*** იყო და არა იყო რა,
რა იქნებოდა ღვთიური,
მას ზედა ყოვლის მომცველი
და უკეთესი ღვთიური?!
ერთ ქვეყანაზე მეფობდა
კეთილი ვაჟი მთიული.
მშობლები ადრე დაკარგა,
ცოლ-შვილი დარჩა მზიური.
ცხოვრება გამოცანაა,
მიწიერიც და ციურიც.
ზოგჯერ ხისტია, უხეში,
ზოგჯერ კი რომანტიული.
მის სიბრძნეს ვინ შეიმეცნებს?!
წამია ყოველდღიური.
ერთბაშად ვერას მიხვდები,
ნელ-ნელა ყოველწლიური
განცდები შენში შემოვა,
ქვეცნოს დარჩება დღიური.
დასასრულს ერთად მოგითხრობს,
სიცოცხლე არის ღვთიური.
რაც თავი ახსოვს მთიელ ვაჟს,
ყოველთვის იყო უფალი,
მას ზედა ტახტზე მჯდომარე,
ზენარი ხელისუფალი.
არასდროს ჰქონდა ბავშვობა
უზრუნველ-თავისუფალი.
მეფედ გაზრდილი მის გამზრდელს
მამობილივით უმადლის.
ახლაც ზის ტახტზე მორჭმული,
მუდამ მზერა შეუვალი.
თითქოს რაღაც გასტანჯავდა,
განცდა იგრძნო იდუმალი.
მტერი ყველა ამოჟლიტა,
ქვეყნებს დასდო საურავი.
ამიტომაც ვერ მიმხვდარა,
ფიქრობს ასე სულ მდუმარი.
ნადიმი იყო იმ დღესაც,
დღესასწაული, პურობა.
თვალით ვერ ნახავ, ვერ იტყვი,
სამეფო მოკაზმულობა.
მხოლოდ იყვნენ დიდებულნი,
არ დიდი, მცირე სტუმრობა,
თუმცა მეფეთა საკადრი -
ყოველი მოქარგულობა.
მეფემ უმიზნოდ მოავლო
მზერა, უკადრი სახე
და განუცხადა მრჩეველებს:
-დღეს მარტოობას ვარჩევ!
ყველა გავიდა ერთ წუთში,
ცოლმა ჰკადრა: -ხომ არ დავრჩე?
მაშინ მეფემ გაიღიმა,
გადაყარა დარდი წამსვე.
-თქვენი რჩევა არ მაწყენდა,
დედოფალო გამახარე.
ჩემთვის მუდამ წამალია
თქვენი თავმომწონე სახე.
დედოფალმაც გაუღიმა,
აუწია წარბიც: -ვაჩე!
არ მოგბეზრდა ეს ცანცარი?!
ხანდახან ხომ უნდა გასცდე?!
-მაგ სიტყვების ხსენებაზე,
ის ბავშვობა განვიცადე,
ერთად როგორ ვიზრდებოდით,
ძლიერ როგორ შეგიყვარე.
-კიტა! ერთი რამ მაწუხებს,
სხვას ვერ ვეტყვი, ვერ გავანდე.
საზარელი რამ მესიზმრა,
სულ მაფიქრებს, დავიზაფრე.
თითქოს რაღაც საშინელი
წინ მოგველის ქვეყანაზე.
თითქოს სენი მოგვაკითხავს,
ყველას მოკლავს ქვეყანაზე.
-ნუ იდარდებ საყვარელო,
შენი მჯერა მე ყველაზე.
მაგ სიზმრებშიც გაერკვევი,
მოთმინებით გადალახე.
შენი სიბრძნე ცნობილია,
ეშმაკიც ხარ თვით მელაზე.
კიტა ახლოს მიუცუცქდა
და აკოცა მას ლოყაზე.
წამსვე იგრძნო მიხუტება,
ძლიერ მკერდზე იკრავს ვაჩე.
-ჩემო მზეო, ჩემო მთვარევ,
უშენოდ ვით გავიხარე?!
ქვეყნის ბედიც არ მაღელვებს,
შენ თუ ცუდად დაგინახე.
სარკმელს მოსჩანს იდუმალი,
თავმომწონე თეთრი მთვარე.
არე-მარეს ეღვრებოდა
მისი სხივი მოცანცარე.
ადგილ-ადგილ ჩრდილს არღვევდა,
ნათდებოდა თეთრად ღამე.
მთვარის შუქი ცივი იყო,
თუმცა წმინდად მოკამკამე.