რომანი როგორც სახელმწიფო
ცოტა რამ ჩემზე და ჩემს „ხაზარულ სიტყვისკონაზე“
რაც მწერალი ვარ, უკვე ორ ათეულ წელიწადზე მეტია. შორეულ 1766 წელს ერთ-ერთმა პავიჩმა ბუდიმში თავის ლექსთა კრებული გამოსცა და იმ დროიდან ჩვენს თავს ლიტერატურულ დინასტიად მივიჩნევთ.
დავიბადე 1929 წელს სამოთხის ოთხი მდინარიდან ერთ-ერთის ნაპირას დილის 8 საათსა და 30 წუთზე სასწორის ნიშნით (მორიელის ნიშნის დებით), აცტეკთა ჰოროსკოპით კი გველი ვარ.
პირველად ბომბები რომ დამაცვივდა თავზე, 12 წლისა ვიყავი. მეორედ 15 წლისა მოვყევი ბომბების თავსხმაში. ამ ორი დაბომბვის შუა მოქცეულს მეწვია პირველი სიყვარული და ოკუპირებულ მიწა-წყალზე იძულებული გავხდი, მესწავლა გერმანული. იმავე დროს ინგლისურს ჩუმად მასწავლიდა მავანი ბატონი, რომელიც სურნელოვანი თამბაქოთი დატენილ ჩიბუხს ეწეოდა და მაინცდამაინც კარგი ინგლისურით ვერ მეტყველებდა. სწორედ მაშინ დამავიწყდა პირველად ფრანგული ენა (შემდგომ კიდევ ორჯერ დამავიწყდა). ბოლოს, როცა ერთხელ ინგლისელები და ამერიკელები ერთად გვბომბავდნენ და თავის საშველად ძაღლების საწვრთნელ სკოლაში შევვარდი, ერთ რუს ემიგრანტს გადავეყარე, მეფის არმიის ოფიცერს, რომელმაც შემდგომ რუსული ენის სწავლება დამიწყო და გაკვეთილებისთვის ფეტისა და ტიუტჩევის ლექსთა კრებულებს იყენებდა. სხვა რუსული წიგნები ხელთ არცრა ჰქონდა. დღევანდელი გადასახედიდან ვფიქრობ, უცხოური ენების სწავლისას სულში, ალბათ, ზღაპრული რამ მაქცია-ნადირი თუ მყავდა-მეთქი ჩასახლებული, რადგან ჩემდა უნებურად ხან რად გადავიქცეოდი ხოლმე და ხან რად.
სიყვარულით ორი იოანე მიყვარდა – იოანე დამასკინი და იოანე ოქროპირი (ქრიზოსტომი). ჩემს წიგნებში უფრო ხშირად ვხვდებოდი სიყვარულს, ვიდრე ცხოვრებაში. თუ სათვალავში არ ჩავაგდებთ ერთ გამონაკლისს, რომელიც დღემდის გრძელდება. როცა კი მეძინა, ღამე მუდამ ტკბილად მეკვროდა ორსავე ლოყაზე.
მე, როგორც უმკითხველო მწერალი, ჩემს ქვეყანაში ყველაზე ნაკლებად ვიყავი ცნობილი 1984 წლამდე, როცა უცებ ერთ დღეში გავხდი ყველაზე უფრო უხვმკითხველიანი და ცნობილი. პირველი რომანი სიტყვისკონის სახით დავწერე, მეორე – კროსვორდის სახით, მესამე – კლეპსიდრის სახით და მეოთხე – როგორც ტაროს ბანქოთი მკითხაობის სახელმძღვანელო. მეხუთე ასტროლოგიური ცნობარი იყო საქმეში ჩაუხედავთათვის. მუდამ ვცდილობდი, რომ ჩემს რომანებს რაც შეიძლება ნაკლებად დასტყობოდათ ჩემგან ხელის შეშლა. ჩემის ფიქრით, კიბოსი არ იყოს, რომანიც თავისი მეტასტაზების ხარჯზე ცხოვრობს და იმათით იკვებება. დროის გასვლასთან ერთად სულ უფრო ნაკლებად ვგრძნობ თავს უკვე დაწერილი ჩემი წიგნების მწერლად და უფრო მეტად თავს სხვა, მომავალში დასაწერ ან, უფრო სწორად, იმ წიგნების მწერლად მივიჩნევ, რომელთაც დაწერა არ უწერიათ.
