დ ა ს ა წ ყ ი ს ი 1რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,
ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,
ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,
მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა.
1.რომელმან — ღმერთმა. 2. ზეგარდმო — ზეციდან; ყვნა — შექმნა. 3. ქვეყანა — დედამიწა. 4. მისგან არს — მისი ნებით არის; სახითა მისმიერითა — მას მიმსგავსებული.
2ჰე ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა,
შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა,
მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიდმდე გასატანისა,
ცოდვათა შესუბუქება, მუნ თანა წასატანისა.
1. სახე ყოვლისა ტანისა — ყველა სხეულის, მატერიის იდეალური ნიმუში, პირველსახე, პირვანდელი ბუნება; იგულისხმება, რომ ხორციელებაც თავისი წარმომავლობით ღვთიურია, არ არის ბოროტება. 2. ძლევა მეც — მომეცი ძლევის, გამარჯვების ძალა. 3. მიჯნურთა სურვილი — სიყვარულის გრძნობა; სიკვდიდმდე გასატანისა — სიკვდილამდე შესანარჩუნებლად. 4. მუნ — იმქვეყნად.
3.ვის ჰშვენის, — ლომსა, — ხმარება შუბისა, ფარშიმშერისა,
— მეფისა მზის თამარისა, ღაწვბალახშ, თმაგიშერისა,
— მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა შერისა?
მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მართ მიშერისა.
1. შიმშერი — ხმალი. 2. ტაეპი გულისხმობს, რომ „ ლომი ” , რომელზეც პირველ ტაეპშია ლაპარაკი, მეტაფორულად თამარის მეუღლე დავით სოსლანია; ბალახში (ლალი), გიშერი — წითელი და შავი ფერის ძვირფასი ქვები, თამარის მშვენიერების მეტაფორები. 3. მას — იგულისხმება დავით სოსლანი; შერისა — რჩეულის. 4. ყანდისა — შაქარყინულის; მირთმა ხამს — მირთმევაა საჭირო; მართ მიშერისა — მხოლოდ თაფლისგან დამზადებულის, საუკეთესოსი; ტაეპში მეტაფორულად ნაგულისხმევია: დავითის მხედველებს, ვინც მის ღირსებას უშუალოდ, საკუთარი თვალით აღიქვამს, მხოლოდ ამ ღირსების სრულყოფილად გამომხატველი, საუკეთესო ქება შეიძლება შესთავაზო.
* „ ვეფხისტყაოსნის “ ტექსტის კომენტირებისას ძირითადად გათვალისწინებულია: იუსტინე აბულაძის და აკაკი შანიძის მიერ შედგენილი „ ვეფხისტყაოსნის “ ლექსიკონები; ვუკოლ ბერიძის „ ვეფხისტყაოსნის კომენტარი “ ; სოლომონ იორდანიშვილის მიერ შესრულებული პოემის პწკარედული თარგმანი რუსულ ენაზე; პოემის ნოდარ ნათაძის მიერ მომზადებული კომენტირებული გამოცემა; ალექსი ჭინჭარაულის სტატიები „ ვეფხისტყაოსნის “ ენის და ტექსტის საკითხებზე.
4 თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლდათხეული,
ვთქვენი ქებანი ვისნი მე არ ავად გამორჩეული.
მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მე ნა რხეული,
ვინცა ისმინოს, დაესვას ლახვარი გულსა ხეული.
2. არ ავად გამორჩეული — არა ცუდად გააზრებული, ჩამოყალიბებული. 3. გიშრის ტბა — თამარის თვალების მეტაფორა; ნა — ძეწნა, ტირიფი/ლერწამი, თამარის ტანადობის მეტაფორა; ტაეპი გულისხმობს, რომ პოემის ავტორის შთამაგონებელი თამარის მშვენიერებაა. 4. გულსა ხეული — გულის გამხევი.
5 მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა,
ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგეკბილისა,
ბროლბალახშისა თლილისა, მის მიჯრით მიწყობილისა.
გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა.
1. მათად — იგულისხმება: თამარის. 3. ბროლი — კბილების მეტაფორა; ბალახში — საუკეთესო ლალი, მეტაფორულად: ბაგეები. 4. ქვასაცა მაგარსა — იგულისხმება ალმასი; გრდემლი — ლითონის საყრდენი, რომელზეც სხვადასხვა ნივთებს ჭედავენ; ტაეპი მეტაფორულად გულისხმობს, რომ ავტორმა თავისი შემოქმედებითი მიზანსწრაფულობის, მოთმინების წყალობით შეძლო თამარის მშვენიერების გამოსახვის სიძნელისთვის თავის გართმევა, თამარის სილამაზის პოეტური გარდასახვა (ხატოვნად: ალმასის დამუშავება).
6 აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება, —
ძალი მომეც და შეწევნა შენგნით მაქვს, მივსცე გონება;
მით შევეწივნეთ ტარიელს, ტურფადცა უნდა ხსენება,
მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს ერთმანერთის მონება .
1. გული — ძლიერი გრძნობა, განწყობა; ხელოვანება — ოსტატობა. 4. მონება — ერთგულება.
7 მო, დავსხდეთ, ტარიელისთვის ცრემლი გვდის არშეშრობილი;
მისებრი მართ დაბადებით ვინმცა ყოფილა შობილი!
დავჯე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულლახვარსობილი,
აქამდის ამბად ნათქვამი, აწ მარგალიტი წყობილი.
2. მართ დაბადებით — ჭეშმარიტად, სამყაროს გაჩენის შემდეგ. 4. აწ მარგალიტი წყობილი — ახლა ჰარმონიულ, ბრწყინვალე ლექსად, პოეზიად გარდაქმნილი.
8 ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები,
ვით მარგალიტი ობოლი, ხელისხელ საგოგმანები,
ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები,
ჩემმან ხელმქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმან ნები.
1. ნაწარმოების უცხოურ წარმომავლობაზე საუბარი იმის მიმანიშნებელია, რომ იგი საყოველთაო, ზოგადადამიანურ თემებს ეხება; ამავე დროს ეს ერთგვარი ხერხია, რომლის მეშვეობითაც ავტორი თავს იცავს მოსალოდნელი კრიტიკისგან — მან მიწიერი, ხორციელი სიყვარული განადიდა, ამასთანავე თავისი თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრების არსი თამამად გამოსახა. 2. ობოლი —