თავი 1 გამხდარი, გრძელთმიანი გოგონა ჩაწითლებულ ცისფერ თვალებს შეშინებული ახამხამებდა და ცდილობდა, ტუჩების კანკალი როგორმე შეეჩერებინა, მაგრამ არ გამოსდიოდა. მობუზული იჯდა, აშკარა იყო, რაღაც საშინელი დარტყმისთვის ემზადებოდა. მოპირდაპირედ მჯდარი მისივე ასაკის გოგო კი ისეთი გამეხებული სახით უყურებდა, უსიტყვოდაც ნათელი იყო ყველაფერი.
– ხვდები მაინც, ახლა რა თქვი? – კარგა ხნის ფიქრის შემდეგ მხოლოდ ამის თქმაღა მოახერხა და ისე ამოიოხრა, თითქოს აქამდე სუნთქვაც კი შეკრული ჰქონდა.
– რატომ ვარ ასეთი სულელი... – ხმამაღლა ამოიტირა გრძელთმიანმა და მეგობარს კალთაში ჩაუდო თავი.
– ნიცა, თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ მოგკლა!
– თამო, გეხვეწები, შენ ნუღა დამიმატებ... – სლუკუნებდა ისე, თავიც არ აუწევია. – ისედაც ტვინი ამტკივდა იმაზე ფიქრით, რა ჯანდაბა უნდა ვქნა.
– ახლა გავგიჟდები! – იფეთქა საბოლოოდ. – გოგო, რას ჰქვია, რა უნდა ქნა? ნორმალური თუ ხარ საერთოდ? არა, მართლა გავგიჟდები! – ფეხზე წამოდგა გაცოფებული და წინ და უკან მოჰყვა სიარულს.
ცოტა ხნის წინ, როცა ნიცამ დაურეკა, ხმაზევე შეატყო, რომ ყველაფერი რიგზე ვერ იყო, მაგრამ ამას როგორ იფიქრებდა? აზრადაც არ გაუვლია. ან როგორ ვერ შეამჩნია? სიბრაზისგან სიტყვებსაც ვერ პოულობდა ატირებული მეგობრის დასამშვიდებლად.
ნიცასაც სიკვდილი ერჩივნა ამის თქმას, მაგრამ ცოტაც რომ მოეთმინა, ნამდვილად გული გაუსკდებოდა. როგორ ვერ იფიქრა ამაზე? რატომ იყო ასეთი მიამიტი? ღმერთო, ახლა რა უნდა ქნას? მეგობარს რომ ასეთი რეაქცია ჰქონდა, თვითონ ის რას ეტყვის?
– ალექსს დავურეკავ. – გადაწყვიტა ბოლოს თამომ და ის იყო მობილური უნდა აეღო, რომ გოგონა ხელებში ჩააფრინდა.
– არა! – შეშინებულმა გაიქნია თავი. – ვერ ვეტყვი.
– რას ნიშნავს, ვერ ეტყვი? აბა, რა უნდა ქნა, იჯდე ასე და ცრემლები ღვარო? კეთილი ინებოს და მოგხედოს!
– არა, გთხოვ. ისედაც, მას შემდეგ თავს მარიდებს და რა, ალექსი თუ ეტყვის, მოვა და მნახავს?
– ნიცა, მისმინე, თუ არ მოვა, ყურით მოათრევს, გაიგე? ეს ამბავი მარტო შენ არ გეხება!
– გეხვეწები, არ გინდა... ჯერ ისიც კი არ მომიფიქრებია, რა უნდა გავაკეთო... უბრალოდ, შენთვისაც რომ არ მეთქვა, მართლა მოვკვდებოდი...
– მე მოგკლავდი! – წარბები აუწია და გვერდით მიუჯდა. – კი, შეიძლება სულელურად, დაუფიქრებლად, წინდაუხედავად მოიქეცი, ტვინი არ დააყოლე, რასაც აკეთებდი და სანამ ახლა ფაქტის წინაშე არ დადექი, მანამდე მსგავსზე არც გიფიქრია, მაგრამ რისთვის ვართ მეგობრები? დარწმუნებული ვარ, ალექსიც არ დაიჭერს მის მხარეს.
– მისი მეგობარია...
– და ჩემი შეყვარებული! – წარმოთქვა გადაჭრით.
– გოგოებისთვისაც არ მითქვამს ჯერ... – კიდევ ერთხელ ამოისლუკუნა ნიცამ. – პასუხი ვნახე თუ არა, მაშინვე გამოვიქეცი.
– ისე, იქნებ შეცდა?
– სამივე?
– არა, რაზე ფიქრობდი? – თავი გადაიქნია კიდევ ერთხელ და ფეხზე წამოდგა. – ჩავალ, კიდევ ამოვიტან რამდენიმეს, არაფერი დაშავდება, თუ გადავამოწმებთ...
* * *
უნივერსიტეტში სწავლა ახალი დაწყებული ჰქონდა, როცა პირველად შენიშნა. ძნელიც იყო, თვალი არ მოეკრა, როდესაც ყველასგან გამორჩეული გახლდათ. ზედმეტად სიმპათიური, მხრებამდე სიგრძის ქერა თმით, მწვანე თვალებით, მოვლილი წვერით, გემოვნებით ჩაცმული, ხელში ჩაფხუტით. ნიცასაც მეტი რა უნდოდა? სულელი პირველკურსელი იყო მაშინ... რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ... მთელი ერთი წელი! და მაინც ვერაფრით ამოიგდო სასიამოვნო უცნობზე ფიქრები თავიდან. არადა, ლექციებზეც კი არ ემთხვეოდნენ. ათასში ერთხელ თუ შენიშნავდა ხოლმე უნივერსიტეტის დერეფანში და მაშინვე გული ისე სწრაფად უწყებდა ფეთქვას, ასე ეგონა, მისი ხმა ყველას ესმოდა. ხან რომელიმე ჯგუფელისკენ შეტრიალდებოდა და ლაპარაკს გაუბამდა, ხანაც ლიფტს შეაფარებდა თავს. მაქსიმალურად გაურბოდა, თვითონაც არ იცოდა, რატომ.
ისედაც ცუდად გრძნობდა თავს, რადგან ერთი ნაცნობიც კი არ ჰყავდა ამხელა შენობაში და ამ ყველაფერზე კიდევ ახალი თავის ტკივილის დამატება ნამდვილად არ უნდოდა. რატომღაც გადაწყვეტილი ჰქონდა, პირად ცხოვრებასა და ურთიერთობებს მანამ არ მიხედავდა, სანამ უნივერსიტეტს არ დაამთავრებდა. უფრო სწორად, თვითონ კი არ ფიქრობდა, ბავშვობიდან ასე ასწავლეს, ასე გაზარდეს და ბუნებრივად მიაჩნდა. თითქოს ცხოვრების კანონზომიერება იყო, გოგოს ჯერ ბაღში უნდა ევლო, შემდეგ სკოლაში, სკოლის მერე თუ გათხოვდებოდა, ხომ კარგი, თუ არადა, უნივერსიტეტში ჩააბარებდა, ბოლო კურსის დახურვამდე მხოლოდ სწავლისთვის უნდა დაეთმო დრო და სანამ დიპლომს არ დაიჭერდა ამაყად ხელში, ოჯახის შექმნაზე არც უნდა ეფიქრა. ჰოდა, ამ უცნობმა რომ ასე უცნაურად ააფორიაქა და თან პირველად ხდებოდა ეს მის ცხოვრებაში, ფიქრობდა, უბრალოდ,