ჩემდა დიდ გასაკვირად, ამჟამად ჩემი წიგნები თითქმის ას სხვადასხვა ენაზეა თარგმნილი. ერთი სიტყვით, ბიოგრაფია არ გამაჩნია. მაქვს მხოლოდ ბიბლიოგრაფია. საფრანგეთისა და ესპანეთის კრიტიკოსებმა XXI საუკუნის პირველი მწერალი მიწოდეს, თუმცა XX საუკუნეში ვცხოვრობდი, ანუ იმ დროში, როცა არა ბრალი და დანაშაული, არამედ უდანაშაულობა უნდა დაგემტკიცებინა.
ცხოვრებაში ყველაზე მეტად გული მაშინ გამტეხია, როცა კი გამიმარჯვია. გამარჯვება ვერცროდის ამართლებს თავის თავს. მოკვლით არასოდეს არავინ მომიკლავს. მე კი ბევრჯერ მოვუკლავარ, სიკვდილამდე ბევრად ადრე. ჩემი წიგნები უკეთეს ბედში იქნებოდნენ, უკეთუ ვინმე თურქი ანდა გერმანელი დაწერდა. მე კი ყველაზე საძულველი ხალხის – სერბი ხალხის ყველაზე ცნობილი მწერალი ვიყავი.
ახალი ათასწლეული ჩემთვის 1999 წელს დაიწყო (სამი გადაბრუნებული ექვსიანი) ჩემს ცხოვრებაში მესამე დაბომბვით, როცა ჩრდილოეთატლანტიკური ბლოკის თვითმფრინავებმა ბომბები დაუშინეს ბელგრადს, სერბეთს. იმიერიდან დუნაი – მდინარე, რომლის ნაპირზეც ვცხოვრობ, არასანაოსნო გახდა.
XXI საუკუნეში თეატრალური ფიცარნაგით შევედი. პალინდრომულ 2002 წელს რეჟისორმა ვლადიმერ პეტროვმა ჩეხოვის თეატრში ჩემი „თეატრალური მენიუ მარადიულობისა და კიდევ ერთი დღისთვის“ დადგმით „მოსკოვში პირველი ინტერაქტიული მერცხალი შეაფრინა და უბრძოლველად დაიპყრო რუსული დედაქალაქი“. იმავე წელს ტომაჟ პანდურმა გოდოლის კონსტრუქცია ააგო, რომელშიც 365 დასაჯდომი ადგილი განალაგა, მერე ეს გოდოლი შაპიტოს ცირკად გამოიყენა და ბელგრადსა და ლუბლიანაში „ხაზარული სიტყვისკონა“ წარმოადგინა, მაყურებლის თვალწინ სიტყვა ხორცად აქცია და წყალი – დროდ. 2003 წელს პეტერბურგელებმა ერთ-ერთ თავიანთ აკადემიურ თეატრში ნახეს ჩემი პიესა „კაცობრიობის მოკლე ისტორია“, რომლის პრემიერით ქალაქი თავისი დაარსების სამასი წლისთავის საიუბილეო თეთრ ღამეებს შეხვდა.
საერთოდ თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ მე სიცოცხლეშივე ვეწიე ყოველსავე, რასაც ბევრი მწერალი მხოლოდ სიკვდილის შემდგომ ეღირსება ხოლმე. მწერლობის სიხარულთან ერთად ღმერთმა თავისი წყალობის კალთაც უხვად დამაბერტყა, მაგრამ თან დამსაჯა. ალბათ, ამ სიხარულის გულისთვის.
ახლა საქმესთან უფრო ახლოს მივალ... რომანი იგივე სახელმწიფოა. თავისი მოსახლეობა ჰყავს, თავისი კანონები აქვს, თავის ფულს ატრიალებს, რომელსაც ქვეყნის გარეთაც აქვს ან არა აქვს გასავალი. რომანს თავისი ნაპირები, თავისი