მესამე გამოცემისათვის
„ქართული ენის სასკოლო განმარტებითი ლექსიკონის“ პირველი გამოცემის (2007 წ.) შემდეგ გამოვიდა ქართული ენისა და ლიტერატურის ახალი სახელმძღვანელოები. საჭირო გახდა ამ ახალი სახელმძღვანელოების ტექსტების ლექსიკისა და ფრაზეოლოგიზმების გათვალისწინება. ასევე გათვალისწინებულია ზოგი ისეთი ტრადიციული საპროგრამო ტექსტი, რომლებიც რეფორმირებულ სახელმძღვანელოებში აღარ აისახება, მაგრამ კლასგარეშე საკითხავ მასალაში დარჩა.
ლექსიკონის პირველ გამოცემაში შესულია 7000 სალექსიკონო ერთეული. მეორე გამოცემაში დამატებულია 1150 ახალი სიტყვა და იდიომატური გამოთქმა.
„ქართული ენის სასკოლო განმარტებითი ლექსიკონის“ ახალი გამოცემა ორ ნაწილადაა გაყოფილი. პირველი ნაწილი მოიცავს მასალას ანიდან მანამდე.
ბუნებრივია, სალექსიკონოდ შეირჩა ისეთი სიტყვები, რომლებიც შეიძლება მოსწავლისათვის გაუგებარი ყოფილიყო. ასეთია, პირველ ყოვლისა, ძველი ქართული სიტყვები, მაგ.: თესლ-ტომი, თ¢ნიერ, ვაშკარანი... ასევე ძველი ყოფის ამსახველი ლექსიკა, რომელიც დღეს ბავშვისთვის უცნობია, მაგ.: ბანი, ერდო, კერა, შუაცეცხლი, დედაბოძი, თავხე... ლექსიკონში სათანადოდ აისახა დიალექტური მასალაც. მაგ.: ეფურტკნება, ვასმიე, თელათ...
სიტყვას შეიძლება ჰქონდეს როგორც ერთი, ისე რამდენიმე მნიშვნელობა. ლექსიკონში განმარტებულია მხოლოდ ის მნიშვნელობები, რომლებიც შესაბამის ტექსტებშია დადასტურებული; მაგ.:
კლას-ი ძვ. საუბ. გაკვეთილი (სკოლაში). ხან ერთ კუთხეში მიაგდებდენ, ხან მეორეში და ამასობაში კლასიც თავდებოდა (აკაკი). კლასის გამოსვლამდე სულ ამნაირად გვემუსაიფა (აკაკი).
იმ შემთხვევებში, როდესაც სიტყვები გვხვდება რამდენიმე მნიშვნელობით, ეს მნიშვნელობები ნომრებით არის გამოყოფილი; მაგ.:
ზრახვა ძვ. 1. საუბარი, ლაპარაკი, მეტყველება. [ჰაბომ] შესძინა სწავლად ქართულისა მწიგნობრობისა და ზრახვისა პსნილად (ჰაბო). 2. ფიქრი. [მეუდაბნოეს] განუდევნია გულიდამ ყველა მსოფლიო ზრახვა, ფიქრი, წადილი (ილია). ამ ზრახვით გაიარა [აბდუშაჰილმა] დიდი ეზო (აკაკი).
ზოგჯერ სიტყვა ავლენს ოდნავ განსხვავებულ მნიშვნელობას, მაგრამ ცალკე ნომრით გამოსაყოფი არ არის. ასეთ შემთხვევაში ვიყენებთ ორ პარალელურ ხაზს - || . მაგ.:
გიშერ-ი ძვირფასი ქვა შავი ფერისა, ფისიანი ქვანახშირის სახეობა. ძღვნად მისართმევადაც ერთი დიდი გიშრის ჯვარი... გამატანეს (აკაკი). || ფიგურ. [ჯუმბერს] მელნის გუბენი გიშრის ლერწმით (= შავი წამწამებით) შემოესარა (საბა). ვარდნი, ზამბახნი და მიხაკნი და გიშრის მწყობრნი (= შავი წამწამების მწკრივები) რავდენგზის ტურფად გარდუღია სარკესა წყლისას
(ა. ჭავჭ.).
ომონიმები, ანუ ერთგვარი ჟღერადობის, მაგრამ განსხვავებული შინაარსის სიტყვები, დამოუკიდებელი ნომრებით არის წარმოდგენილი; მაგ.:
არე1 მიდამო, არემარე, მხარე. და წარვიდეს ზოგად სამცხისა და ქართლისა, არეთა მათ უდაბნოთა (გრ. ხანძთ.). მზე დამავალი მოჰფენს სიამეს მთიულეთისა ხეობის არეს (ნ. ბარათ.).
