წერილი ბიბერიის სამეფო, კანგუნეთი, 970 წელი
მზის ამოსვლისას ჯერ კიდევ გაქვავებული ვიდექი „ შავი კლდის “ პირას და დაჟინებით დავყურებდი ნისლით დაფარულ ჩრდილოეთის ზღვას. ერთ წერტილს ვუმზერდი კოპებშეკრული და თუმცა იმ წუთას ქანდაკებას უფრო ვგავდი, ვიდრე გზადაკარგულ ადამიანს, თავში წარმოუდგენელი ქაოსი, მკერდში კი ემოციების ქარბუქი მიტრიალებდა. დიანოზი ჩემი ერთადერთი მეგობარი იყო, ანნა კი ჩემი საცოლე. ერთად გავიზარდეთ და ჩემი ცხოვრება მათ გარეშე ვერც კი წარმომედგინა. რამდენჯერმე შევამჩნიე, დიანოზი ანნას ტუჩებს უცნაურად რომ უცქერდა. ანნაც იდუმალი მზერით შეავლებდა ხოლმე თვალს მის დაკუნთულ სხეულს, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვაჯერებდი, რომ ერთმანეთი მოსწონდათ. ახლა კი, როდესაც ამაში დავრწმუნდი, თითქოს ყელზე მოჭერილი მარყუჟი მომეხსნა. დაბნეული და არეული ვიყავი. ერთი მხრივ, ვცდილობდი თავმოყვარეობის შეგრძნების შემოტევებს ისე გავმკლავებოდი, რომ ჩემი საყვარელი მეგობრებისთვის არაფერი დამეშავებინა, მაგრამ მეორე მხრივ, თითქოს მძიმე ტვირთისგან გავთავისუფლდი. არა, დიანოზს ალბათ სიცოცხლეს გამოვასალმებდი, რამდენიმე საათით ადრე, სანამ მათ საიდუმლო კავშირზე შევიტყობდი, ჩემს მამინაცვალს ის უცნაური წერილი რომ არ გადმოეცა ჩემთვის. „ შავი კლდის “ პირას გაქვავებულს ის ჯერ კიდევ მუჭში მქონდა ჩაკუჭული. ისევ გავშალე და ალბათ უკვე მეასედ გადავიკითხე. მახსენდებოდა, ძილის წინ როგორი სიამოვნებით ვუსმენდი დედაჩემის მიერ შეთხზულ ამბებს მამაც ბიბერიელ მეომარზე, რომელიც აქამდე ღვიძლი მამა მეგონა. მის სახელს ყოველთვის სიამაყით და მოწიწებით წარმოვთქვამდი. მთელი არსებით ვცდილობდი მას დავმსგავსებოდი და მასავით ღირსეული მეომარი ვყოფილიყავი.
დიანოზი და ანნა კანგუნეთის სამხედრო აკადემიაში ექვსი წლისამ გავიცანი. ბიბერიაში ხშირი ომებისა და მეკობრეთა თავდასხმების გამო ჩვენს პატარა ქალაქში მცხოვრები ყველა ექვსი წლის ბიჭი სასახლეში უნდა გადასულიყო საცხოვრებლად. იქ სათანადოდ მოგვამზადებდნენ, რათა მომავალში ჩვენც ჩვენი გმირი წინაპრებივით შეგვძლებოდა თავისა და ჩვენი ქვეყნის დაცვა. დენოლა ზედმეტად ღელავდა. წარმოდგენაც კი უმძიმდა, რომ ჩემი ნახვა მხოლოდ უქმეებზე მოუწევდა. რამდენიმედღიანი ყოყმანის შემდეგ, არმიის გენერალს მაინც თანხმობის წერილი გაუგზავნა. ბარგის ჩალაგებისას თვალცრემლიანი მიცქეროდა. მოგვიანებით ბუხართან მიმიხმო და მშვიდად განმიმარტა, რომ სასახლეში ცხოვრების უფლებას მხოლოდ ჩემი გარდაცვლილი მამის გამო მაძლევდა, რადგან გოდონს სურდა, რომ მისი ერთადერთი ვაჟი მასავით ვაჟკაცი მეომარი ყოფილიყო. ჩემსავით უმძიმდა განშორება. იმ ღამით ჩემს პატარა საწოლში ჩაეძინა ჩემთან ერთად, დილით კი, დიანოზთან და