ესპანური ზღაპრები - წინათქმა
თავს მოვალედ ვთვლი გულწრფელი მადლიერებით მოვიხსენიო ყველა ის პიროვნება, ვინც ხელი შემიწყო სამეცნიერო და მთარგმნელობით საქმიანობაში.
უპირველეს ყოვლისა, მადლიერება მინდა გამოვხატო ჩემი სადისერტაციო ნაშრომის, „ქართული და ესპანური ჯადოსნური ზღაპრების საერთო მოტივები. ტიპოლოგიური გამოკვლევა“, სამეცნიერო ხელმძღვანელის, აწ გარდაცვლილი ქალბატონის, ქსენია სიხარულიძის მიმართ.
მადლიერებით მინდა მოვიხსენიო ქალბატონი ელენე ვირსალაძე, ბატონი ჯონდო ბარდაველიძე და მათთან ერთად შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილების მთელი სამეცნიერო პერსონალი.
დიდი პატივისცემით მინდა მოვიხსენიო ჩემი პედაგოგი ადელა მარტინესი და ცნობილი მთარგმნელი მარტინა მინტეგი ბილბაო, რომლებიც პერიოდულად მიწევდნენ საჭირო კონსულტაციებს.
დასაფასებელია ჩემი ოჯახის წევრების თანადგომა, რომლებიც მოთმინებით იტანდნენ ჩემ ხანგრძლივ მივლინებებს მოსკოვის ბიბლიოთეკებში.
მადლობას ვუხდი ჩემ დიშვილებს, ანა და პაკო ხუჯაძეებს, ხელნაწერის დიგიტალიზაციის საქმეში გაწეული უანგარო დახმარებისთვის.
წიგნი მხატვრულად გააფორმა ჩემმა შვილმა, ვიქტორ წიკლაურმა.
მადლობას ვუხდი შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის არქივის ხელმძღვანელს ელგუჯა დადუნაშვილს და არქივის მეცნიერ-თანამშრომელს მარინე ტურაშვილს წინამდებარე წიგნის გამოსაცემად მომზადებაში გაწეული დახმარებისათვის.
მერი ხუხუნაიშვილი-წიკლაური
თბილისი 2008 წელი