თავი 1
- თათა, ლევანი აღარ გვყავს... - სატელეფონო ზარი და წინადადება, რომელმაც ყველაფერი შეცვალა...
მაგრამ, ალბათ, მაინც აჯობებს, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. თავიდან თუ არა, იმ დღიდან მაინც, ყურებამდე შეყვარებულმა თვრამეტი წლის თათამ ქორწინების დამადასტურებელ მოწმობას რომ მოაწერა ხელი და მაშინ ერთი წამითაც ვერ წარმოიდგენდა, ათი წლის შემდეგ, როგორც მინიმუმ, ისევ ყურებამდე შეყვარებული თუ აღარ იქნებოდა. ვერ წარმოიდგენდა ბევრ სხვა რამესაც და მათ შორის ოჯახის დანგრევა, ალბათ, პირველ ადგილას იდგა. ოჯახის...
ვერ წარმოიდგენდა, თუ შეიძლებოდა ცხოვრება მსგავსად შემოტრიალებოდა.
ვერ წარმოიდგენდა, თუ შეიძლებოდა მარტო დარჩენილიყო.
ვერ წარმოიდგენდა, თუ შეიძლებოდა ამის დამალვა დასჭირვებოდა.
ვერ წარმოიდგენდა, თუ შეიძლებოდა მანიპულაციის მსხვერპლი გამხდარიყო.
ვერ წარმოიდგენდა, თუ შეიძლებოდა ხელ-ფეხი ისე ჰქონოდა შეკრული, გამოსავალი არ არსებულიყო.
ვერ წარმოიდგენდა, თუ შეიძლებოდა ყველაფერს შეჰგუებოდა და აღარ ებრძოლა.
ვერ წარმოიდგენდა, თუ შეიძლებოდა ასეთი მორჩილი და უუნარო გამხდარიყო.
ათი წლის წინ, ალბათ, ვერც იმას წარმოიდგენდა, ერთ დღესაც იმ ადამიანის მამას თუ დაიტირებდა მთელი გულით, ვინც იმ წამს ყველაზე მეტად ეზიზღებოდა და ეგონა, რომ მისთვის ყველაფრის გასაფუჭებლად გაჩნდა ამ ქვეყანაზე.
მაგრამ...
იმდენი რაღაც შეიცვალა. იმდენი ვიღაც შეიცვალა და მათ შორის თათაც.
მართლა დამოუკიდებელი ცხოვრება რომ დაიწყო და ლევანი ისე დაეხმარა, თავიდან ვერც ხვდებოდა, ამას მამამისთან მეგობრობის გამო თუ აკეთებდა, არასდროს დაივიწყებდა იმ პერიოდს. მისი თავდაჯერებულობა სადღაც გამქრალიყო, მობუზული, თითქოს შეშინებულიც რომ მივიდა გასაუბრებაზე და არც ჰქონია რაიმეს იმედი. არც პირველი იყო და ეგონა, უკანასკნელიც არ იქნებოდა. ყველგან კომიკურ სიტუაციაში ვარდებოდა, მის გვარს როცა იგებდნენ და ეჭვის თვალით უყურებდნენ. ლევანს არაფერი უკითხავს, საერთოდ არ შეხებია ამ თემას და სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ ერთწლიანი ხელშეკრულება რომ შესთავაზა, მხოლოდ მოგვიანებით და ისიც შემთხვევით აღმოაჩინა, ლევან გასვიანი და მამამისი ძველი მეგობრები რომ იყვნენ.
ლამის გაგიჟდა. ისე მოტყუებულად და იმავდროულად, დამცირებულადაც იგრძნო თავი. გოგოს დამოუკიდებელი ცხოვრება უნდოდა, გარშემო ყველას და პირველ რიგში საკუთარ თავს უმტკიცებდა, რომ ამას შეძლებდა. ამაყად თქვა უარი საქართველოში ერთ-ერთ მოწინავე კომპანიაში მუშაობაზე მხოლოდ იმიტომ, ზურგს უკან ჩურჩული და „თამაზმა საკუთარი შვილი დასვა კაბინეტში“ რომ არ მოესმინა, და მაშინ, როცა ეგონა, რომ ყველაფერი გამოუვიდა, აღმოაჩინა, რომ ეს პოზიციაც მამის დამსახურებით მიუღია...
