გურია გურიის შესახებ, რასაკვირველია, ჩვენამდეც ბევრი თქმულა და დაწერილა ისტორიული, ეთნიგრაფიული, კულტურული, ენობრივი და მრავალი სხვა ასპექტით. ახლა ჩვენ მოკლედ, ლაკონიურად გაგაცნობთ გურიის მხარეს ისტორიული წყაროების დახმარებით, რათა ამბები, რომელსაც მოგითხრობთ, უკონტექსტოდ არ დარჩეს.
ინდოეთის მეფეს წალკოტი გაუშენებია და სხვადასხვა ქვეყნიდან ანგელოზების ( „ ჰურიების “ , ანუ „ გურიების “ ) ჩამოყვანა უბრძანებია. ასეთი კადნიერებისათვის ღმერთმა იგი სასტიკად დასაჯა - მეფე დაიღუპა და წალკოტი განადგურდა. ეს ამბავი „ გურიებმა “ კოლხეთში შეიტყვეს და იქვე დარჩენა გადაწყვიტეს. ახალ სამყოფელს კი „ გურია “ უწოდეს. ეს არის ერთ-ერთი ლეგენდა გურულების წარმოშობის შესახებ. ლეგენდები იმით არის საყურადღებო, რომ ისინი გამოხატავენ ერის შეხედულებას საკუთარი თავის, როლისა და ადგილის შესახებ სამყაროსა და ისტორიაში.
პირველად სიტყვა „ გურია “ ისტორიულ წყაროებში იხსენიება VIII საუკუნეში, მურვან ყრუს ლაშქრობის დროს (735-738 წწ.). უკანდახეულმა არაბებმა გაიარეს „ გზა გურიისა “ . ტოპონიმის წარმოშობის შესახებ დაზუსტებული მოსაზრება არ არსებობს.
ნიკო მარის აზრით, გურია მზის შვილს აღნიშნავს, ადრეული ლაზურ-მეგრულით „ გურ “ - მზეს, ხოლო „ ია “ , ანუ „ უა “ , შვილს, ვაჟს.
სხვა მოსაზრებით, გურია „ დაუცხრომელთა სამყოფელს “ ნიშნავს.
ვახუშტი ბატონიშვილი გურულებს მესხებთან აკავშირებს. იგი წერს „ გურია არა წილი ეგროსისა არს, არამედ ქართლისასა “ . ვახუშტი აღნიშნავს მკვეთრ განსხვავებას გურულებსა და დასავლეთ საქართველოს სხვა კუთხეების მცხოვრებლებს შორის და შედარებისას გურულებს ენობრივი, მორალური, საბრძოლო ხასიათით მესხებთან აკავშირებს და არა დასავლეთ საქართველოს სხვა კუთხეების ხაბლხებთან.
გრიგოლ რობაქიძეც იზიარებს ვახუშტის მოსაზრებას გურულებისა და მესხების ნათესაური კავშირის შესახებ და ამბობს, რომ გურია ძველი მესხეთის ნაწილია - „ ამის ნიშანი ბევრი არის. თავდაპირველად „ ქართული “ . გურული ქართული ლაკონურია რუსთაველის სამშობლოს სიტყვასავით, საქართველოს არცერთ კუთხეში ისე სხარტულად არ ლაპარაკობენ, როგორც გურიაში. გურული სინტაქსი უაღრესად ეპიგრამატულია: მოკლე, მკაფიო, კეთილი, ჭდეული. თვითონ რუსთაველიც გურულებმა სხვადასხვა ქართველზე უფრო იციან: გურიაში არის ოჯახები, სადაც „ ვეფხისტყაოსნის “ ზეპირად ცოდნა უბრალო ჩვეულებაა. გარდა ამისა, „ ვეფხისტყაოსანის “ ზოგიერთი სიტყვები - რაიც საქართველოს სხვა კუთხეებისთვის გაუგებარია, გურიაში უბრალოდ მუსაიფის ჟამს გვხვდება. “
გურია ლაზეთის სამეფოს წიაღში ჩაისახა და მისი დაშლის შემდეგ იშვა. ლაზეთის მიწაწყლიდან გურიას რიონსა და ჭოროხს შუა არსებული ტერიტორია ერგო, თუმცა იგი დროდადრო იცვლებოდა, ხან ფართოვდებოდა, ხანაც მცირდებოდა. ოსმალთა მოძალებამდე თუ გურიის სამხედრო საზღვარი არსიანის ქედზე გადიოდა, მე-16 საუკუნის 60-იანი წლების დამდეგიდან ოსმალეთი უკვე აჭარა-გურიის ქედს მოადგა. ძლიერმა მტერმა პატარა ქართულ სამთავროს ჯერ ჭოროხს გაღმა მხარე ჩამოგლიჯა (1547წ.), ხოლო შემდეგ თანდათანობით მთელი ისტორიული ქვემო გურია (ბათომ-კახაბერი, ერგე, ჩაქვი, ქობულეთი) მოსტაცა და მდინარე ცხრაფონას მოადგა.
1868 წელს ისტორიული საქართველოს სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი კვლავ მშობლიურ წიაღს დაუბრუნდა. მთელი ეს განთავისუფლებული ტერიტორია ორ დიდ ადმინისტრაციულ ერთეულში გაერთიანდა: ყარსისა და ბათუმის ოლქები. ბათუმის ოლქში შევიდა გურიის ოდინდელი ტერიტორიაც(რუსთა ტერმინოლოგიით Турецкая Гурия).
მხარის ტერიტორია სამ ფიზიკურ-გეოგრაფიულ ნაწილად განიყოფება: ვაკე, ზეგანი და მთა. ვაკე დაბლობი ძირითადად რიონისპირეთსა და ზღვისპირეთშია, შუა და ზემო გურიის მნიშვნელოვანი ნაწილი გორაკ-ბორცვიანია, ხოლო ზეგანს სამხრეთით თანდათან მაღალი მთები ენაცვლება.
გურიის ფართობი შეადგენს 2033,2 კვ.კმ – ს, მოსახლეობა – 138,8 ათასს (2014 წლის აღწერის მონაცემებით), მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ – ზე არის 73 კაცი. მოსახლების 96% ეთნიკურად ქართველია. ძირითადად ცხოვრობენ გურულები, მოსახლეობის 15% აჭარელია. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ოზურგეთი. მხარეში 193 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:
ქალაქი - 2: ლანჩხუთი, ოზურგეთი;
დაბა – 5: ლაითური, ნარუჯა, ნასაკირალი, ურეკი, ჩოხატაური.
სოფელი - 186.
გურია სამ რეგიონად იყოფა, ესენია - აღმოსავლეთი, ზემო გურია (ტერიტორია რიონსა და სუფსას შორის), ჩრდილოეთი, ქვემო გურია (მხარე ჭოროხსა და ჩოლოქს შორის) და დასავლეთი, შუა გურია (ტერიტორია ჩოლოქსა და სუფსას შორის).
გურიის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ – ტერიტორიული ერთეულები: ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები.
ოზურგეთი - სახელწოდება პირველად წერილობით წყაროებში მოხსენიებულია XVI საუკუნეში ბერი ეგნატაშვილის „ ახალი ქართლის ცხოვრებაში “ . ოზურგეთს აგრეთვე იხსენიებს ვახუშტი ბატონიშვილი.
ქალაქის სახელის წარმოშობის