თავი პირველი -
ს ო ფ ე ლ შ ი მე ქუჩაში ნაპოვნი და სხვისი აღზრდილი ვარ. რვა წლამდე მეგონა, სხვა ბავშვებივით დედა მყავდა. ავტირდებოდი თუ არა, ვიღაც ქალი ნაზად ამიყვანდა ხელში, მომეფერებოდა და მეც იმწამსვე ვჩუმდებოდი.
საღამოს, ძილის წინ, მაგრად ჩამიკრავდა გულში და ხვევნაალერსით ჩამაძინებდა.
დეკემბრის ცივ ღამეებში, როცა ჩვენი ქოხის ყველა ფანჯარას ყინვა მოხატავდა, ეს ქალი მომიჯდებოდა გვერდით, გაყინულ ფეხებზე ხელს მისვამდა, მათბობდა და თან ტკბილად დამღიღინებდა.
ეს სიმღერა დღესაც მახსოვს.
როცა მინდორში დავდიოდი და ძროხას ვმწყემსავდი, თუ უცებ ქარიშხალი მოგვისწრებდა, ეს ქალი მაშინვე ჩემთან გაჩნდებოდა, თბილ ტანსაცმელს ჩამაცმევდა და გაცივებას გადამარჩენდა.
თუ ჩემს ტოლამხანაგებთან რაიმე უსიამოვნება მომივიდოდა, იქაც ის იყო ჩემი ქომაგი. მოვიდოდა, საქმის გარემოებას გამომკითხავდა, ნუგეშისცემით დამამშვიდებდა და რაღა გასაკვირია, თუ საკუთარ დედად მიმაჩნდა.
მაგრამ ბოლოს გავიგე, რომ ნაშვილები ვყავდი.
მე აღვიზარდე სოფელ შავანონში, საფრანგეთის ერთერთ უღარიბეს სოფელში. თუმცა მცხოვრებნი შრომისმოყვარენი არიან, მიწაა მწირი და უნაყოფო, ამიტომ მოსავალიც ნაკლები იცის. ახლომახლო ნაკელიც არ იშოვება, რომ ადამიანმა ნიადაგი გაანოყიეროს.
ამიტომაც ამ სოფლის გარშემო არსად არის ხეირიანად დამუშავებული ადგილები. ყველგან ვეებერთელა მინდვრებია. მხოლოდ აქაიქ თუ მოგხვდებათ თვალში ბუჩქნარი. ბუჩქნარს რომ გაშორდებით, თვალუწვდენელი ველები იწყება, სადაც ხესაც იშვიათად ნახავთ.
სამაგიეროდ, მდინარის ნაპირებზე გაშენებულია დიდებული წაბლნარი და აღმართულია მამაპაპური მუხები.
ერთს ამგვარ ადგილას, მდინარის პირას იდგა პატარა ქოხი.
აი, ამ ქოხში გავატარე ჩემი სიყმაწვილე.
რვა წლისა ისე შევიქენი, ჩვენს სახლში მამაკაცი არ მინახავს. ეს კი ვიცოდი, რომ ჩემი დედობილი ქვრივი არ იყო. მისი ქმარი კალატოზი ყოფილა და სამუშაოდ პარიზს წასულა. ჩემს აღმზრდელს ხშირად მოსდიოდა მი
სი ამბავი. ჩვენს სოფლელ მუშებს მოჰქონდათ მისი წერილები, ხან კი ფულიც.
- ქალბატონო ბარბარენ! - ეტყოდნენ ხოლმე ჩამოსული მეზობლები, - თქვენმა ქმარმა მოგიკითხათ, კარგად არის და კაი სამუშაოც აქვს.
ქალი ამით კმაყოფილდებოდა. ქმარი კარგად ჰყავდა, სამუშაოც ჰქონდა და ცოტაოდენ ფულსაც უგზავნიდა. საჯავრო რაღა გვაქვსო, იტყოდა ხოლმე თავისთვის.