ისე ეწყინა... ზუსტად ესღა უნდოდა მის თავდაჯერებულობას ბოლომდე ჩამოსანგრევად და მზად იყო, გადახვეწილიყო ქვეყნიდან, ისევ ლევანმა რომ დაანახვა სიტუაცია სხვანაირად.
მართლა განსხვავებულად გულიანი და უშუალო კაცი იყო. მამად ეკუთვნოდა, მაგრამ ისე თავისუფლად ესაუბრებოდა, კარგ მეგობარს შეშურდებოდა. არასდროს უგრძნია თათას მის გვერდით დაძაბულობა. პირიქით, სულ მხარს უჭერდა, ამხნევებდა და მაშინაც, მზად რომ იყო მამისთვის კონცერტები გაემართა და დათვური სამსახურისთვის პასუხი მოეთხოვა, აწეწილი ნერვები ისევ ლევანმა დაუვარცხნა, მუყაოს ყუთში ჩალაგებული ნივთებიც ისევ სამუშაო მაგიდაზე დააბრუნებინა და იმდენსაც მიაღწია, რომ იმ საღამოს ძველი მეგობრის ოჯახში ივახშმა და მამა-შვილი შეარიგა.
არა, არც თამაზთან ჰქონდა ცუდი ურთიერთობა თათას. ცუდი კი არა, მზე და მთვარე ამოსდიოდა მამაზე და განსაკუთრებით მას შემდეგ დააფასა, პატარა ასაკში რომ დაობლდა. მაშინ მიხვდა, ამქვეყნად მხოლოდ ორნი რომ იყვნენ დარჩენილი და მაშინაც კი, ასე რომ ბრაზობდა და გიჟდებოდა, გულის სიღრმეში კარგად ხვდებოდა, თამაზი მხოლოდ მის საკეთილდღეოდ იქცეოდა ასე.
ბევრი წელი გავიდა მას შემდეგ. აღარც რიგითი თანამშრომელი იყო კომპანიაში და ლევანის მარჯვენა ხელადაც მალევე იქცა. „ქალდეას“ მთავარი არქიტექტორის წოდება დამსახურებულად მოიპოვა და შეეგუა იმ ფაქტსაც, რომ შეიძლება თავიდან მართლა მფარველობითა და „ნაცნობობით“ იშოვა სამსახური, თუმცა პოზიცია საკუთარი შრომისმოყვარეობით, ნიჭითა და ძალისხმევით გაიმყარა. სამსახურად ვეღარც აღიქვამდა იქაურობას და ვერც ლევანს უფროსად, მითუმეტეს, შვილსა და ოჯახს მონატრებული კაცი ლამის ყოველ საღამოს თამაზთან ერთად ატარებდა და თათაც პროტესტის გარეშე იღებდა იმ ფაქტს, უკვე „ორ მამას“ რომ უფრთხილდებოდა და უწევდა ანგარიშს.
არც იცოდა, თუ ცუდად იყო. არაფერი შეუმჩნევია. ეჭვიც არ გასჩენია. არც მამას უთქვამს რამე, არც თანამშრომლების ჭორაობისთვის მოუკრავს ყური და არც ლევანი უნახავს უგუნებოდ ან შეწუხებული. იმდენად მოულოდნელად მოხდა ყველაფერი, ისე უცბად...
უკვე დასაძინებლად ემზადებოდა, „მამა“ რომ დაეწერა მობილურის ეკრანს და უცნაურად კი ენიშნა, ასე გვიან რომ ურეკავდა, გულშიც გაჰკრა უსიამოვნო შეგრძნებამ, მაგრამ მაშინაც ვერ იფიქრებდა ამას, როცა უპასუხა და კაცის მძიმე სუნთქვა და ძლივს ნათქვამი წინადადება გაიგონა.
შემდეგ ყველაფერი