მკითხველისთვის ფრანგი მწერალი და მეზღაპრე შარლ პერო დღემდე ერთ-ერთ გამორჩეულ და საყვარელ მეზღაპრედ ითვლება არა მხოლოდ ბავშვებისათვის, არამედ - მოზრდილებისთვისაც. შარლ პერო განსაკუთრებით მოსწონთ მშობლებს, მის ჯადოსნურ ზღაპრებს დიდი სიამოვნებით რომ უკითხავენ პატარებს.
ზღაპრებში ავტორი მოგვითხრობს ჯადოსნურ სამყაროზე, სიკეთისა და ბოროტების მარადიულ ჭიდილზე, სულიერი სილამაზისა და, მის საპირწონედ, სულიერი სიმახინჯის დაუნდობელ ბრძოლაზე, გამჭრიახი გონების უპირატესობაზე, მეგობრობასა და სიყვარულზე, ხოლო მათ საპირისპიროდ - ღალატსა და სიძულვილზე, გაჭირვებასა და მისი გადალახვის კეთილ გზებზე. მთხრობელი გვიჩვენებს სიკეთისა და სათნოების სადარაჯოზე მდგარი კეთილი ძალების არსებობას. საბოლოოდ, ამ ჯადოსნურ ზღაპრებში ბოროტება მარცხდება, სათნოება კი უპირობო გამარჯვებულია.
ზღაპრები - „მძინარე მზეთუნახავი“, „წითელქუდა“, „კონკია“, „ჩექმებიანი კატა“, „ცეროდენა“და სხვა, რეჟისორისა და კინოპროდიუსერის, უოლტ დისნეის შთაგონების წყაროდაც იქცა.
შარლ პეროს ზღაპრები არის ვრცელი მოგზაურობა თვალწარმტაც, „ჯადოსნურ სამყაროში“, სადაც მკითხველი ავტორთან ერთად შეებრძოლება ბოროტ ძალებს, გადალახავს უამრავ სიძნელესა და დაბრკოლებას; მკითხველი ძალზე გამჭრიახი და მოხერხებული, სიყვარულსა და სიკეთეზე მომართული გახდება.
როგორც ერთ ზღაპარში, სახელად - „ქოჩორა რიკე“ შარლ პერო გვეუბნება: „როდესაც ადამიანი ბოროტებას უპირისპირდება და მსხვერპლს იღებს, ღმერთი მას უთუოდ სიკეთით დააჯილდოებს“.