მე მიყვარს ძველი ნივთები. ისინი უამრავ ისტორიას ინახავენ, ზოგიერთი მათგანი საიდუმლოსაც კი.
ერთხელ, როცა პატარა ვიყავი, მშობლებმა ფოტოსურათის გადასაღებად წამიყვანეს. პატარა, მაგრამ საკმაოდ მაღალ სკამზე ვიჯექი, დიდი ძველი ფოტოაპარატის წინ და მოხუცმა ფოტოგრაფმა მითხრა:
— აქეთ გამოიხედე, ახლა ფოტოაპარატიდან ჩიტი გამოფრინდებაო. ამ დღეს აღმოჩენა გავაკეთე. მივხვდი, რომ დიდ, ძველ ფოტოაპარატებში ჩიტები ცხოვრობენ.
ცისფერთვალება თამთასაც აქვს ძველი ფოტოაპარატი. მაგრამ მის ფოტოაპარატში, ჩიტის ნაცვლად, პატარა ხოჭო ცხოვრობს. ხოჭოს ძალიან მოსწონს თავისი სახლი, მას უყვარს დიდი ფანჯრიდან იმ ხალხის თვალიერება, რომელთაც თამთა სურათებს უღებს. იგი ფრთხილად აკვირდება ხოლმე, როგორ ცდილობენ ადამიანები იმაზე უფრო კარგები გამოჩნდნენ, ვიდრე სინამდვილეში არიან.
ეს ხოჭო დიდი ხუმარა ვინმეა, და ხშირად თამთას მიერ გადაღებულ სურათებს ათასგვარ რაღაცებს ახატავს. მაგალითად, მამაკაცებს ულვაშებს ან უზარმაზარ სათვალეს, მანდილოსნებს კი ბუმბულებიან შლაპებს ან ფერად, ღილებს...