ზამბახის გულის საიდუმლოება,
ანუ მოგზაურობა ჰერმან ჰესეს
ზღაპრების სამყაროში
ვუძღვნი ნანა შენგელაიას
ჰერმან ჰესეს ზღაპრები ამ ჟანრის იმ სახეობას განეკუთვნებიან, რომელსაც, ჩვეულებრივ, ხელოვნურ ზღაპარს (Kunstmärchen) უწოდებენ და რომელიც ხალხური ზღაპარივით მთელი ერის სპონტანური და გაუცნობიერებელი შემოქმედების შედეგი კი არ არის, არამედ პოეტური ინდივიდუალობის ნებას ექვემდებარება. იგი, მართალია, ერთობ ხშირად გადმოიღებს ხოლმე ფოლკლორული ზღაპრის ცალკეულ ელემენტს, მოტივსა და თხრობის მანერას, მაგრამ თითქმის ყოველთვის ანადგურებს მის არსს და საბოლოოდ მაინც თვით ხელოვანის სუბიექტური ძალვისა და შემოქმედი გონის გაცნობიერებული მოქმედების პროდუქტია.
ხელოვნური ზღაპარი, რომელსაც ფესვები ფრანგულ როკოკოში აქვს გადგმული (Cabinet des fées), რომანტიზმში განიცდის სწრაფ ზრდასა და მძლავრ ყვავილობას. XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე გერმანულ ლიტერატურაში თითქოს ერთბაშად იფეთქებს ათასობით ყვავილი და მთელ არემარეს მძაფრ და გამაბრუებელ სურნელს მოჰფენს. ტიკის ერთი მხრივ მოცინარი და გამომწვევი, ხოლო მეორე მხრივ იდუმალებითა და მშფოთვარე ფანტასტიკით აღსავსე ზღაპრები, ნოვალისის მძიმე სიმბოლიკით დატვირთული და ამავე დროს ცისფერთვალება ფერმკრთალი ქალწულივით უმანკო და წმინდა ხილვანი, არნიმის, ფუკესა და ბრენტანოს მომაჯადოებელი და ამაღელვებელი, თითქოსდა ხალხური სულის წიაღიდან ამოხეთქილი ამბები და, ბოლოს, ჰოფმანის დემონური ფანტაზიები ქმნიან იმ გამაბრუებელ და დამათრობელ ატმოსფეროს, რომელიც ყველას, ვინც კი ფეხს შედგამს მათს სამფლობელოში, გრძნეული ბურუსივით თავს ევლება და დიდხანს ამყოფებს თავის ტყვეობაში.
ახალი, რაც რომანტიკოსებმა ზღაპრის ფორმაში შემოიტანეს, არის სამყაროს სიმბოლური აღქმა, ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, იმ თვალუწვდენელი სიღრმეების წინათგრძნობა, რომელთა წვდომისა და გამოხატვის ძალა მხოლოდ სიმბოლოს შესწევს. რომანტიკოსებმა აღმოაჩინეს ადამიანის ქვეცნობიერი სამყარო, პირველადი ვნებისა და ინსტინქტის ბნელი სამყარო, მაგრამ მათ, რიკარდა ჰუხის თქმისა არ იყოს, კოლუმბივით არ იცოდნენ თავიანთი აღმოჩენის ფასი და მნიშვნელობა,( Ricarda Huch, Die Romantik. Blütezeit, Ausbreitung und Vერფალლ. თüბინგენ, 1951, შ.81.) თუმცაღა ეს სამყარო მოსვენებას არ აძლევდათ და გრძნობად სფეროებში ტრანსპორტირებას მოითხოვდა. „აღზრდისა და განათლების უმაღლესი ამოცანაა, დაეუფლო შენს ტრანსცენდენტურ მეს, შენი საკუთარი მეს მედ იქცე“( Novalis, Dichtungen und Prosa. Leipzig, 1975, S.389.), – ამბობს ნოვალისი. მის მიერვე ეგზომ ხშირად ხმარებული სიტყვა „რომანტიზირებაც“ გაუცნობიერებლის, ინდივიდუუმის ფარული მეს სწორედ ამ გააზრებასა და გაცნობიერებას გულისხმობს. ბნელ და არაცნობიერ შინაარსთა სუბლიმირების, მათი განწმენდისა და ამაღლების საუკეთესო