ლინგვისტიკა (ფრანგ.) ენათმეცნიერება - მეცნიერება ენის შესახებ;
გრამატიკა - (ბერძ.) ენათმეცნიერების ერთ-ერთი დარგი, მეცნიერება ამა თუ იმ ენის შესახებ, რომელიც შედგება: ფონეტიკა, მორფოლოგია, სინტაქსისგან:
ფონეტიკა - (ბერძ.) ენის ბგერით შემადგენლობას სწავლობს.
მორფოლოგია - (ბერძ.) სიტყვათა ფორმებს სწავლობს.
სინტაქსი - (ბერძ.) წინადადების აგებულებასა და სიტყვათა შეკავშირების წესებს სწავლობს.
ესეც უმთავრესი ტერმინები, შევეცადოთ, გრამატიკის ეს ნაწილები მის შვილებად წარმოვიდგინოთ, რომლებსაც აქვთ ოჯახები (თანხმოვანი, ბრუნება, უღლება, მართვა...),ჰყავთ შვილები (მჟღერი და ყრუ ბგერები, ბრუნვები, დრო, კილო, ასპექტი...), თითოეული მათგანი კი სხვა ნაწილისგან თავისი ინდივიდუალობით, თავისებურებებითგამოირჩევა. თუ ჩვენ გრამატიკას მივუდგებით არა „ მშრალად “ , არამედ შემოქმედებითად, ბევრად გაგვიადვილდება მისი ჯერ გაცნობა და შემდეგ შესწავლა.
ლიტერატურული ნაწარმოების ანალიზისას ხომ ვცდილობთ შეძლებისდაგვარად პერსონაჟის ხასიათის ყველა კუთხით წარმოჩენას, მისი სულის სიღრმეებში ჩაწვდომას, ჰოდა,ერთად ვცადოთ ეს გრამატიკაშიც, ზედაპირულად - მაინც. იცით, რამდენი წახნაგი აქვს მას? უამრავი...
შევთანხმდით, ხომ?!
თუ ოდნავ მაინც დაინტერესდით, განაგრძეთ კითხვა, თუ არა, მაშინ დაანებეთ თავი. წიგნს ნუ მოისვრით, გვერდზე გადადეთ, იქნებ მოგინდეთ წაკითხვა ან აჩუქეთ ვინმეს,გადასაგდებად მენანება...
მაშ, დავიწყოთ - გვაქვს ასო-ბგერები, რომლებიც გარკვეული კანონზომიერების საფუძველზე ქმნიან სიტყვებს, სიტყვები კი - სხვადასხვა აგებულებისა და შინაარსისწინადადებებს.
ბგერა - სიტყვა - წინადადება
თუ არ დავიცავთ გრამატიკულ წესებს, მივიღებთ ქაოსს, რომელიც უფრო მეტად დამღუპველი იქნება სამყაროსათვის, ვიდრე ატომური ბომბი. რატომ?
წარმოვიდგინოთ ქიმიკოსი, რომელმაც ახალი ნივთიერება აღმოაჩინა, მაგრამ ფიზიკოსს ვერ აუხსნა სწორად, რადგან მათ „ გრამატიკულ ქაოსს ვერ დააღწიეს თავი “და სასარგებლოს ნაცვლად მიიღეს გამანადგურებელი ნივთიერება.
წარმოვიდგინოთ ფრაზა - „ მე თქვენ ძალიან მიყვარხართ! “ წესების გარეშე:
1. ასო-ბგერების ქაოსი - ნთექვ ემ თხრიყარმავ!
2. სიტყვათა ქაოსი - თქვენ ძალიან მე მიყვარს!
3. წინადადებათა ქაოსი - ძალიან თქვენ მე მიყვარხართ, მაგრამ თქვენთან ყოფნა მსურს!
მოკლედ, აუცილებელია გრამატიკული წესებისა და კანონების დაცვა! ეს რომ მოვახერხოთ, ხომ უნდა ვიცოდეთ ეს წეს-კანონი, რაზეც ამდენი ხანია გესუბრებით? ჰოდა,სწორედ ამას შევეცდები, მოკლედ, მარტივად, „ ტვინის ბურღვის გარეშე “ შეგასწავლოთ.
ვესტუმროთ გრამატიკის პირველ შვილს - ფონეტიკას.