რეზიუმე მონოგრაფია ეძღვნება რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისა და სტრატეგიული ინტერესების კომპლექსურ განხილვას სამხრეთ კავკასიის რეგიონში. თემა აქტუალურია იმდენად, რამდენადაც ბოლო ოცდაათი წლის მანძილზე, ყოფილი საბჭოთა კავშირის არც ერთი სხვა რეგიონი არ შეჯახებია ისეთ სერიოზულ რყევებს როგორსაც სამხრეთ კავკასიის რეგიონი. სამი გადაუწყვეტელი კონფლიქტის არსებობა და ურთულესი გეოპოლიტიკური გარემო უახლოეს პერსპექტივაში ჯერ კიდევ დაძაბული და არასტაბილური მდგომარეობის შენარჩუნების საფუძველს იძლევა. ამ პერსპექტივას, რუსეთის დესტრუქციულ როლთან ერთად, კიდევ უფრო ასაზრდოვებს ის ფაქტორიც, რომ რეგიონის ირგვლივ მიმდინარე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პროცესების პირობებში, რეგიონის სამივე ქვეყანა ატარებს სრულიად განსხვავებულ და არაკოორდინირებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს. ფაქტობრივად, ნულოვანია ერთიანი რეგიონალური უსაფრთხოების სისტემის შექმნის პერსპექტივაც, ეს კი სერიოზული დაბრკოლებაა გლობალური კონსესუსის ძიებისა და პოლიტიკური სტაბილურობის დამყარების თვალსაზრისით.
პირველ თავში, ჩვენ კომპლექსურად შევისწავლეთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსეთის საგარეო პოლიტიკის ევოლუცია და მისი სტატეგიული ინტერესების მთავარი ასპექტები, რამდენადაც ის ფრიად მნიშვნელოვანია პოსტსაბჭოთა სივრცის გეოპოლიტიკური მომავლის პროგნოზირების კონტექსტში. სისტემურად გავაანალიზეთ რუსეთის საგარეო პოლიტიკური კონცეფციები და შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რამდენად იყო მისი ფუნდამენტური პრინციპები პრაქტიკაში რეალიზებული.
მეორე თავში მიმოვიხილეთ რუსულქართული ურთიერთობების პოლიტიკური მახასიათებლები. მაშინ, როცა რუსეთმა „ წითელი ხაზები “ ცალმხრივად გადაკვეთა, (საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებული სუბიექტების სუვერენულ სახელმწიფოებად აღიარება) ჩვენ მაინც შევეცადეთ, საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით, მოგვეძია ორმხრივ ურთიერთობებში შესაძლო, თუნდაც მინიმალური კომპრომისების დაშვების შესაძლებლობა. რუსეთის მხრიდან, ამ ეტაპზე, არ შეინიშნება არანაირი მზაობა აწარმოოს ჩვენს ქვეყანასთან კონსტრუქციული დიალოგი, შესაბამისად, მათი მხრიდან რაიმე კომპრომისზე საუბარი ზედმეტია. ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რესურსები ფაქტობრივად ამოწურულია. ჩვენ, მინიმალური დადებითი ეფექტის მიუხედავად, (იგულისხმება სავაჭრო და სატრანსპორტო კავშირების ნაწილობრივი აღდგენა) კრიტიკულად მივუდექით საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთის მიმართ წარმოებულ ე.წ. „ ნორმალიზაციის პოლიტიკის “ პროცესს.
მესამე თავი მიეძღვნა, რუსულსომხური ურთიერთობის განვითარების დინამიკის შესწავლას პოსტსაბჭოთა პერიოდის მანძილზე. ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორო ბის ანალიზისას, არსებითად გამოვიკვლიეთ სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების პრობლემური ასპექტები. ასევე გამოვიკვლიეთ ის ხილვადი თუ უხილავი ძვრები, რაც შეინიშნებოდა ორმხრივ ურთიერთობაში 2018 წელს სომხეთში ხელისუფლების რევოლუციური გზით ცვლილების შემდგომ პერიოდში. ცხადია, გვერდს ვერ ავუვლიდით 2020 წლის მოვლენების პრიზმაში სომხეთში განვითარებულ პოლიტიკურ კრიზისს, აგრეთვე იმ უმძიმეს მორალურ და ფსიქოლოგიურ შოკს რაც კონკრეტულად ყარაბაღის მეორე ომში განცდილი მარცხის შემდგომ ქვეყანამ გამოიარა.
მეოთხე თავში, შევისწავლეთ და გავაანალიზეთ ყველა ის ფუნდამენტური გამოწვევები, რომლებიც თან ახლდა რუსულაზერბაიჯანულ ურთიერთობებს სსრკს დაშლის პერიოდიდან მოყოლებული. „ ყარაბაღის კონფლიქტი “ , „ კასპიის ენერგორესურსები “ , „ ჩრდილოკავკასიის ფაქტორი, ეს ის პრობლემური საკითხებია, რომლებიც მნიშვნე ლოვანწილად განსაზღვრავდა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების დინამიკას.
აგრეთვე, კვლევის პროცესში ორმხრივი ურთიერთობის ჭრილში, ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით მოვეკიდეთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ფაქტორს. კრიტიკულად მივუდექით წლების განმავლობაში რუსეთთან ერთად ეუთოს მინსკის ჯგუფის მუშაობასაც, რომელმაც ვერ უზრუნველყო ვერც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება და საბოლოო ჯამში ვერც ომის თავიდან აცილება შეძლო.
მეხუთე თავი მთლიანად ეთმობა ყარაბღის მეორე ომის თემატიკას. ჩვენ სისტემურად გავაანალიზეთ და ქრონოლოგიური სიზუსტით აღვწერეთ მისი განვითარების დინამიკა. აგრეთვე, განვლილი ომის სამხედრო და პოლიტიკური შედეგებიდან გამო მდინარე შევაფასეთ მიღებული სტატუს კვო და ახალი გეოპოლიტიკური რეალობა. ავტორის აზრით, თავიდანვე დაშვებული შეცდომა იყო ყარაბაღის კონფლიქტის განხილვა მხოლოდ სომხურაზერბაიჯანული დაპირისპირების ჭრილში. ის იყო და რჩება რეგიონალური მასშტაბის ეთნოპოლიტიკურ და ტერიტორიალურ კონფლიქტად, რომლის საბოლოო დარეგულირების გარეშეც წარმოუდგენელია გლობალური მშვიდობის დამყარება რეგიონში.
დასკვნით ნაწილში მოცემულია კვლევის ზოგადი შედეგები და რეკომენდაციები. ავტორის აზრით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა შეუძლებელია, რუსეთის მხრიდან წარმოებული ექსპანსიონისტური პოლიტიკის განეიტრალების გარეშე.