მარიამის და ფისოების ვოიაჟი მთვარეზე წიგნის კითხვისას ჩაძინებულს ნათელმა მთვარემ გამაღვიძა და მითხრა: "მე სიზმრებს ვხედავ, იმას რაც სხვებს ესიზმრება. ერთხელ მეოცნებე და ცნობისმოყვარე გოგო მესტუმრა თავისი მეგობრებით. მოგიყვები ყველაფერს. სულ ახალი გამოჩენილი ვიყავი, როცა ფანჯარაში ჩემსავით ნორჩი არსება დავლანდე, გოგონას სანდომიანი სახე ჰქონდა და ორეულივით მგავდა."
- დედიკო მთვარეზე ვინ ცხოვრობს?
- არავინ.
- საერთოდ არავინ?
- საერთოდ არავინ.
- რატომ?
- ეხლა შეკითხვების დრო არ არის. უნდა დაიძინო, რომ დილას ადრე ადგე სკოლაში წასასვლელად. ხვალ მამაშენს ჰკითხე და ის აგიხსნის. ძილი ნებისა.
ამ სიტყვებით დედამ ოთახში სინათლე ჩააქრო, მარიამს საბანი ამოუკეცა და კარები გაიხურა.
მარიამი თავის სეხნია თოჯინას ჩაეხუტა და ოდნავ გადაწეული ფარდის მიღმა ღამის ცას დაუწყო ყურება.
მთვარის მრგვალი ნათელი დისკო თითქოს ისე ახლოს იყო, რომ ხელითაც კი მისწვდებოდა მარიამს რომ მოენდომებინა. დარწმუნებული იყო სახლის სახურავზე თუ ავიდოდა, ადვილად დაადგავდა ფეხს მთვარეზე.
"ოდესმე ადამიანი მთვარეზე ფეხს თუ დაადგავს, ნეტავ რა მოხდა?"-ოცნებას მისცემოდა მარიამი.
მთვარის შუქით განათებულ ღამის ცაზე მარიამმა თვალი მოჰკრა ღამურებს და გაიფიქრა, რომ ისინი მთვარის ბინადრები იყვნენ.
- როცა ღამურები მთვარეზე ეშვებიან, მთლიანად ფარავნ მის ზედაპირს და ამიტომ ხანდახან მხოლოდ ნახევრმთვარე მოჩანს ცაზე, - დაასკვნა მარიამმა.
- თანაც ღამურები თავდაყირა დაკიდებულები იძინებენ და ესეც ალბათ იმიტომ, რომ დედამიწის ყურებას მთვარიდან არიან მიჩვეულები.
-ნეტა მთვარეზე ღამურები მართლა თუ ცხოვრობენ? ეს აუცილებლად უნდა გავარკვიო, - თავისთვის ჩაილაპარაკა მარიამმა.
**
მეორე დღეს მამა სხვა ქალაქში საქმეზე გაემგზავრა და მარიამმა მისთვის შეკეთხვის დასმა ვერ მოახერხა, სამაგიეროდ ერთ თავის ტოლ ოინბაზ ბიჭს ჰკითხა, სახელად გიოს.
-შენ თუ იცი მთვარეზე ვინ ცხოვრობს?
-მთვარეზე მთვარეულები ცხოვრობენ.
-მთვარეულები ვინ არიან?
-მთვარეულები ღამით მძინარე დგებიან საწოლიდან და სიარულს იწყებენ, ზოგჯერ სახურავზე ადიან, მაგრამ მეორე დღეს არაფერი ახსოვთ იმის შესახებ რასაც ძილში აკეთებდნენ. ამის მოწმენი გვერდით მყოფი სხვა ადამიანები ხდებიან, ვინც შემთხვევით შეესწრო და მიხვდა, რომ ყველაფერს მძინარე ადამიანი აკეთებს. როგორ წესი, მათ არ აღვიძებენ, რომ მთვარეულს უნებლიედ არ შეეშინდეს საკუთარი მოქმედებების.
-მე კი ვფიქრობ, რომ მთვარეზე ღამურები ცხოვრობენ.
****
ერთ მშვენიერ უდრტვინველ ღამეს მარიამს ორი ფისუნია ესტუმრა, სახელად მიუ და მიაუ. საწოლზე ჩამოსხდნენ და კრუტუნით ეალერსებოდნენ გოგონას, რომ მას ადვილად ჩასძინებოდა. როცა დააძინეს, სიზმარშიც კი მარიამის განუყრელი თანამგზავრები იყვნენ, წინ მიუძღოდნენ და მარიამიც მათზე იყო მინდობილი.
-მოდი სახურავზე ავიდეთ,- შესთავაზეს ფისოებმა.
სახურავზე ასვლას მარიამი მარტო ვერასდროს გაბედავდა, მაგრამ მიუ და მიაუ ისეთი თავდაჯერებულები და მოქნილები იყვნენ, რომ მარიამს შიში გაუქრა. ერთი ფისო ერთ ფეხზე ეხვეოდა და მეორე მეორეზე, რომ მარიამს ნაბიჯი სწორად გადაედგა და უსაფრთხოდ ყოფილიყო.
სხვენში სამტრედე იყო და ფისოებს შიგნით შეჭყეტა უნდოდათ. თუმცა იცოდნენ, რომ მძინარე მტრედებს მაინც ვერ მისწვდებოდნენ, მაგრამ ცდუნებას ვერ უძლებდნენ, რომ შორიდან მაინც არ მოეკრათ თვალი გემრიელი საკბილოსთვის, ორივე ისეთი მსუნაგი იყო.
****
-მთვარეზე ოქროს ობობა ცხოვრობს, რომელიც გამუდმებით ქსოვს ქსელს. როგორც კი მორჩება თავისი აბლაბუდის ქსოვას, მაშინვე ღუზასავით დაეშვება ვერცხლისფრად მოციმციმე ძაფზე მთვარის ქიმიდან სახლის სახურავზე და მარიამს მთვარეზე აიტაცებს, - თქვეს მიუმ და მიაუმ.
მარიამი სახლის სახურავზე მოხერხებულად იჯდა და ელოდა. როდის ჩამოეშვებოდა მთვარის ობობა, რომელიც მას თავის მოქსოვილ ჰამაკში ჩააწვენდა, სადაც მარიამი გათენებამდე დარჩებოდა, მანამ სანამ ძილის დრო არ ამოეწურებოდა. მაშინ გოგონა უკან უნდა დაბრუნებულიყო თავის საწოლში. მზეს მისთვის ქუთუთოებში უნდა შეეჭყიტა და თვალები აეხილა, რომ გაღვიძებოდა. მარიამი თუ ვერ მოასწრებდა დაბრუნებას, მაშინ მთვარეზე მანამ დარჩებოდა, სანამ ვინმე უკან არ დააბრუნებდა, ალბათ ვინმე მთვარეული, როგორც გიომ უთხრა. ღამურები კი მარიამს მთვარეზე არ უნახავს, იმიტომ რომ მთელი ღამე ეძინა და დახუჭული თვალებით აბა რას დაინახავდა?!