არე2 წელიწადის დრო. მოწეულიყო არე გაზაფხულისა (კ. გამს.). გაზაფხულის არენი მოსდგომოდნენ მთებსაც (კ. გამს.).
უცნობი, ხმარებიდან გამოსული საგნებისა და მოვლენების აღმნიშვნელი სიტყვები შედარებით დაწვრილებით არის განმარტებული; მაგ.:
კევრ-ი პურეულის გასალეწი იარაღი: სამკუთხედის ფორმაზე შეკრული ფიცრები, კაჟით (იხ.) მოჭედილი, უბამენ ხარებს ან ცხენს. იფქლი ღვარძლად გარდაიქცა, ზედ მობრუნდა ცეცხლის კევრი
(დ. გურამ.). [შაჰ-აბასს] ბავშვები გაუჟუჟიაო, ...კევრით გაულეწიაო (გ. ლეონ.).
ლეწავ-ს მარცვლის გამოსაცლელად პურეულის თავთავებს ფშვნის, ამტვრევს, აქუცმაცებს (კევრით ან კომბაინით). ასე ჰგონია დუშმანსა, არცა ხვნენ, არცა თესვენო, არცა უბიათ ხარები, არცა კალოსა ლეწვენო (ხალხ.). მუნ ახლოს კალოს ლეწევდენ, მიველ ვით დაბარებული
(დ. გურამ.).
ხოლო უფრო გავრცელებული სიტყვების განმარტებად უპირატესად გამოყენებულია სინონიმები, რათა მათ თავიანთი როლი შეასრულონ მოსწავლეთა ლექსიკის გამდიდრებაში; მაგ.:
ადევდებ-ა აღელდება, გამძვინვარდება, გაშმაგდება, გადაირევა (მდინარე). გადაირია მდინარე, ადევდა, აბობოქრდა (გ. ჩოხ.).
ბეჩავ-ი ღარიბი, ღატაკი, გაჭირვებული; საბრალო, საწყალი, საცოდავი. „რა მექნა ბეჩავს? საბრალო თავი სად შემეფარა, გადამერჩინა?!“ (ილია). ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები, ბეჩავთაც გავუზიარებ (ვაჟა). „რას უნდა გიქადდეს ამაზე უარესს?! აბა, რას უბნობ, შე ბეჩავო!“ (შ. არაგვ.).
მყარი ლექსიკური შესიტყვებანი (ფრაზეოლოგიზმები, იდიომები) ცალკე ლექსიკურ ერთეულად არის შეტანილი, რომ მოსწავლეს მისი ნახვა გაუადვილდეს; მაგ.:
ბერაში გაატარებს მკაცრად დასჯის, დატუქსავს, გაუჯავრდება, დააშინებს. „იმ მამასახლისზე ცალკე გაგატარებენ ბერაში“ (გ. შატბ.).
სიტყვის განმარტებას მოსდევს სადოკუმენტაციო მასალა, ანუ შესაბამისი წინადადება ლიტერატურული ტექსტიდან; მაგ.:
გომიჯ-ი უსაფუვრო, მაგარი ცომის პური, ნაღვერდალში გამომცხვარი. ზენათის... დამზადებული ჰქონდა სტუმრებისათვის: ცხვარი, ინდაური, ქათმები, ...ხაჭაპური, გომიჯები (დ. კლდ.).
ვცდილობდით, საილუსტრაციოდ მარჯვე ფრაზაც შეგვერჩია და სხვადასხვა ავტორებიც წარმოგვეჩინა. ზოგჯერ საჭირო გახდა ამა თუ იმ სიტყვის განმარტების სიტყვასიტყვით გადმოღება რომელიმე სხვა ლექსიკონიდან. ასეთ განმარტებას ახლავს შესაბამის ლექსიკონზე (ავტორზე) მითითება; მაგ.:
გარეთხა „ნიამორი, ქურციკი“ (ქეგლ). მონადირეთა მრავალთა... მოიცვნეს ოთხნი გარე-თხანი (გრ. ხანძთ.).
ვიგრ-ი ძვ. „ნიანგი“ (საბა). ვიგრი [რაჟდენს] დაარქვა ღორმუცელობის გამო გიორგიმ (კ. გამს.). მათაც ვიგრივით შეუტიეს ახალ ქვირითს (კ. გამს.).
სახელი (არსებითი, ზედსართავი, რიცხვითი, ნაცვალსახელი) წარმოდგენილია სახელობითი