I -
დედინაცვალი ექვსი წლის ვიყავი, დედა რომ გარდამეცვალა. მამაჩემმა ცოლად მისის ბერკი შეირთო. დედინაცვალი ბოროტი და ეშმაკი ქალი გამოდგა. მუშაობით სულს მხდიდა: ჭიდან წყალს მაზიდვინებდა, სახლს მალაგებინებდა, საყიდლებზე დუქანდუქან დამარბენინებდა. ბავშვიც ჩემი მოსავლელი იყო, საჭმელი კი არ ემეტებოდა. ყოველ დილით მამა სახარჯო ფულს უტოვებდა. ის ამ ფულით არაყს ყიდულობდა. გალოთებული უსასმელოდ ერთ დღესაც ვერ ძლებდა. დუქანში მონარჩენ, ხორცგაცლილ ძვლებს მაყიდვინებდა, მამას კი ატყუებდა, სადილად ესღა დაგვრჩაო.
მამა შებინდებისას ბრუნდებოდა. ბაზარში მწვანილს ჰყიდდა. მთელი დღის შრომით მოქანცულს შინ ცხელი კერძი ხვდებოდა. მე კი, ძალიან ხშირად, დილიდან საღამომდე, პურის ქერქის ანაბარა ვიყავი, ამიტომ ხორცის დანახვაზე პირწყალი მომდიოდა. დედინაცვალი თვალს თუ შეასწრებდა, როცა მამაჩემი თავისი თეფშიდან რაიმეს მიწილადებდა, მაშინვე ტყუილებს მოჰყვებოდა:
- ჯეიმს, გენაცვალე, ბავშვს ამდენს ნუ აჭმევ, თორემ მეტი მოუვა და ავად გახდება! საოცრად ხარბი ბიჭია. დღეს სადილზე იმდენი ხორცი გადმოვუღე, ორ კაცს ეყოფოდა.
- უყურე ამ საძაგელს! დამდგარა და პირში ისე მომჩერებია, თითქოს ერთი თვეა არაფერი ეჭამოს, მსუნაგო შენა! გასწი, ახლავე დაიძინე, ვიდრე არ გამიწკეპლიხარ! - მიყვიროდა მამაჩემი.
ცარიელი კუჭით ვწვებოდი. თავის გასამართლებლად სიტყვასაც ვერ ვამბობდი.
ერთხელ დედინაცვალს ვიღაც ქალი ესტუმრა და სადილვახშმისთვის დატოვებული ფული სასმელში დახარჯა. როცა სტუმარი წავიდა და დედინაცვალი ცოტათი გამოფხიზლდა, შიშმა აიტანა: იცოდა, მამაჩემი ძალიან გაჯავრდებოდა, როცა გაიგებდა, რომ მან ოჯახი უსადილოდ დატოვა. მეტი გზა არ იყო, ვახშმისათვის ფული როგორმე უნდა ეშოვნა. მაგრამ როგორ?
დედინაცვალი ტიროდა და საცოდავი ხმით მოთქვამდა:
- რა ვქნა მე უბედურმა? სადაცაა მამაშენი მოვა, ჯიმ, საყვარელო, გესმის?! მე კი ვახშამს ვერ დავახვედრებ! ცემით მომკლავს!
მისმა ცრემლებმა ამაღელვა. ხოლო, როცა ალერსიანად მითხრა: ჯიმ, საყვარელოო, გული ისე მომილბო, დედინაცვალთან მივედი და დამშვიდება დავუწყე. ვეკითხებოდი, იქნებ რაიმეში გამოგადგემეთქი.
- ჯიმ, ამას მხოლოდ სიტყვით მეუბნები, გულში სულ სხვას ფიქრობ. მართალი ხარ. აბა, როგორ შეგებრალები: მუდამ ცუდად გექცევი! ოჰ, ნეტავ ახლა გადავრჩებოდე და ამის შემდეგ თითსაც არ დაგაკარებ!
ამ სიტყვებმა უფრო მეტად ამიჩუყა გული.
- მითხარით ოღონდ, რით დაგეხმაროთ და ყველაფერს გავაკეთებ, - ვარწმუნებდი.
- დახმარება, რა თქმა უნდა, შეგიძლია, მაგრამ არ მინდა გთხოვო. აი, ეს პენნახევარი გქონდეს და რაშიც გინდა, დახარჯე.
მისმა ხელგაშლილობამ გამაოცა და მეტი თავგამოდებით დავუწყე ხვეწნა, მითხარით, რით დაგეხმაროთმეთქი.
- აი, რა, ძვირფასო, - როგორც იქნა ხმა ამოიღო მისის ბერკმა. - მამაშენს უთხარი, რომ მე ფული მოგეცი და შენი დაიკოს წამლის საყიდლად აფთიაქში გაგგზავნე, ჰოდა, ვითომ გზაში ეს ფული დაკარგე. ჯიმ, საყვარელო, ამის თქმა ხომ არ არის ძნელი?
- მერე, მამამ რომ მცემოს?
- რას ამბობ, საყვარელო, ეგ როგორ მოხდება? მე ხომ აქ ვიქნები! მამაშენს ვეტყვი, გზაში ერთი ახმახი ვიღაც დასჯახებია, ხელი გაუკრავს, ფული გამოუტაცია და გაქცეულამეთქი. ასე რომ, შენ ბრალი არაფერში დაგედება. მამაშენი არა გცემს, დარწმუნებული იყავი! ახლა წადი და გაისეირნე, მაგ პენნახევრით რაც მოგეწონოს, ის იყიდე.
წავედი, მაგრამ გულში მაინც მოუსვენრობას ვგრძნობდი. შინ მისვლას განგებ არ ვჩქარობდი, რომ დედინაცვალს მამაჩემისთვის ამ ამბის თქმა მოესწრო.
როცა დავბრუნდი, მამა კარებში ტყავის ქამარმომარჯვებული დამხვდა.
- მობრძანდი, არამზადავ! - დამიყვირა და ყურში ხელი ჩამავლო. - ჩემი ფული სად არის, რა უყავი? ახლავე თქვი!
- დავკარგე, მამა! - შეშინებულმა ჩავილაპარაკე და მისის ბერკს მუდარით შევხედე. მისგან გამოსარჩლებას ველოდი.
- დაკარგე? მაინც სად დაკარგე?
- პოლისთვის წამლის საყიდლად მივდიოდი, უცებ ვიღაც დიდი ბიჭი მეცა, ფული ხელიდან გამომგლიჯა...
- ხომ არ გგონია, მაგ შენი ზღაპრებისა მჯერა! - დამიღრიალა ბრაზისაგან გაფითრებულმა მამამ.
მის უნდობლობას დიდად არ გავუკვირვებივარ, მაგრამ თავზარი დამეცა, როცა დედინაცვალმა დამცინავად ჩაილაპარაკა:
- ჰო, მეც ასეთი ტყუილი მითხრა. ერთი ისიც ჰკითხე, ჯეიმს, აქამდე სად დაეხეტებოდა ან წინსაფარზე ცხიმის ლაქები რატომ აჩნია?
წინსაფარზე იმ მსუყე ღვეზელის ლაქები მართლა მაჩნდა, მისის ბერკის მოცემული პენნახევრით რომ ვიყიდე.
- უჰ, შე გაიძვერა, ქურდო! - დამიღრიალა მამაჩემმა. - ფული მომპარე და დახარჯე კიდეც?!
- ჰო, ჯეიმს, გირჩევ, ერთი კარგად გაწკეპლო. - თქვა იმ ცბიერმა ქალმა.