს თავს შეაგროვოს ლექსიკოლოგიური მასალები მეგრული საკუთარი სახელებისა და გვარებისა სათანადო ახსნა-განმარტებით (წარმოშობა, სქესობრივი მიკუთვნილება) ათ ათასის რაოდენობით.
2. პირველ პარაგრაფში მოხსენებული მასალის წარმოდგენის ვადათ დანიშნულია 1940 წ. 1 აგვისტო.
3. წარმოდგენილი მასალა უნდა იყოს სუფთა ხელით გადაწერილი ქაღალდის ცალ გვერდზე.
4. დირექცია ჭანტურიას თითოეულ სიტყვაში მისცემს ჰონორარს სამ შაურს (15 კაპ.), სულ მთელ მასალაში, 1.500 მან. ათას ხუთას მანეთს.
5. ჭანტურიას წინასწარ ეძლევა ავანსის სახით 50% §4 გათვალისწინებული თანხისა.
6. ანგარიში სრულად გასწორდეს მასალის წარმოდგენისას 1 აგვისტოს 1940 წელს.
7. ხელშეკრულება შედგენილია ორ ცალად, რომელთაგან ერთი ინახება ინსტიტუტში, ხოლო მეორე ეძლევა ჭანტურიას.
მხარეთა იურიდიული მისამართები:
1. ინსტიტუტი - თბილისი, ლერმონტოვის ქუჩა # 3.
2. ჭანტურია - ზუგდიდი, ვოლოდარის შესახვევი.
დირექტორის მოადგილე ხელმოწერილია [ვ. მაჭავარიანი]
ხელმოწერილია [ა. ჭანტურია]
სამწუხაროდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახელებისა და გვარების ახსნა-განმარტება (წარმოშობა, სქესობრივი მიკუთვნება) ავტორს შეუსრულებელი დარჩა.
აღნიშნული სიიდან სახელები გამოქვეყნდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ონომასტიკის ლაბორატორიის კრებულ „ქართველური ონომასტიკის“ მე-2 ტომში (2004 წ.) პროფ. პაატა ცხადაიას რედაქტორობით.
აკაკი ჭანტურიას არქივში აღმოჩნდა ინფორმანტების მიერ მოწოდებული გვარების სიები. ქვემოთ ვიძლევით ამ პუნქტების სიას. ფრჩხილებში მოცემულია გვარების რაოდენობა.
ანაკლია (19), ახალი-ხიბულა (10), ახუთი (31), დარჩელი (40), დიდი ნეძი (33), ზუგდიდი (16), კახათი (25), კირცხი (15), ლედგებიე (3), ლეწურწუმე (6), ლია (24), ნარაზენი (12), ნიკოსია (9), ობუჯი (6), საჩინო (9), საჩიჯაო (40), ტყაია-ბეჟაში ღალ (9), ქარიატა (24), ყულისკარი (4), შუა ხორგა (14), ცაიში (17), ჭაქვინჯი (64), ჭკადუაში (18), ხიბულა, ხობი (49), ხორგა (28), ჯიხაშკარი (28).
მადლობას მოვახსენებთ ენიმკის მემკვიდრის, არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექციას აღნიშნული სახელებისა და გვარების სიის გამოქვეყნების ნებართვისთვის.
არიანე ჭანტურია