კონკურსი "გახდი ბესტსელერის ავტორი"
მკითხველის რჩეული
აქ ყველაფერი ისეა, როგორც ცხოვრებაში, ოღონდ ცოტა უფრო მკაცრად, ცოტა უფრო ღიად, ცოტა უფრო თავისუფლად.
ერთი შეხედვით, ყველაფერი ნაცნობია - გარემო, სახეები, სიტუაციები, მაგრამ ხასიათებია ძნელი, რთული, შეუცნობელი.
პერსონაჟები ერთმანეთს ატყუებენ, ემუქრებიან, დასცინიან; გაშმაგებით უნგრევენ ერთმანეთს იმედის კოშკებს და შემდეგ ნანგრევებში რაღაცას ეძებენ და ეს რაღაც, თუ არ ვცდები, სიყვარულია, რომელიც მათში ჯერ კიდევ ბჟუტავს, როგორც ნაღვერდალი მინავლებულ კერიაში.
ბოლოს სიყვარული თავის ადგილს უბრუნდება. ამის გარანტი არის ავტორი, რომელმაც იცის, რას აკეთებს, როგორ და რისთვის.
ივანე ამირხანაშვილი
ლიტერატორი, კონკურსის ჟიურის წევრი
* * *
ჩვენ ყველანი, ძალიან განსხვავებულები, მაინც როგორ ვგავართ ერთმანეთს! ვეძებთ... ვეძებთ... საკუთარ თავს … ადგილს სამყაროში და ბედნიერებას, რომელიც რატომღაც ყოველთვის ხელიდან გვისხლტება. ვცდილობთ, ჩვენს არსებაში აყვირებული, ატირებული, გაბრაზებული, გაბოროტებული, ეჭვიანი, შეშინებული, ხანაც ბედნიერი "მეები" გავაერთიანოთ და პიროვნულ ჰარმონიას მივაღწიოთ.
ადამიანებს დაეკარგათ ერთმანეთთან მისასვლელი გზები, დარჩნენ საკუთარი თავის ტყვეობაში...მათი ურთიერთობებიც შუშასავით მსხვრევადი გახდა. ადამიანებიც მყიფენი არიან... აი, როგორ დავინახე თათული ღვინიანიძის რომანი "აღიარება ხელისგულზე."
ნინო მორბედაძე
მხატვარი, ყდის ილუსტრატორი
* * *
სამწერლო ასპარეზზე შებიჯება ომში ჩაბმის ტოლფასია.
შედიხარ ამ ომში რიგით ჯარისკაცად და გული გამალებით გიცემს...
ხდება, რომ - ჯერ არ იცი, რაზე ხარ წამსვლელი, რა შეგიძლია, ეჭვობ... ხარ კი შინაგანად გმირი? ბუდობს შენში გენერალი? შეგიძლია, მოკვდე ამ საქმისთვის?
ხდება ისეც, რომ, შებიჯებისთანავე, გენერლობაზე იწყებ ოცნებას და დარწმუნებული ხარ, რომ გმირობა შენი მოწოდებაა.
ხდება, რომ სუსტი გეგონა თავი და, შენთვისვე მოულოდნელად, სრულიად ახალ ძალას აღმოაჩენ საკუთარ თავში.
ისიც ხდება, რომ ბედი და იღბალი წყალობას არ მოგაკლებს და, რაღაცნაირად, იოლად გებოძება მაღალი ჩინი...
ომია და ყველაფერიც ხდება. შესაძლოა, ბრძოლის ველიდან გაიქცე: გააჩნია მაჩვენებლებს ნიჭის, ნებისყოფის, გამძლეობისა და საქმის სიყვარულის მაჩვენებელთა სკალაზე.
მოკლედ, ომია მწერლობა, მწერალი კი - ჯარისკაცი. ოღონდ ეს მოხალისეების ომია. თავისუფალი არჩევანია: მინდა და ვომობ!
და მოწინააღმდეგე ვიღაა ამ ომში? ვის ეომები? რა თქმა უნდა, საკუთარ თავს, და სიცრუე-სიყალბეს საკუთარ ნაფიქრალ-ნაწერ-ნასროლში. სიცრუეს - და არა გამონაგონს.
