წინასიტყვაობა
ბრიტანული ზღაპრები და ლეგენდები თარგმნილია ინგლისელი მწერლისა და ფოლკლორისტის კეტრინ ბრიგსის (1898-1980) ცნობილი ოთხტომეულის „ბრიტანული ზღაპრების ლექსიკონის“ 1991 წლის გამოცემიდან, რომელიც პირველად 1970-71 წლებში დაიბეჭდა. წიგნში თავმოყრილია ბრიტანელთა (ინგლისი, უელსი, შოტლანდია, ჩრდილოეთი ირლანდია) ნარატიული ფოლკლორული ტექსტები - ჯადოსნური ზღაპრები, ცხოველთა ზღაპრები, ნოველისტური ზღაპრები, ანეკდოტები, საყმაწვილო ზღაპრები, ადგილობრივი და ისტორიული გადმოცემები და ლეგენდები. კ. ბრიგსმა ამ გამოცემით მიზნად დაისახა მსოფლიოსთვის ეჩვენებინა ის დიდი კულტურული სიმდიდრე, რომელიც ბრიტანეთში ინგლისური და კელტური მოდგმის ხალხებს ჰქონდათ შემონახული ზეპირსიტყვიერებაში თავიანთი ისტორიული არსებობის მანძილზე. კ. ბრიგსი კელტურ ენებს არ ფლობდა, მას უდიდესი ძალისხმევა დასჭირდა იმისათვის რომ შეეკრიბა ინგლისურ ენაზე მონათხრობი ბრიტანელი კელტების ფოლკლორული ტექსტები ინგლისური ხელნაწერებიდან და გამოცემებიდან შუა საუკუნეების პერიოდიდან მოყოლებული. კ. ბრიგსმა შექმნა ბრიტანული ნარატიული ფოლკლორის ტექსტების უნიკალური ლექსიკონი, თითოეულ ტექსტს თან ერთვის განმარტებები და მოტივთა საძიებელი. აღნიშნული ლექსიკონი არის სანიმუშო აკადემიური გამოცემა და სახელმძღვანელო ფოლკლორში მომუშავე მკვლევართათვის.
კეტრინ ბრიგსი დაიბადა ჰემფსტედში (ლონდონიდან ჩრდილო-დასავლეთით, 6,5 კმ-ით დაშორებით). ეს ადგილი ინგლისში ცნობილია ინტელექტუალური, სახელოვნებო, მუსიკალური და ლიტერატურული გაერთიანებებით. კ. ბრიგსის ოჯახშიც ეს სული ტრიალებდა. მამამ (მხატვარი იყო) კეტრინს და მის ორ დას ბავშვობიდანვე შეაყვარა ლიტერატურა და ზეპირსიტყვიერება. ახალგაზრდა კეტრინი ინგლისურმა საზოგადოებამ თავდაპირველად გაიცნო როგორც საბავშვო მწერალი. მოგვიანებით კი მან მთელი თავისი ცხოვრება (პირადიც კი) ფოლკლორის კვლევას მიუძღვნა. იგი არაჩვეულებრივი მთხრობელი იყო და თავადაც დიდ მნიშვნელობას ანიჭება ფოლკლორში მთქმელის თხრობის ხელოვნებას.
კ. ბრიგსმა გამოიკვლია მე-16, მე-17 საუკუნის ინგლისური ლიტერატურის, მათ შორის უ. შექსპირის შემოქმედების ფოლკლორული წყაროები, მანვე შეისწავლა ზეპირსიტყვიერების პოპულარული პერსონაჟები - ფერიები, ელფები, გნომები და შეადგინა მათი ლექსიკონი.
კ. ბრიგსი წლების მანძილზე იყო ბრიტანეთის ფოლკლორული საზოგადოების წევრი და მისი პრეზიდენტი.
ბრიტანეთის ფოლკლორული საზოგადოება ერთ-ერთი უძველესი და ავტორიტეტული ფოლკლორული საზოგადოებაა მსოფლიოში, რომელიც 1878 წელს დაარსდა, ხალხური სიტყვიერების აღმნიშვნელი სიტყვა „ფოლკლორიც“ მან დაამკვიდრა და იგი საერთაშორისო ტერმინად აქცია.
კ. ბრიგსი აქტიურად თანამშრომლობდა დიდ ბრიტანეთში გამომავალ (1878 წლიდან) საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „ფოლკლორთან“.
კ. ბრიგსმა სიცოცხლეშივე მოიპოვა მსოფლიო აღიარება, როგორც გამოჩენილმა ფოლკლორისტმა და ექსპერტმა. მისი გარდაცვალების შემდეგ ბრიტანეთის ფოლკლორულმა საზოგადოებამ დააწესა კეტრინ ბრიგსის ყოველწლიური პრემია, რომელიც კეტრინ ბრიგსის სახელობის კლუბში გადაეცემათ წლის საუკეთესო მკვლევრებს საყურადღებო და მნიშვნელოვანი სამეცნიერო ფოლკლორული პუბლიკაციებისთვის.