ერთხელ, ნოემბრის თვეში, ჩვენს ჭიშკართან ვიღაც უცნობი შეჩერდა. მე იქვე ვიდექი და ფიჩხს ვამტვრევდი. უცნობმა დიდხანს მიყურა, ოღონდ ხმა არ გამცა. ბოლოს მკითხა:
- დეიდა ბარბარენი აქა დგას?
- დიახ, ბატონო! მობრძანდით!
უცნობმა ჭიშკარი გააღო და ნელი ნაბიჯით შემოვიდა ეზოში.
ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს ტალახში ასე ამოსვრილი კაცი. თავიდან ფეხებამდე გათხუპნულიყო. ტანისამოსზე ალაგ გამხმარი და ალაგ ისევ სველი ტალახი ეცხო. შორიდან მოსული ჩანდა, ეტყობოდა, ცუდი გზებით ევლო.
დედა ბარბარენმა მოჰკრა თუ არა ყური ჩვენს მუსაიფს, გარეთ გამოვარდა. კართან ეს უცნობი დახვდა.
- პარიზიდან ახალი ამბავი მოგიტანეთ, - უთხრა უცნობმა.
პარიზიდან ამბავი ხშირად მოგვდიოდა, მაგრამ როგორც უცნობის ლაპარაკიდან ჩანდა, კარგი ამბავი არ მოეტანა.
- ოჰ, ღმერთო ჩემო! - შეჰკივლა დედამ და შუბლზე ხელი შემოიკრა, - ჟერომს ხომ არაფერი შეემთხვა?
- ნუ გეშინიათ. თქვენი ქმარი, მართალია, ძლიერ დაიმტვრა, მაგრამ ცოცხალია. სიკვდილს გადარჩება, დამახინჯდება კი. ახლა საავადმყოფოშია. ორივენი ერთ ოთახში ვიწექით. მე უკვე შინ მივდივარ. როცა აქეთ მოვდიოდი, მთხოვა თქვენთან შემომევლო და მისი ამბავი გადმომეცა. აი, მეც შევუსრულე თხოვნა. მშვიდობით, მაგვიანდება. ოცი ვერსი კიდევ მაქვს გასავლელი და, ხედავთ, უკვე ღამდება...
დედა ბარბარენს უნდოდა დაწვრილებით შეეტყო, რა შეემთხვა ქმარს და უცნობს სთხოვა:
- ბატონო, ჩვენთან დარჩით, ბნელი ღამეა. როგორც ამბობენ, გზის პირას ტყე სავსეა მგლებით. ღამით მგზავრობა ძლიერ საშიშია. რატომ იჭირვებთ საქმეს?! ამაღამ აქ მოისვენეთ და დილას წაბრძანდით!
დედა ბარბარენის ტკბილმა სიტყვებმა სტუმარი მოალბო და ღამის გასათევად ჩვენთან დარჩა. დაჯდა ცეცხლის პირას და ვახშმის დროს ყველაფერი დაწვრილებით გვიამბო.
- თქვენი ქმარი ხეტყის ქარხანაში მსახურობდა. ერთ დღეს ჩამოინგრა დაწყობილი მორები და თქვენი ქმარი ქვეშ მოიყოლა. თუმცა მორებიდან ძლივს გამოათრიეს, სასიკვდილოდ მაინც არ დაშავებულა, მხოლოდ საშინლად დამტვრეულია და გალახული. როდესაც დასახიჩრებისათვის დახმარების მიცემაზე მიდგა საქმე, ქარხნის პატრონმა აქეთ უთხრა საყვედური
და გაუწყრა: იქ დადგომა არავის უბრძანებია, შენი ნებით მიხვედი და ფულის თხოვნის უფლება არა გაქვსო.
კაცს რომ ბედი არ ექნება, სწორედ ეს არის! საბრალო თქვენი ქმარი, საცოდავი ჟერომი! მის ადგილას სხვა, უფრო მოხერხებული