სხვა თანატოლებთან ერთად კანგუნეთის გუბერნატორის სასახლეში გადავსახლდი. უზარმაზარგალავნიანი თეთრი შენობა ჩვენი პატარა ქალაქის ცენტში მდებარეობდა. მის ეზოში ნებისმიერ ადამიანს შეეძლო შესვლა. სწორედ იქ იმართებოდა უქმეებზე ბაზარი, იქ ტარდებოდა სიკვდილით დასჯის ცერემონიებიც და საზეიმო, სახალხო ნადიმებიც. სასახლის გარშემო კი, ხის აივნებიან საცხოვრებელ სახლებში, ძირითადად კანგუნეთის შეძლებული მოქალაქეები ცხოვრობდნენ. ჩვენი ხუთიათას მოსახლიანი ქალაქი ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე იყო გაშენებული. იმ დროისთვის სახელგანთქმულ საპორტო ქალაქს უამრავი სავაჭრო ხომალდი სტუმრობდა წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო დროს, რადგან მეკობრეთა თავდასხმები საგრძნობლად შემცირდა. მე და დენოლა, ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, ტყის პირას, ზღვის სანაპიროსთან ახლოს ვცხოვრობდით. დედა სასახლეს არასდროს აქცევდა განსაკუთრებულ ყურადღებას. ქალაქში საგანგებოდ დარგული, ფერადი ყვავილების ცქერა უფრო უყვარდა. მხოლოდ ერთხელ დამანახა და ისე „ სხვათა შორის “ მითხრა:
- ეს ჩვენი გუბერნატორის სასახლეა..
შენობა ისეთი გრანდიოზული და ლამაზი მომეჩვენა, მაშინვე მისი დათვალიერების სურვილი გამიჩნდა.
- ცოტაც მოითმინე... - მითხრა დასევდიანებულმა, - შესაძლოა გუბერნატორმა იქ საცხოვრებლადაც კი მიგიპატიჟოს.
დენოლას სიტყვები იმაზე სწრაფად იქცა რეალობად, ვიდრე წარმოვიდგენდი. უზარმაზარ დარბაზებში ყველა მდიდრულად ჩაცმული დააბიჯებდა. ჭრელ, ფაშფაშა კაბებს, მოხატულ კედლებსა და მოჩუქურთმებულ თაღებს თვალი მალევე შეეჩვია. მაშინ, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები სასახლეს აღფრთოვანებულები უცქერდნენ გარედან, მე და ჩემი მეგობრები ისე შევდიოდით კარიბჭეში, როგორც საკუთარ სახლში, რაც ერთგვარ სიამაყის შეგრძნებას მგვრიდა. იმ წელს, ჩემი და დიანოზის გარდა, მეფე ლომეო II-ის სახელობის სამხედრო აკადემიაში კიდევ ორმოცდასამი ჩვენი თანატოლი ჩაირიცხა. ოთახებში პირველ დღესვე გაგვანაწილეს. ჩვენ მსუქან ალფოსთან, რომელსაც მუდამ ყველაფერი ეზარებოდა, ბეჯით რაგოსთან და ჩვენს შორის ყველაზე მდიდარ, კანგუნეთში ცნობილი ვაჭრის ერთადერთ ვაჟთან, ალომასთან ერთად მოვხვდით. ჩემ გარდა ყველა შეძლებული ოჯახიდან იყო. მართალია, ღარიბულ ჩაცმულობას არასოდეს შევუწუხებივარ, დენოლამ მაინც ყველა სამკაული გაყიდა, რომ თავი მეგობრებს შორის დაჩაგრულად არ მეგრძნო. ყელზე მოჭერილ თეთრ პერანგებში, სქელ ხავერდის პიჯაკებსა და შავ მოტმასნილ შარვლებში გამოწყობილებს, არამც თუ სირბილი, სიარულიც კი გვიჭირდა. არც ჩემი ახალი საძინებელი მომწონდა, ცისფრად შეღებილი პრიალა კედლებითა და ოქროსფრად მოჩუქურთმებული მაღალი