ფორმად რომანტიკოსებს ზღაპარი მიაჩნდათ. ზღაპარს, მათი აზრით, შესწევს ძველთაძველი ინსტინქტების ქვეყანაში წიაღსვლისა და ველურ მხეცთა და ნადირთა მოთვინიერების, შეუცნობელი ძალების შელოცვისა და მათი მზის შუქზე გამოყვანის უნარი. „ყოველი ზღაპარი“, – წერს ერთგან ნოვალისი, – „სიზმრისეული ხილვა და ოცნებაა იმ მშობლიურ ქვეყანაზე, რომელიც ყველგან და არსადაა. უმაღლესი ძალები ჩვენს თავში, რომელნიც ოდესმე, როგორც გენიები, განახორციელებენ ჩვენს ნებას, ახლა მუზების სახეს იღებენ და ცხოვრების ამ დამქანცველ გზაზე საამური მოგონებებით გვიამებენ გულს.“( იქვე, S.516.) მაგრამ ზღაპარსაც მაშინ ძალუძს უმაღლესი ძალების მუზებად გადაქცევა, თუ სიმბოლოებს იყენებს. თავის მხრივ, სიმბოლო რომანტიკოსებთან აღსანიშნავი მოვლენის ანალოგია, შემოკლებული ნიშანი და ხატოვანი აბრევიატურა კი არ არის, არამედ ფსიქიკური პროდუქტი, აზრობრივი ფორმულა, რომელიც რაიმე ნავარაუდევი ან ზუსტად დადგენილი, მაგრამ ჯერჯერობით არსებითად გაურკვეველი და შეუცნობელი მოვლენის ან გარემოების ერთადერთი შესაძლებელი გამოხატულებაა. ამ თვალსაზრისით რომანტიზმი ის ღეროა, რომლითაც ჰერმან ჰესეს ზღაპრები იკვებება.
ჰერმან ჰესეს ზღაპარს პირობითად „ფსიქოლოგიური ზღაპარი“ შეიძლება ვუწოდოთ.( უნდა აღინიშნოს, რომ ზღაპარი, იმდენად, რამდენადაც იგი ადამიანის ქვეცნობიერი სურვილების სუბლიმირებისა და ზეწესრიგისადმი სწრაფვის მხატვრული გამოხატულებაა, იმთავითვე უშუალო კავშირში იყო ფსიქოლოგიასთან. მაგრამ, თუ ხალხურ ზღაპარში ადამიანის გაუცნობიერებელი სურვილები, მისი იდუმალი ზრახვები და განცდები სპონტანურად ამოხეთქს ხოლმე, ახლა ქვეცნობიერისადმი მიმართება ჰესეს ზღაპრების ძირითად და განმსაზღვრელ, თვით ავტორის მიერ სტიმულირებულ ინტენციად იქცევა.) ზღაპრის ფორმა, რომელიც მოკლებულია დროისა და სივრცის განზომილებას, მწერალს ქვეცნობიერის სიღრმისეულ ფენებში, ბნელით მოცულ დედისეულ სამყაროში წიაღსვლისა და გაუცნობიერებელ შინაარსთა მხატვრული ფორმით წარმოდგენის საშუალებად ესახება. იდუმალებით მოცული სამყაროს ერთადერთი კარი სიზმარია – ფსიქიკური მდგომარეობა, როდესაც მოეშვება გონების მუხრუჭები, შესუსტდება ადამიანის ზეაღმატებული მეს და ყოველგვარი დანაშრევი მორალური ნორმებისა და მოთხოვნების ცენზურა, სულის წიაღიდან ზედაპირზე ადამიანის ფარული მურაზი და გულისნადები ამოტივტივდება, ცნობიერებაში შეაღწევს და იქ, გარესამყაროდან მიღებულ შთაბეჭდილებებში აღრეული, ფანტასტიკურ სახეებსა და ნაერთებს ქმნის. ჰერმან ჰესეც არაერთხელ იყენებს ამ კარს სახიფათო სფეროებში შესაღწევად, რაც ხშირად მისი ზღაპრების სათაურშიც აისახება. მაგალითად, ერთი ზღაპარი „სიზმართა წყებადაა“ წოდებული, მეორეს „ფლეიტის სიზმარი“ ჰქვია, მესამის სათაურში, მართალია, არაფერი მიგვანიშნებს სიზმარზე, მაგრამ თვით ამბის განვითარება, ეპიზოდების ერთმანეთთან დაკავშირება, წარმოდგენილ