ძნელი ომია, ძნელზე ძნელი ომია მწერლობა. და ამ ომში გამარჯვება ჭეშმარიტად რჩეულთა ხვედრია.
ერთხელაც გავიმეორებ: ამ ომის ჯარისკაცობა საკუთარი ნებისა და მოხალისეობის ამბავია. ჰოდა, თუ მაზოხისტი არ ხარ, რა მიგარბენინებს? რატომ უნდა შევარდე შიგ? მართლაც, გაურკვეველი და აუხსნელია...
ხოლო "მაზოხისტების" ნაკადი არ წყდება... მოდიან, მოედინებიან, ლიტერატურული კონკურსები კი ბუკ-ნაღარით, დაფდაფებითა და საყვირებით მიაცილებენ ბრძოლის ველისაკენ.
და აი, მე - თავადაც ერთ "მაზოხისტს", აწ უკვე "სტაჟიან" მოხალისესა და ვეტერანს - ხელთ მაქვს თათული ღვინიანიძის "აღიარება ხელისგულზე", საკმაოდ მსხვილკალიბრიანი, 400-გვერდიანი რომანი და მევალება, რომ სამწერლო ომში სულ ახლახან შევარდნილი სრულიად ახალგაზრდა და გულანთებული ჯარისქალის მწერლური სტრატეგია-ტაქტიკა თუ აღჭურვილობა შევისწავლო და დასკვნა დავდო.
დავიწყებ აღჭურვილობით. თათული ღვინიანიძეს სიტყვიერი ტყვია-წამლის დიდი მარაგი აქვს და, შეიძლება ითქვას, რომ ზუსტი მსროლელიც გახლავთ. მისი ცალკეული გამონათქვამები, ფრაზები და დაკვირვებები, თითქმის ყოველთვის, მიზანში ხვდება, მყისიერად ანადგურებს სიცრუე-სიყალბის ნებისმიერ ადგილსამყოფელს და დამაჯერებლობისა და გულწრფელობის ფერად შუშხუნებად იქცევა.
თათულის საბრძოლო-სამწერლო სტრატეგია მისი მგზნებარე, ლამის უმართავი მწერლური ტემპერამენტისათვის თითქოსდა შეუსაბამო, მოულოდნელი სიდინჯითაა მოფიქრებული და აწყობილი, რაც ერთგვარ კალაპოტში აქცევს მის სტიქიურ ფანტაზიებსა და თხრობის ნიაღვრებს.
ახლა - ტაქტიკა. თათული ღვინიანიძისათვის დამახასიათებელია სისწრაფე, ელვისებური სამწერლო ქმედება და თხრობის სიმძაფრე. მას აშკარად აქვს მკითხველის აყოლიება-გაყოლიების უნარი; ეხერხება სწრაფ შეტევაზე გადასვლა, მოულოდნელი სვლებით მკითხველის დაბნევა. იგი იშვიათად ტოვებს საკითხს ღიად, იშვიათად სვამს მრავალწერტილს, რადგან მისი ტაქტიკური არჩევანია საკითხის ბოლომდე ამოწურვა, კონკრეტული ქმედებები და წერტილის დასმა.
გზადაგზა, სასურველი შედეგის მისაღწევად, ავტორ-მებრძოლი არ ერიდება გაბედულ, ზოგჯერ თავხედურ მანევრებს და ალაგ-ალაგ უხამსი სიტყვა-თქმებისა და ფრთიანი უწმაწური გამონათქვამების გამოყენებაზეც არ ამბობს უარს.
დასკვნის სახით, შემიძლია ვთქვა: სამწერლო ომში ახალჩაბმული რიგითი ჯარისქალი თათული ღვინიანიძე არის გაბედული, გამარჯვებაზე ორიენტირებული, გენერლობაზე ოცნებით მოტივირებული მებრძოლი. წარმოუდგენლად მესახება ბრძოლის ველიდან მისი გაქცევა.
ვთვლი, რომ იგი სამწერლო ასპარეზის მებრძოლადაა დაბადებული და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც მრავალ საბრძოლო ჯილდოს მოიპოვებს.
ამჯერად იგი ლიტერატურული კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი" ერთ-ერთი გამარჯვებულია, რაც მე, როგორც მენტორს, ძალიან მახარებს.
თამრი ფხაკაძე
მწერალი,